ტელეკომპანია "დიას" ხელმძღვანელი მაია ტატულაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ მას არავინ გაუშვია სამსახურიდან.
მისი თქმით, ის რაც ტელევიზიაში მოხდა,დაგეგმილი იყო.
_ ქალბატონო მაია დღეს ტელეკომპანია “დიას“ თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ასევე, "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნეს, რომ ტელევიზიიდან წამოსვლის მიზეზი ის სამუშაო ხელშეკრულებები გახდა, რომელიც თქვენ მათ ხელმოსაწერად გადაეცით და ულტიმატუმის ფონზე ითხოვდით, დათანხმებოდნენ მოცემულ პირობებს…
_ თქვენი აზრით რა ულტიმატუმი უნდა წამეყენებინა?! აქ იყო საუბარი, რომ უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულებები. მათ ჰქონდათ სერიოზული პრობლემა მეტყველების მხრივ, დამონტაჟებული სიუჟეტებისა და ხარისხის მხრივ. მე მათ ვუთხარი მჭირდება ხალხი, რომლებიც განვითარდება და ჩემს ტელევიზიაში დარჩებოდა, ანუ დარჩებოდა ჩემი ერთგული. მოვიწვევდი ტრენერებს, ვასწავლიდი მათ, მაგრამ მე უნდა მცოდნოდა ისინი არ წავიდოდნენ კონკურენტ მედია ორგანიზაციებში.
კონტრაქტში იდო ასეთი მუხლი, რომ თუ ისინი ჩემთან აიმაღლებდნენ განათლებას და ამის შემდეგ ვინმე წავიდოდა ჩემგან, მაშინ მათ 3 წელი არ ექნებოდათ უფლება კონკურენტ ორგანიზაციაში მუშაობის. მე მინდოდა ჩემთვის ერთგული ხალხი, რომელიც განვითარებაზე და წინსვლაზე იმუშავებდა. მათ ვერ დაინახეს თავიანთი თავი, განვითარება და სწორედ ეს იყო, რაც მოხდა. მე მინდოდა უფრო თანამედროვე და კარგი ტელევიზია ყოფილიყო.
_ ქალბატონო მაია, ნინო ჩიბჩიური, მახო მიქელაძე წლებია მედიაში მუშაობენ და ასევე, როგორც ცნობილია ხშირად გადიოდნენ ტრენინგ-კურსებს, ეს მაინც არ იყო თქვენთვის საკმარისი?
_ ისინი არ იყვნენ მის სიმაღლეზე. ტელევიზიის ნიუსები უნდა იყოს ისეთ ვიზუალში, სადაც ადამიანები ელემენტარულად, ნორმალურად უნდა ლაპარაკობდნენ. ამბიცია მქონდა შემექმნა კარგი და ძლიერი ტელევიზია, ვაკეთებდი ძალიან თანამედროვე ტელევიზიას. ყველაფერი ჰქონდა ამისთვის, იმაზე მეტს ვუხდი ანაზღაურებას, რაც სხვა რეგიონულ ტელევიზიებშია.
_ ეს ხალხი, რომლებიც დღეს აღარ აპირიბენე თქვენთან მუშაობას, დიდი ხანი იყვნენ თქვენი თანამშრომლები…
_ ჩემი მიდგომა იყო ასეთი: დავიწყოთ, მაგრამ ამავე დროს უნდა ვიფიქროთ განვითარებაზე და წინსვლაზე. მე მათ შევთავაზე ეს სიტუაცია, მაგრამ ეს შემოთავაზება არ მოეწონათ. ისინი მე არ გამიშვია. ეს იყო საქმიანი კონტრაქტი.
_ "დიას" ჟურნალისტები ხელშეკრულებაში მოყვანილ პუნქტებს ტელევიზიის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ…
_ საიდან მოიტანეს პოლიტიკური ინტერესები? ჩემი მოთხოვნა იყო ტელევიზია უნდა იყოს დაბალანსებული და ობიექტური.