მართალია, საქართველომ ნატო-სგან მაპი ვერ მიიღო, თუმცა როგორც სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, ახალი პაკეტის მიღება იგივეა, რაც მაპი ყოველგვარი იურიდიული დოკუმენტების გარეშე.
შეგახსენებთ, რომ უელსში, ნატო-ს სამიტზე, ორგანიზაციის გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველო ალიანსთან თანამშრომლობის ახალ, გაძლიერებულ პაკეტს მიიღებს.
"ჩვენ გავაძლიერებთ ურთიერთობას ნატო-ს პარტნიორებთან, საქართველოს ჩათვლით. ჩვენი თანამშრომლობა ხანგრძლივად გაგრძელდება. 5 სექტემბერს კი ჩვენ თანამშრომლობის ახალ პაკეტს ავამოქმედებთ, საქართველოს თავდაცვის გაძლიერების დასახმარებლად და საქართველოს ნატო-ს წევრობის მოსამზადებლად", – დაწერა ანდერს ფოგ რასმუსენმა "ტვიტერზე".
რას ნიშნავს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა?
როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია განმარტავს, ახალი სამოქმედო პაკეტი გულისხმობს ქვეყანაში გაიხსნას ნატო-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, სადაც მოემზადებიან ნატოელი და პარტნიორი სამხედრო ქვედანაყოფები.
ასევე, ნატო თანხმდება საქართველოს თავდაცვითი შეიარაღების გაძლიერების, მოწოდების, შესყიდვის კუთხით მხარდაჭერა აღმოუჩინოს, რათა საქართველოს ჰქონდეს საშუალებები, თავი დაიცვას აგრესიის შემთხვევაში.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, ნატო-ს მხრიდან ახალი სამოქმედო პაკეტის მიღებას, "ოქროს ბარათის ჯგუფში" მოხვედრა უწოდა, სადაც საქართველოსთან ერთად იორდანია, ფინეთი, შვედეთი და ავსტრალიაც ერთიანდებიან.
მინისტრის თქმით, ეს ქვეყნები უკვე გამოიკვეთნენ, როგორც ყველაზე თავსებადი პარტნიორები.
რა წარმატების მომტანი იქნება "ოქროს ბართის ჯგუფში" მოხვედრა საქართველოსთვის და არის თუ არა ეს წინ გადადგმული ნაბიჯი?
"ნაციონალური მოძრაობის" დროს, პრიორიტეტულად ითვლებოდა მაპის მინიჭება და შემდგომ ნატო-ში გაწევრიანების იურიდიული დოკუმენტის მიღება. ანუ, ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრად გახდომა.
თუ "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდით ვიხელმძღვანელებთ, წინ გადადგმული ნაბიჯები არ გვაქვს, არ გაკეთებულა განცხადება ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, მაგრამ თუ რეალობას შევხედავთ, საქართველოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სადაც მთავარი სამიზნე არის საქართველოს უსაფრთხოება და არა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის წარმატება საგარეო საკითხებში, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების ხარისხმა მოიმატა.
ამას აქვს თავისი მიზეზიც – ომის მიზნებიდან გამომდინარე, იმ დაპირისპირების ფონზე, რაც რუსეთსა და ნატო-ს შორის არსებობს, საქართველოს საჭიროება მისი სამხედრო-გეოგრაფიული თავსალზრისით, გაზრდილია", _ ამბობს "გურია ნიუსთან" სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე და დასძენს, რომ ყოველგვარი იურიდიული დოკუმენტების გაფორმების გარეშეც იგრძნობა, რომ ნატო ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოს უსაფრთხოება უზრუნველყოს და რუსული აგრესიისგან დაიცვას.
ექსპერტის თქმით, ის ტექნიკური დეტალები, რომლებიც განახლებულ პაკეტშია გაწერილი – სასწავლო ცენტრები და მრჩევლების ქვეყანაში ჩამოყვანა, გულისხმობს, რომ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდოს და ქვეყანა ნატო-სთან ინტეგრაციისთვის მზად იყოს.
"სასწავლო ცენტრი პრაქტიკულად მოამზადებს ჯარის კაცებს ოფიცრებს სამხედრო საქმეში, დაეხმარება თანამედროვე ტაქტიკური ილეთების ათვისებაში, ტექნიკის გამოყენებაში.
ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პროცესია, ვიდრე თუნდაც გარკვეული იურიდიული ფორმით მაპის მიღება, რომელიც ფაქტობრივად, იგივეს ნიშნავს. ანუ, მზადყოფნას ნატო-სთან ინტეგრაციისთვის, თავსებადობას. იმ ტექნიკური თუ ორგანიზაციული ცოდნის დაძლევას, რომელიც ქვეყის სამხედრო სისტემას გააჩნია და რომელიც დასაძლევია, რომ ნატო-ს წევრები გავხდეთ", _ ამბობს თავდგირიძე.
"გურია ნიუსთან" საუბრისას იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მაპის მიღება და ახალი სამოქმედო პაკეტის გადმოცემა ერთიდაიგივეა, მხოლოდ დასახელებაა განსხვავებული, რასაც ერთი მიზეზით – რუსეთის შესაძლო რეაქციებით ხსნის.
"როდესაც რუსეთი, ომის მიზნებიდან გამომდინარე, გაცილებით სახიფათოა, ვიდრე ეს იყო 2 წლის წინათ, მაპთან დაკავშირებულმა მკვეთრმა განცხადებამ შესაძლოა რუსეთის პროვოცირება მოახდინოს. ერთი შეხედვით, ავანტურისტული, მაგრამ საკმაოდ სახიფათო.
აქედან გამომდინარე, ნატო-ს მხრიდან ახალი, გაძლიერებული სამოქმედო პაკეტის მიღება, დიპლომატიურად წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ერთის მხრივ აღრმავებს ნატო-საქართველოს ურთიერთობას და მეორეს მხრივ, არც ფორმალურ და არც პრაქტიკულად არ ახდენს რუსეთის პროვოცირებას", _ ამბობს სამხედრო ექსპერტი.