"გურია ნიუსში"გამოქვეყნებულ სტატიას _ "3280-ლარიანი "უფროსის მაგიდა", "პირადი" კომპიუტერები და ტელეფონების მოყვარული ჩინოვნიკები" _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე და მისი მოადგილე ზვიად აფხაზავა გამოეხმაურნენ.
_ 1640-ლარიანი სამეული შეძენილია დავით პეტრიაშვილის თავმჯდომარეობის დროს. ხოლო 1000-ლარიანი საოფისე კარადა შეძენილია არა თავმჯდომარის პერსონალური მოხმარებისთვის, არამედ საკრებულოს მასალების გასათავსებლად, _ აღნიშნა ჩიტიძემ.
ზვიად აფხაზავას ინფორმაციით, 2009 წელს შეძენილი 1436-ლარიანი კომპიუტერი და მობილური ტელეფონი "ნოკია" მას არ შეუძენია:
_ 1436-ლარიანი კომპიუტერი და მობილური ტელეფონი "ნოკია" 2009 წელს შეძენილი იყო წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისთვის, შემდგომში კი გადაეცა საკრებულოს აპარატს, რომელსაც იმ პერიოდისთვის კომპიუტერი სჭირდებოდა. ამდენად, მე არ ვსარგებლობდი მასალაში ჩამოთვლილი მოწყობილობებით. რაც შეეხება მაგიდას, იგი ნამდვილად გადაეცა მუნიციპალიტეტს საჩუქრად, და რაც მთავარია, ყველაფერი დარჩა მუნიციპალიტეტის განკარგვაში, _ გვითხრა აფხაზავამ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი განმარტება "გურია ნიუსს" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი მოწვევის საკრებულოში არავინ გაუკეთა. უფრო მეტიც, მიუხედავად კანონიერი თხოვნისა, საკრებულომ შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ მოგვაწოდა და მხოლოდ ის განმარტა, რომ დოკუმენტები მოსაძიებელი იყო. თუმცა, მას შემდეგ თითქმის ერთი თვე გავიდა და არანაირი დოკუმენტაცია არ მიგვიღია. შესაბამისად, იმის გადამოწმება, თუ ვის ჰქონდა მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონება 2009-2012 წლებში, შეუძლებელია. საკრებულოდან მიღებული მონაცემებით მხოლოდ ის ირკვევა, თუ რა რაოდენობის ქონებაა შეძენილი აღნიშნულ წლებში და ვისთვის (პიროვნებების მითითების გარეშე). სახელობითი განმარტებები მხოლოდ 2013 წელში შეძენილ ქონებაზეა გაკეთებული, თუმცა, დოკუმენტაცია არც გასული წლის შესყიდვებზე მოუწოდებიათ.