"ნერვიულობის გამო, მუდმივად სახლში ყოფნით გაღიზიანებულმა, თმები საკუთარი ხელით შეიჭრა. ძალიან განიცდის", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას დღის ცენტრი – "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების" ყოფილი აღსაზრდელის დედა მზია ქაჯაია.
საქმე იმაშია, რომ დღის ცენტრში – "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება", რომელიც ბავშვთა ფედერაციის შენობაშია განთავსებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ემსახურება, პატარების ჯგუფი დაიხურა. ოფიციალურად, დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამობისთვის.
შესაბამისად, მშობლები იძულებულები გახდნენ შვილები სხვა ცენტრში წაეყვანათ, თუმცა პრობლემები აქაც გაუჩნდათ.
"როცა ცენტრში გვითხრეს, რომ პატარების ჯგუფი უნდა დაეხურათ, მივედით "ანიკაში", რომელიც ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
თუმცა, მალევე იქიდანაც გამოგვიშვეს, მიზეზად კი ბავშვის ჰიპერაქტიულობა დაასახელეს.
ანანო, ძალიან განიცდიდა ძველ ჯგუფთან დაშორებას, ახალ ადგილს ვერ ეგუებოდა. ახლა სახლში მიზის, უფრო გაღიზიანებულია ამით. ნერვიულობის ნიადაგზე თავისი ხელით შეიჭრა თმები. აღარ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე. თითქმის ყველა ბავშვის, მშობელი, რომლებიც "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების" აღსაზრდელი იყო, ასეთივე მდგომარეობაშია", _ ყვება "გურია ნიუსთან" საუბრისას მზია ქაჯაია.
მისივე თქმით, პრობლემატურია კიდევ ერთი საკითხი – ვაუჩერს, რომელიც ბავშვისთვისაა განკუთვნილი, თუ ერთი თვის განმავლობაში არ მოიხმარს, უქმდება და ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ აღება შეუძლებელია.
"ამ ჯგუფის ყველა აღსაზრდელი ასეთ დღეშია. აგრესიულად იქცევიან, ახალ სიტუაციას ვერ ეგუებიან. ჯანმრთელი ბავშვი შეეგუება სკოლიდან სკოლაში გადასვლას, მაგრამ როგორ გინდა ასეთ მდგომარეობაში ბავშვს რაიმე აუხსნა?!"
აღნიშნული ცენტრის დირექტორი, მაია ბიბილეიშვილი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ სტანდარტები ნამდვილად არსებობს და იურიდიულად აუცილებელია ცენტრი ამას აკმაყოფილებდეს. თუმცა, მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სამსახურს მათთვის არ მიუცია ის გონივრული ვადა, რა დროშიც შეძლებდნენ პრობლემის გადაჭრას.
"იურიდიულად რომ გავყვეთ, ნამდვილად ვერ მიედავები სამინისტროს, რადგან არსებობს გარკვეული სტანდარტები. ბუნებრივია ასეც უნდა იყოს.
თავიდან, პრობლემა შექმნა იმან, რომ მოგვთხოვეს თითო ბავშვისთვის 6 კვადრატული მეტრი ყოფილიყო გამოყოფილი. ეს საკითხი მოგვარდა – პრემიერ-მინისტრმა გადმოგვცა ფართი 5 წლით სარგებლობაში.
თუმცა, ახლა გვეუბნებიან, რომ საპირფარეშოების რაოდენობაა მცირე. ანუ, 15 ბავშვზე 1 საპირფარეშო უნდა გქონდეთო. თუმცა, შენობაში, სადაც ჩვენ ვართ განთავსებული, სართულზე ორი საპირფარეშოა და რეალურად ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
მესმის, რომ ეს იდეალური ინფრასტრუქტურა არაა, მაგრამ აქ ბავშვების ინტერესებზეა საუბარი.
სახელმწიფო თუ გულისხმიერად არ მოეკიდა ამ ადამიანების გულის ტკივილს, არ მოუსმინა, ძალიან რთულია მოქმედება.
გასაგებია რომ სტანდარტები არსებობს, მაგრამ ხომ შეიძლება მიგვითითონ და მოგვცენ გონივრული ვადა ამის მოსაგვარებლად. ამას დრო აუცილებლად სჭირდება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვაუჩერი მხოლოდ 11 ლარიანია და არსებობს უამრავი ფიქსირებული ხარჯი – ოფისის იჯარა, სატრანსპორტო მომსახურება. ცენტრი ვალდებულია შშმ პირებს ტრანსპორტით მოემსახუროს", _ ამბობს ბიბილეიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას.
მისივე თქმით, ცენტრს შეუძლია 20 ბავშვი ისევ მიიღოს, მაგრამ თვითონ ამ საკითხზე აღარ დაობს, რადგან არ სურს ვინმემ პირად ინტერესად ჩაუთვალოს.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი, გია კაკაჩია ამბობს, რომ ცენტრს ოფიციალურად ფართი არ აქვს და სწორედ ამიტომ გაუუქმდათ რეგისტრაცია.
"დაწესებულებას უნდა გააჩნდეს რაღაც ფართი, სადაც ის ფუნქციონირებს. ამ ცენტრში, სტანდარტთან შესაბამისობაში არ იყო ფართი, აქედან გამომდინარე მათ რეგისტრაცია გაუუქმდათ.
რაც შეეხება გონივრული ვადის მიცემას, ორგანიზაციას, რომელსაც ფართობი არ აქვს, ვადას ვერ მისცემ.
ფართი, სადაც ეს ცენტრია განთავსებული, იყო სახელმწიფო დაწესებულების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსი, მათ არ ჰქონდათ ეს ფართი ოფიციალურად გადაცემული და გამოდიოდა, რომ ჩვენ ვაფინანსებდით ჰაერში. ჰაერში კი ჯანდაცვის სამინისტრო ვერაფერს ვერ დააფინანსებს.
თუ მათ ექნებათ ფართი, აღუდგებათ შესაბამისი სერვისის მიწოდების პირობებიც.
ის დრო აღარაა საქართველოში, რომ ნებისმიერი სერვისი დავაფინანსოთ. მინიმალური სტანდარტები უნდა არსებობდეს", _ უთხრა "გურია ნიუსს" კაკაჩიამ.