ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე გასულ კვირას დაბა ლაითურის მოსახლეობას შეხვდა.
მაჟორიტარ დეპუტატთან რესან გაბაიძესთან და დაბა ლაითურში გამგებლის წარმომადგენლთან ემზარ ბერიძესთან ერთად, გამგებელი ადგილზე გაეცნო ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს.
ლაითურის მცხოვრებლების ის ნაწილი, რომელიც კორპუსებში ცხოვრობს, დაზიანებული სახურავების შეკეთებას დიდი ხანია უშედეგოდ ითხოვს.
მერაბ ჭანუყვაძემ ყველა დაზიანებული წერტილი მოინახულა და აღნიშნა, რომ ამ პრობლემის მოგვარება მისთვის პრიორიტეტული, ჯერ კიდევ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო. მისი თქმით, უკვე დაწყებულია მოლაპარაკება შესაბამის სამსახურებთან და სახლების სახურავები ლაითურში ეტაპობრივად მოწესრიგდება.
გამგებელმა ლაითურში საყანე ფართობებთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა. დაბა ლაითურში მოლიან-ჩალიან-ლეკიანისკენ გამავალი 300 მეტრი სიგრძის და 500-მეტრიანი საგზაო მონაკვეთების მოხრეშვითი სამუშაოები უკვე მეორე დღეა, მიმდინარეობს. თითქმის კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი ლაითურის ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ შეკეთებულა.
(R)