პირველი, რაც მმართველმა პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებისთანავე დაიწყო, სამსახურებში რეორგანიზაციებია _ წინა მთავრობის დროს კადრები ძალიან იყო გაბერილიო.
რეორგანიზაციის პირველი ქარ-ცეცხლი საჯარო მოხელეებს აწვნიეს, თუმცა, თითქმის ორთვიანი ჯახირის შემდეგ აქაც ყველაფერი ბურუსითაა მოცული _ ზოგი სახლში გაუშვეს, თქვენი შტატი გაუქმდაო; ზოგი კი ახალი კადრით ჩაანაცვლეს, ოღონდ ნამეტნავად თვალში საცემი რომ არ ყოფილიყო, თანამდებობას სახელი შეუცვალეს; ზოგიც დღემდე სახლში გაშვების მოლოდინში განაგრძობს მოვალეობის შესრულებას.
რა შეიცვალა? ერთი წავიდა, მის მაგივრად მეორე მოვიდა. ასე რომ, ამ ეტაპისთვის არც სკამი გათავისუფლდა და არც ბიუჯეტში დაიზოგა თანხები. მმართველი გუნდი პირობას დებს, რომ საჯარო სამსახურებში რეორგანიზაცია თვის ბოლოსთვის დასრულდება.
თუ საჯარო სამსახურებში შემცირებების დირექტივა ზემოდან მოდის, არაკომერციული (არამომგებიანი) იურიდიული პირებში შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა _ მათი საქმიანობა და მართვა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ პირდაპირ ექსკლუზივად ითვლება და აქ მიმდინარე ცვლილებების "კეთილი ნება" ადგილზევე უნდა ვეძებოთ.
ა.(ა)ი.პ.-ებში რეორგანიზაცია პირველად "საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიით" დაიწყეს. როგორც მოვლენები ცხადყოფდა, კობა მირზაშვილი, რომელიც კლუბს 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა, ჩვენი წყაროს თქმით, მმართველი ძალისთვის არასასიამოვნო კადრი იყო და იგი გოგი ფაცურიათი ჩაანაცვლეს, რომელიც მანამდე მუნიციპალიტეტის აუდიტის სამსახურს ედგა სათავეში. წყაროს თქმით, აღნიშნული ცვლილებით "ორი ჩიტი მოიკლა" ერთდროულად _ მირზაშვილიც სახლში გაუშვეს და ფაცურიაც ჩამოაშორეს აუდიტის სამსახურს.
შემდეგ ჯერი საკმაოდ "მსუყე" ბიუჯეტის მქონე ა(ა)ი. პ-ზე _ "სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრზე" მიდგა და სამსახურის უფროსის სავარძელიც საკმაოდ ხავერდოვნად გადაიბარეს, თუმცა, მოვლენები საკმაოდ არახავორდოვნად მიმდინარეობს. ჩვენი წყარო ამტკიცებს, რომ აღნიშნულ სამსახურში დიდი საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი, თვით დამლაგებლის დონემდეც კი.
ამით ყველაფერი არ დამთავრებულა _ რეორგანიზაციის მოლოდინშია ა (ა)ი.პ.-ების მთელი კასკადი. წინასწარი მონახაზით, გამგებელმა თხოვნით მიმართა საკრებულოს ექვსი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების: მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის, ცენტრალური ბიბლიოთეკის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ცენტრის, მ. ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლის, სუფსის სამუსიკო სკოლისა და სამხატვრო სკოლის რეორგანიზაციის შესახებ. ასევე წინასწარი მონახაზით უნდა გაერთიანდეს შპს "ლანჩხუთი-სერვისი" და ორი ა (ა)ი.პ.-ი: ტურიზმის განვითარების ცენტრი და აგრო-ბიზნეს ცენტრი.
ამას გარდა, ბევრისთვის, მათ შორის კანონში კარგად ჩახედულ პირებისთვისაც კი, წარმოუდგენელია როგორ უნდა მოხდეს, რამდენიმე სამსახურის გაერთიანება რეორგანიზაციიის საფუძველზე, ლიკვიდაციის გარეშე, თითოეულ სამსახურს ხომ ცალკე ბუღალტერია აქვს, ცალკე შესყიდვები, ცალკე კოდი და ასე შემდეგ. თუმცა, რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, თურმე, საჯარო რეესტრი რეგისტრაციაში გაატარებს და ყველაფერიც ამით დამთავრდება _ ექვსი გადაიქცევა ერთად.
ასე რომ გავაგრძელოთ, ბევრმა ისიც ვერ გაიგო, რატომ გადაეცა ბიუროს წინასწარ განსახილველად ის საკითხები, რომლებიც, როგორც შემდგომ გაირკვა, არ იყო ჯეროვნად მომზადებული – პაკეტში არ ჩანდა ცვლილებების ავ-კარგიანობა, ბუნდოვანი იყო მათი მიზანშეწონილობა და ფინანსური დასაბუთება.
აქედან გამომდინარე, ხმები იმის შესახებ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტის დაზოგვა მისთვის არასასურველი კადრების სახლში გაშვებით სურს, საფუძველს მოკლებული არაა.