"მეტრომშენის" წარმომადგენლები, საკუთარ სახლებში შესვლას, რომლებიც მათ სახელმწიფოსგან მეტროში მრავალწლიანი მუშაობის შედეგად გადაეცათ, ვერ ახერხებენ, ვინაიდან იქ სხვა ადამიანები არიან შეჭრილები.
დაზარალებულებმა აქცია ნაძალადევის გამგეობასთან გამართეს. ასევე, შეხვდნენ დიღომში, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებს, რამდენიმე თვის წინ პოლიციაში განცხადებებიც დაწერეს, მაგრამ როგორც თავად ამბობენ, არავინ ყურადღებას არ აქცევს.
"მეტრომშენის" წარმომადგენლებმა, დღეს, ლოტკინის დასახლებაში პოლიციის წინაც გამართეს აქცია. 70-მდე ოჯახმა ამჯერად პოლიციისგან მოითხოვა, თბილისის ზღვის უბნის 204-ე, 205-ე, 225-ე და 226-ე კორპუსებში მდებარე საკუთარ ბინებში შესვლაში დახმარება.
"ლოტკინის პოლიციაში ვიყავით შეკრებილები და ძალიან ცინიკურად დაგვიწყეს ლაპარაკი. ბევრი რომ ვიჩხუბეთ და შევუტიეთ, ბევრნი ვიყავით რაოდენობით, გვითხრეს, რომ თავიდან დაგვეწერა განცხადებები. ვუთხარით, რომ დიდი ხნის წინ გვქონდა დაწერილი განცხადება გამოსახლებაზე და იმაზე რეაგირებას ველოდით. მე, პირადად, 6 თვის წინ დავწერე. იმ განცხადებებს ვადა გაუვიდაო. ამათი იმედი აღარ გვაქვს. მოვილაპარაკეთ, რომ სამშაბათს, ოჯახებში ვინც ვართ, კორპუსებში შევალთ და გამოვყრით ჩვენი ბინებიდან უკანონოდ შეჭრილებს. ერთ-ერთმა ოჯახმა ჩვენიდან საკუთარ ბინაში შესახლებულები გამოყარა და თავად ცხოვრობს. მისულა საპატრულო პოლიცია, მაგრამ საბუთები აჩვენა, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა: ჩემი იყო ბინა და ის დავიკავეო. უკანონო არაფერი ჩამიდენიაო. ჩვენც ეგრე ვიზამთ, ძალით გამოვყრით იმ ხალხს იქიდან. ვერავინ ვერ შეგვედავება", _ ამბობს დაზარალებული ანიკო გოცაძე "გურია ნიუსთან" საუბარში.
ის იმ გაუსაძლის პირობებზეც გვიყვება, რომელშიც ახლა უწევს ცხოვრება:
"რა მდგომარეობაში მიხდება ახლა ცხოვრება, უნდა ნახოთ. ვარკეთილში, საერთო საცხოვრებელში, ბინები დროებით მოგვცეს. წესით, აქ სამი თვე უნდა გვეცხოვრა, მერე უნდა გადავსულიყავით ზღვის ბინებში (ჩემმა ქმარმა 20 წელი იმუშავა მეტროში და სახელმწიფომ იქ მისცა ბინა). სამი თვე კი არა, აქ 22 წელი გავატარე. ჩემს სართულზე 8 ოჯახი ცხოვრობს, 40 კაცი. ამ 40 კაცს ერთი ნიჟარა და ერთი ტუალეტი გვაქვს. წარმოიდგინეთ, ახლა აქ რა მდგომარეობა იქნება. სართულზე გვყავს დაავადებული ხალხი. წარმოიდგინეთ, 40 კაცი რომ ნიჟარაში ხელს იბანს, ახალგაზრდა ადამიანი მიხვალ და დაიბან ხელ-პირს? აუტანელი პირობებია და სხვა ადამიანები, ჩემი ქმრის შრომით მოპოვებულ ბინაში არ მიშვებენ. ეს ბინა მიღებული გვაქვს 1992 წელში, მერე აირია ქვეყანა. მაგრამ 2 წელია, ბინები გაფორმებული გვაქვს. აქ ვარკეთილში, საერთო საცხოვრებლის უფროსობამ დაგვაყენა არჩევანის წინაშე: ვინც ზღვის ბინებში გადავიდოდა, ეს საერთო საცხოვრებელი უნდა დაეტოვებინა, ვინც არ გადავიდოდა – ზღვის ბინები. და ასე გვატერორებდნენ. მთელი ჩემი ახალგაზრდობა ამ საერთო საცხოვრებელში გამატარებინეს, დამაავადეს, ზღვის ბინების გარემონტების და გადმოცემის მოლოდინში და აღარ მეკუთვნის იქ ცხოვრება?", _ ამბობს ანიკო გოცაძე.
ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ იმის გასარკვევად, როდის მოახერხებენ ეს ადამიანები საკუთარ ბინებში შესვლას. ასევე, რა ეტაპზეა საქმის გამოძიება იმის ფონზე, რომ ამ ადამიანებს 6 თვეზე მეტია რაც განცხადება აქვთ დაწერილი.
გარდა ამისა, დაზარალებულები, თუ პოლიცია დროულად არ მოახდენს რეაგირებას და არ დაიწყებს მათ ბინებში შესულების გამოსახლების პროცესს, სამშაბათს საკუთარი ძალებით აპირებენ კუთვნილი ფართების დაკავებას და ასეთ შემთხვევაში როგორი იქნება პოლიციის რეაგირება?
შსს-ს პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ ამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ბინის, ან სხვა საკუთრების უფლების დარღვევას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ შესაძლოა იმ ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს, ვინც ბინებშია შეჭრილი.
დაზარალებულების მხრიდან საკუთარი ძალებით კუთვნილი ფართის დაკავების შემთხვევაში კი, როგორც უწყებაში ამბობენ, "პოლიცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში".