"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე მიმდინარე კვირის ორშაბათ დილით საყდრისის თემით დაინტერესდა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ტელევიზიებისთვის ბრიფინგი მოაწყო.
"მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია ისტორიული ძეგლის, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი მაღაროსა და შპს "RMG Gold"–ის მიერ მიმდინარე სამუშაოების გარშემო. თუმცა არის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებზეც ყურადღება ჯერ არ გამახვილებულა. კერძოდ, თუ რა კანონდარღვევებს ქონდა ადგილი ამ პროცესში და როგორ მოექცა კომპანია "RMG Gold" და მისი საქმიანობა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის ინტერესთა სფეროში." _ განაცხადა გივი თარგამაძემ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვან კანონდარღვევად გივი თარგამაძემ კომპანიისთვის ლიცენზიის მინიჭების საკითხი დაასახელა.
გივი თარგამაძე: " 2012 წელს გაცემული ლიცენზია არ შეიცავდა სამუშაოების უფლებას საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. სტატუსის გაუქმების შემდეგ შეიქმნა მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც ყოფილი ძეგლის ტერიტორიაზე მუშაობის ჩატარების უფლება არავის ჰქონდა. პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით სრულიად უსასყიდლოდ გაუგრძელა შპს "RMG Gold"–ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა 2015 წლის 1 იანვრამდე. ამასთან, ლიცენზია გაუგრძელდა 2006 წლამდე პერიოდის პირობებით. ანუ, ლიცენზია ისევ მოიცავდა სამუშაოების უფლებას საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის იმ ტერიტორიაზე, რომელიც გამოცხადებული იყო ისტორიულ ძეგლად.
ამ უკანონო გარიგებების შედეგად, სახელმწიფომ მილიონობით ზარალი ნახა. შედარებისთვის ვიტყვით, რომ მხოლოდ 2011წლის შემოდგომიდან 2012 წლის გაზაფხულამდე, კომპანიებმა დანარჩენ ზემოთაღნიშნულ ლიცენზიებში, საერთო ჯამში, 204 მილიონი ლარი გადაიხადეს."
იზარალა თუ არა სახელმწიფომ მილიონობით ლარი და გაუგრძელდა თუ არა კომპანიას ლიცენზია უკანონოდ? როგორ ჩატარდა ტენდერი ლიცენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში და რატომ ჩატარდა ლიცენზიის მოპოვებაზე აუქციონი ლიცენზიის ამოწურვამდე ორი წლით ადრე?
"გურია ნიუსი" გივი თარგამაძის მიერ წამოყენებული ბრალდებებით და სააუქციონე ისტორიით დაინტერესდა.
1. როგორც ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, 1994 წელს კომპანია Ltd Trans Georgian Resources-მა, რომლის სამართალმემკვიდრე ახლა "არემჯი გოლდია" სახელმწიფოსგან იყიდა ლიცენზია 20 წლის ვადით. ლიცენზიის ვადა 2014 წლის 7 აპრილს იწურებოდა. ამ პერიოდში, საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის იმ უბანს, რომელზედაც დღეს დავა მიმდინარეობს კულტურული ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა.
2. საბადოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს, კულტურის მინისტრის გიორგი გაბაშვილის ბრძანებით მიენიჭა. შესაბამისად, საყდრისი-ყაჩაღიანის ამ ტერიტორიაზე სამუშაოები შეწყდა.
3. 2006 წლიდან 2013 წლის ჩათვლით, ანუ, 8 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს გადაწყვეტილების გამო, კომპანიამ ვერ შეძლო ნაყიდი ლიცენზიით სრულფასოვნად სარგებლობა.
4. 2012 წლის 18 იანვრის საქართველოს მთავრობის (პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური) N18 განკარგულების საფუძველზე გამოცხადდა სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის სალიცენზიო პირობები. აუქციონის საწყის ფასად 110 000 000 ლარი, ლიცენზიის მოქმედების ვადად 27 წელი, ხოლო ლიცენზიის ძალაში შესვლის თარიღი 2014 წლის 15 აპრილით განისაზღვრა. აღნიშნული ლიცენზია არ მოიცავდა სამუშაოების უფლებას საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა.
აუქციონი წინასაარჩევნოდ _ "არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივნისისა"
საინტერესოა, აუქციონის ჩატარების პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას 1994 წელს აღებული ლიცენზიის ვადა 2014 წლის აპრილის დასაწყისში ეწურებოდა, რატომღაც მთავრობის განკარგულებით გადაწყდა, რომ ახალი ლიცენზია კომპანიას მოქმედი ლიცენზიის ამოწურვამდე ორი წლით ადრე უნდა აეღო. აუქციონი 2012 წლის 29 თებერვალს გაიმართა და საწყისი ფასი განისაზღვრა 110 000 000 ლარის ოდენობით.
ჩამონათვალში, მე-3 პირობად ჩაიდო: "აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული თანხა გადაიხადოს არა უგვიანეს 2012 წლის პირველი ივნისისა". აუქციონის ბიჯი განისაზღვრა 500 000 ლარის ოდენობით, ხოლო "ბე" – აუქციონის საწყისი ფასის 20% -ის ოდენობით.
საინტერესოდ ემთხვევა აღნიშნული დრო 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდს, მაშინ როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად ცდილობდა თანხების აკუმულირებას ბიუჯეტში. თუ როგორ ხდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნოდ, ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს, რომელიც ქვეყნდებოდა როგორც მედიის საშუალებით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში.
საბოლოო ჯამში, 2012 წლის ივნისში, კომპანიამ 110 500 000 ლარი გადაიხადა იმ ლიცენზიის გაგრძელებაში, რომლის ვადაც მას ამოწურული არ ჰქონდა და რომლითაც კიდევ ორი წელი შეეძლო ესარგებლა.
ნიკა გილაურის ზემოაღნიშნული განკარგულების შემდეგ საქართველოს მთავრობის კიდევ მეორე განკარგულება გამოდის 2012 წლის 14 მაისს. სს "მადნეულზე" გაცემულ წიაღით სარგებლობის ლიცენზიაში ცვლილების შეტანისა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრის შესახებ. განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად: "სს "მადნეული" ვალდებულია ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 2012 წლის მაისი – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი, 2012 წლის ივნისი – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი და 2012 წლის ივლისი – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი.
ამ განკარგულების მიხედვითაც გადანაწილებული თანხები ასევე საეჭვოდ ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს.
რატომ ჩატარდა ტენდერი წინმსწრებად? როგორ უნდა მომხდარიყო იმ 8 წლიანი განაცდურის ანაზღაურება ინვესტორისთვის, რომელიც სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად მოხდა? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით გივი თარგამაძეს, რომელმაც საყდრისის თემაზე საკმაოდ ვრცელი განცხადება გაავრცელა. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს, არაერთი მცდელობის მიუხედავად, არ უპასუხა.
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა ასევე კომპანია "არემჯის" სამართლებრივ მრჩეველს არჩილ კბილაშვილს.
კითხვაზე – გაუგრძელდა თუ არა კომპანია "არემჯის" ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ლიცენზია უსასყიდლოდ და ნახა თუ არა სახელმწიფომ ამის შედეგად ზარალი, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა:
"ფაქტი ის არის რომ 2014 წლის 5 აპრილს ღარიბაშვილის განკარგულებით მართლაც გაგრძელდა "არემჯის" ვადა 2015 წლის 1 იანვრამდე, მაგრამ ამ ყველაფერს წინ უსწრებდა შემდეგი გარემოებები: ლიცენზიის ვადა, რომელიც გაგრძელდა, გაცემული იყო 1994 წლის 7 აპრილს და იწურებოდა 2014 წლის 7 აპრილს. ღარიბაშვილის მიერ ვადა გაგრძელდა 8 თვით, რასაც საფუძვლად დაედო კომპანიის თხოვნა.
ლოგიკა ამ ვადის გაგრძელებისა მდგომარეობს შემდეგში: როცა 1994 წელს კომპანიამ მიიღო ლიცენზია 20 წლიანი ვადით, აღმოჩნდა ისე, რომ 2006 წლის 30 მარტიდან 2013 წლის 13 მარტამდე პერიოდში კომპანიას უფლება არ ჰქონდა იქ ეწარმოებინა სამუშაოები, ანუ 8 წლის განმავლობაში საქმიანობის წარმოება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეეზღუდა.
მომავალში სასამართლო რას იტყვის, ეს სხვა საკითხია, მაგრამ იმ მომენტისთვის, როდესაც ღარიბაშვილმა ეს განკარგულება გამოსცა, სამართლებრივად იყო ის მდგომარეობა, რომ საყდრისს ძეგლის სტატუსი არასწორად ჰქონდა მინიჭებული, არაფერი დასტურდებოდა და 8 წელი საწარმო ტყუილად მოცდა. არადა, ლიცენზიაში, რომელშიც ფული იყო გადახდილი, ყიდვის მომენტისთვის ეს სადავო უბანიც შედიოდა. 2006 წელს, სტატუსის მინიჭების შემდეგ სამუშაოები შეჩერდა. აქედან გამომდინარე, საწარმოს თხოვნა გაზიარებული იქნა და მხოლოდ 8 თვით გაუგრძელდა ლიცენზია ნაცვლად 8 წლისა. ისმის კითხვა: რატომ უნდა გადაეხადა ფული კომპანიას იმაში, რაც ერთხელ უკვე გადახდილი ჰქონდა და რამდენად აკომპენსირებდა 8 თვიანი გაგრძელება 8 წლიან განაცდურს? ამას ემატება ისიც, რომ მიუხედავად 8 თვიანი გაგრძელებისა, შედეგი მაინც არ დადგა, იმიტომ რომ დაიწყო სასამართლო დავები. ესეც მხედველობაშია მისაღები.
ბატონი თარგამაძის განცხადებაზე, თითქოს "ამ უკანონო გარიგებების შედეგად, სახელმწიფომ მილიონობით ზარალი ნახა, მას შემდეგ, რაც უფასოდ გასცა ლიცენზია ტერიტორიაზე", შემიძლია გითხრათ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ეფექტის ფონის შექმნისთვის გააკეთა და მეტი არაფერი, არანაირი ფაქტი ამის უკან არ დგას.
რაც შეეხება იმას, რომ 2012 წელს წინასწარ ჩაატარეს ტენდერი იმაზე, რასაც ვადა 2014 წლის აპრილში გადიოდა, ეს ცოტა უცნაურია, არა? თანხის ამოღება და მიღება მოხდა არჩევნებამდე. მე უბრალოდ ფაქტს ვამბობ და შეფასებებისგან თავს შევიკავებ…"
_ ბატონო არჩილ, როდესაც გივი თარგამაძე სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზარალზე საუბრობს, შედარებისთვის მოყავს შემდეგი მაგალითი. მისი განცხადებით: " მხოლოდ 2011წლის შემოდგომიდან 2012 წლის გაზაფხულამდე, კომპანიებმა დანარჩენ ზემოთაღნიშნულ ლიცენზიებში, საერთო ჯამში, 204 მილიონი ლარი გადაიხადეს." ხომ ვერ განგვიმარტავდით, რა თანხაზე საუბრობს ის?
_ გადასახადებს რაც შეეხება, ბატონი გივის განცხადებაში მითითებული 204 მილიონი ლარი წარმოადგენს სალიცენზიო გადასახადს, რომლითაც კომპანიამ შეიძინა ახალი, ოცდაშვიდწლიანი ლიცენზია ოქროსა და სპილენძის მოპოვებაზე და რომლის მოქმედება დაიწყება 2015 წლის 1 იანვარს. ეს არ იყო ეკონომიკური საქმიანობის შედეგად გადახდილი რეგულარული გადასახადი, არამედ წარმოადგენდა ერთჯერად გადასახადს ბიუჯეტში, რომლის შედარებაც ჩვენს შემთხვევასთან არის სრულიად შეუსაბამო და დილეტანტური. ან მიზანმიმართულად გაკეთებული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.
რომ შევაჯამოთ, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საყდრისის თემაზე მოწყობილი ბრიფინგიდან, რომელიც ბატონმა თარგამაძემ გააჟღერა, ორი მიზანი ჰქონდა: პირველი _ მათ ჰქონდათ მცდელობა დამდგარიყვნენ კულტურული ძეგლის დაცვის სადარაჯოზე და მეორე _ სურდათ ეჩვენებინათ სახელმწიფოს საზიანო ქმედებები.
რამდენად უნდა დადგნენ ისინი ამ იდეის სადარაჯოზე მათი ქმედებებიდან და იმ უფლებებიდან გამომდინარე, ასევე იმ ლიცენზიების გათვალისწინებით, რომელიც სააკაშვილის დროს გაყიდეს, ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. უფრო სწორად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ მორალურ სიმაღლეზე ისინი ვერ დადგებიან…
პ. ს. როგორ მოხდა ძეგლის სტატუსის ჯერ მინიჭება და შემდეგ გაუქმება, რა დოკუმენტები არსებობს და რა არ არსებობს და როგორია სპეციალისტების აზრი ამასთან დაკავშირებით, "გურია ნიუსი" სტატიას ამის შესახებ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.