რა ზიანი მიაყენა სტიქიამ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს; აუნაზღაურდება თუ არა მოსახლეობას მიყენებული ზარალი და შესაძლებელია თუ არა პრევენციული ღონისძიებების გატარება _ ამ თემებზე "Gnews TV"-ის ყოველკვირეულ გადაცემაში _ "კვირის თემა" გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა მერაბ ჭანუყვაძემ და ირაკლი კუჭავამ ისაუბრეს.
უკვე ცნობილია, რომ ოზურგეთისთვის მიყენებული ზარალი 6 მილიონ ლარს შეადგენს, ჩოხატაურში კი თანხა ნახევარ მილიონს გასცდა. ეს მონაცემები სტიქიის მეორე დღესვე გახდა ცნობილი. კითხვაზე, როგორ მოახერხეს ასე სწრაფად ზარალის დადგენა, გამგებლებმა ასე გვიპასუხეს:
მერაბ ჭანუყვაძე: _ ოზურგეთში, სტიქია 24 სექტემბერს დაიწყო და, შესაბამისად, მაშინვე დავიწყეთ მუშაობა. იმავე დღეს შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია. ინფრასტრუქტურის სამსახურმა და გამგეობის თითქმის სრულმა შემადგენლობამ 24-საათიან რეჟიმში იმუშავა. აქედან გამომდინარე, მონახაზი უკვე გვქონდა. სტიქიამ, ძირითადად, რამდენიმე სოფელს შეუტია. ეს იყო სოფელი შემოქმედი, ცხემლისხიდი და ის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც ჩაედინება მდინარე ბჟუჟი და ნატანები. აქედან გამომდინარე, ადამიანების მართლაც თავდაუდებელი შრომის ფასად მოხდა ზარალის სწრაფად დადგენა.
_ ბატონო მერაბ, იმ 6 მილიონში, რომელიც უკვე გამოგიყოთ მთავრობამ, გათვალისწინებულია თუ არა მოსახლეობის დახმარება? ვგულისხმობთ იმ ოჯახებს, რომლებსაც სტიქიამ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საყანე ფართობები დაუზიანა?
_ ჩვენთან ტექნიკა არავის დაზიანებია.
_ ქალაქ ოზურგეთში იყო რამდენიმე შემთხვევა…
_ ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტზე ვსაუბრობთ. ჩვენ შევძელით ამ მხრივ ზარალის თავიდან აცილება. სადაც კი არსებობდა ამის წინაპირობა, ტექნიკა გამოვიტანეთ. ძირითადად, ეზოები დაიტბორა, რამდენიმე ოჯახში დამხმარე ნაგებობები გამოვიდა მწყობრიდან…
_ და ბევრს შინაური ფრინველიც დაეხოცა..
_ კი, იყო ასეთი შემთხვევები, თუმცა, მსგავსი ტიპის განცხადება არ შემოსულა ჩვენთან. მიუხედავად ამისა, არც ერთი ოჯახი არ დარჩება უყურადღებოდ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავის სიცოცხლეს არ შექმნია საფრთხე და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამაში წვლილი შეიტანა, მინდა მადლობა გადავუხადო.
ირაკლი კუჭავა: _ ჩოხატაურში, სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობამ 600 000 ლარს მიაღწია. პირველადი ციფრი ნახევარი მილიონი იყო, თუმცა, დათვლების შემდეგ თანხა გაიზარდა.
_ ეს ის ნახევარი მილიონია, რომელიც როგორც დეპუტატი ჭკუასელი ამბობს, პრემიერს "წაართვა"?
_ ამას თქვენ წერთ.
_ დავწერეთ ის, რაც თემურ ჭკუასელმა გვითხრა…
_ ფაქტი ის არის, რომ არავის არავისთვის წასართმევი არაფერი არ აქვს. პრემიერი დაგვპირდა და ეს თანხა უკვე გამოყოფილია. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული დაზიანებების აღმოფხვრა სწრაფი ტემპით მოხდება. რაც შეხება იმას, თუ როგორ ვთვლით ასე სწრაფად _ ჩვენ, ჩოხატაურელები, ამას მიჩვეულები ვართ, რადგან მესამე თვეა ვმუშაობ და ეს მესამე სტიქიაა. გამოყოფილ თანხაში შედის იმ მოსახლეობის დახმარება, რომლებსაც მეწყერმა დაუზიანა კარმიდამო. გამაგრებით სამუშაოებზეა საუბარი.
_ სოფლის მეურნეობის კუთხით მიყენებული ზარალი არ აუნაზღაურდებათ? ბევრი დარჩა საყანე ფართობის და შესაბამისად შემოსავლის გარეშე…
_ ეს ციფრში, რომელიც მე დავასახელე, არ შედის. ცალკე აღრიცხვამ გვაჩვენა, რომ განადგურებულია, დაახლოებით, ხუთი ჰექტარი ფართობი. ეს ყველაფერი დაფიქსირებული და აღრიცხულია, თუმცა, ვერ გეტყვით აუნაზღაურდება თუ არა ასეთი სახის ზარალი მოსახლეობას.
მერაბ ჭანუყვაძე: _ სოფლის მეურნეობის სამსახურთან ერთად, ამ თემებზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ყველაფერი სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაიგზავნება.
_ ბატონო მერაბ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზარალს არ ანაზღაურებს…
_ ეს ვიცით. ჩვენ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში გავაკეთეთ ყველაფერი. დავთვალეთ, აღვწერეთ და არა მარტო მოსახლეობის განცხადებების საფუძველზე. ადგილებზეც ვიყავით მისულები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად.
_ ბოლო წლებში, სტიქია თითქმის ერთი და იმავე ადგილებს უტევს. პრევენციის მიზნით თუ აკეთებთ რამეს?
ირაკლი კუჭავა: _ წარმოიდგინეთ, რომ მთაში ორი პატარა ღელე, განსაკუთრებული უხვი ნალექების შემთხვევაში დიდდება. ამის პრევენცია შეუძლებელია. თუმცა, ის რომ მოსალოდნელი სტიქიის შესახებ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დღემდე არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა. წინასწარ მიღებულმა ინფორმაციამ საშუალება მოგვცა უფრო მობილიზებულები ვყოფილიყავით.
მერაბ ჭანუყვაძე: _ არის ძალიან ბევრი მდინარე, რომელიც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. განსაკუთრებით კი იმ სავარგულებს, სადაც ეს მდინარეები ჩაედინება. მე ვეთანხმები ბატონ ირაკლის, რომ ამის პრევენცია რთულია. მთავარი ნაპირსამაგრი სამუშაოების გაკეთებაა. ეს ყველაფერი ერთ წელიწადში ვერ მოხერხდება. ამიტომ, ჩვენ, ორწლიან სამოქმედო გეგმაში ყველაფერი გავწერეთ, გეოლოგები ჩავრთეთ საქმეში. აუცილებელია, სამუშაოები მათი დასკვნების საფუძველზე ჩატარდეს. ასევე გაირკვეს, სად უფრო მეტია საფრთხე რომ პრიორიტეტები სწორად დავალაგოთ და სწორად ვიმუშაოთ. მდინარეში ნაგებობების ჩადგმას, შესაძლებელია ახლდეს საფრთხეები, შესაძლებელია, ადრე ჩამოიშალოს, ამიტომაც მოვიწვიეთ სპეციალისტები, რომ მსგავსი შემთხვევები გამოირიცხოს. ოზურგეთში მეწყერსაშიში ადგილებიც ბევრია და ამასაც ვაკვირდებით.
ირაკლი კუჭავას თქმით, ჩოხატაურში, გაკეთებულმა ჯებირებმა სტიქიას გაუძლო, თუმცა, არის ადგილები, სადაც ჯებირების დამატებაა საჭირო, რადგან სტიქიის დროს მიწა ჩამოიშალა.
ამავე საკითხზე "კვირის თემაში" გურიის გუბერნატორმა, გიორგი ჩხაიძემაც გააკეთა კომენტარი, რომლის თქმით, დაპირება, რომ კონკრეტულ ადამიანებს სტიქიისგან მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებდნენ, არასდროს გაცემულა:
_ მე არ მახსოვს ჩვენ მიერ გაცემული არც ერთი დაპირება, რომ მოსახლეობას ავუნაზღაურებდით, კონკრეტულად სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით მიყენებულ ზიანს. ასეთი მძიმე წელი, როგორიც წელსაა საქართველოში, მე არ მახსოვს. არ არსებობს რეგიონი, რომელსაც მასშტაბური ზიანი არ მიადგა. იმ ბიუჯეტით, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს, შეუძლებელია ყველა ზარალის ანაზღაურება. ინფრასტრუქტურის კუთხით, ყველა ზიანი ანაზღაურდა. ასეა ამჯერადაც _ არის საუბარი, რომ რეგიონის მასშტაბით 10 მილიონს სცდება ზარალის ოდენობა. დღეის მდგომარეობით, 13-14 მილიონზეა საუბარი, რაც მთელი გურიის ბიუჯეტის ტოლია. ქვეყანა მზადაა, ეს ანაზღაურება მოახდინოს. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის კუთხით ადამიანებისთვის მიყენებულ ზარალს, ამის ანაზღაურება ძალიან ძნელია. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ძალიან საინტერესო პროექტი დაიწყო _ ვგულისხმობ აგრარული სექტორის დაზღვევას და ეს სამომავლოდ ძალიან კარგი იქნება მოსახლეობისთვის, _ ამბობს გიორგი ჩხაიძე.
_ სანამ მომავალი წლის მოსავალს დააზღვევენ, მანამ რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც დამოკიდებული იყვნენ სიმინდზე, თხილზე… მაგალითად, სოფელ ბუკისციხეში ვენახია განადგურებული, სოფელ სურებში _ თხილი, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ბევრგან საყანე ფართობები…
_ შეფასების თვალსაზრისით, დღეის მდგომარეობით ყანა ყველაზე ნაკლებად ღირებულია…
_ თუმცა, არიან ადამიანები, რომელთა შემოსავლის ერთადერთი წყარო სიმინდი იყო.
_ გეთანხმებით. მე მინდა, რომ ვითარებას ყველა გაგებით მოეკიდოს. ქვეყნის მასშტაბით, ეს ზიანი, რაც უკვე დათვლილია, რამდენიმე ასეული მილიონია. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, მაგრამ, არ მგონია, ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს ამის ანაზღაურება. მუნიციპალიტეტს რაც ქონდა ვალდებულება, ის პირნათლადაა შესრულებული. ზიანი სრულად იქნა დათვლილი და მონაცემები გადაეცა ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელმაც უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ მომენტში მე ჩემს მოსაზრებას ვაჟღერებ იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი ჩემი კოლეგებისგან, რა რაოდენობის ზიანი მიადგა რეგიონებს. ამიტომ მინდა, მოსახლეობამ ზუსტად იცოდეს, რა ციფრებზეა საუბარი. ეს არ არის ადვილად გადასაწყვეტი _ გურიაში, სოფლის მეურნეობის კუთხით 25 მილიონ ლარს ასცდა ზიანი.
_ გვესმის, რომ დიდი ციფრია, მაგრამ მოსახლეობა შემოსავლის გარეშე დარჩენას გაგებით როგორ მოეკიდოს?
_ ნამდვილად მესმის, რომ ძალიან ძნელია თხოვნაც და მოთხოვნაც, რომ გაგებით მოეკიდო შემოსავლის გარეშე დარჩენას, მაგრამ არის მომენტი, როდესაც ფიზიკურად შეუძლებელია რაიმეს გაკეთება. საუბარი არ არის იმაზე, რომ ვინმეს არ აქვს სურვილი, დაეხმაროს მოსახლეობას და ზარალი აუნაზღაუროს. ქვეყანას უნდა ჰქონდეს ამის საშუალება… მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის ის შესაძლებლობები, რაც ქვეყნასა გააჩნია. აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა _ მხოლოდ ჩემს მოსაზრებას ვაფიქსირებ. ჩვენ რაც გვევალებოდა, ის გავაკეთეთ _ ზარალი დათვლილია, გადაგზავნილია ცენტრალურ ხელისუფლებაში და ველოდებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით.