გუშინ, 12 ოქტომბერს, ბოლნისის რაიონში, დაბა საყდრისი-ყაჩაღიანის მთასთან, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის თაოსნობთ, "საყდრისობა 2014" ჩატარდა, სადაც ლექსები, ქართული ხალხური მუსიკა და საბრძოლო თამაშები იყო წარმოდგენილი.
ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ეს იქნება სახალხო დღესასწაული, რომელიც ყოველ წელს ჩატარდება.
ღონისძიებაზე, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის სახელით, ირაკლი მამალაძემ, "საყდრისობა 2014"-ზე მისულ სტუმრებს, დიდი მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ამ ღონისძიების შესახებ პოლიტიკურ პარტიებს აცნობეს, თუმცა ზეიმზე არცერთი მათგანი არ გამოჩენილა.
"ჩვენ შეუთვალეთ პარტიებს, მინდა გითხრათ, რომ კულტურის სამინისტროც არ დაინტერესებულა. არც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. დავწერეთ, რომ ვიკრიბებით, მაგრამ პოლიციაც არ მოსულა.
ღონისძიება დაფინანსებულია საყდრისის გადარჩენის კომიტეტის მიერ და ამაში მონაწილეობა არვის არ მიუღია. გარდა იმისა, რომ ნინო ბურჯანაძის მოძრაობამ მოგვცა "დინამიკები" და ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის.
ბოლო რამდენიმე დღეა დაიწყო საუბარი, თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" და გივი თარგამაძე აქტიურად ჩაერთო საყდრისის პრობლემის მოგვარებაში. ასე გაუჭირდა ნაციონალურ მოძრაობას?! გივი თარგამაძე რომელი ხუროთმოძღვარი ნახა? აქ გამოუშვა და საყდრისს იცავს კაცი, რომელიც ძეგლების დანგრევით იყო დაინტერესებული?! გახსოვთ ალბათ, 50 000 აშშ დოლარს უხდიდა ვიღაც რუს მფრინავს, სტალინის ძეგლი რომ აეფეთქებინა. ალბათ ისიც გახსოვთ ქუთაისში რაც მოხდა. ფაქტიურად, პირდაპირ ეთერში გვაჩვენეს ტერაქტი. ძეგლის აფეთქებას ორი ადამიანი შეეწირა. დღეს კი გივი თარგამაძე ამბობს თურმე, რომ ის საყდრის იცავს. ჩვენ ვემიჯნებით ყველა პოლიტიკურ ძალას. რადგან საყდრისის კომიტეტი არის საზოგადოებრივ საწყისზე შექმნილი ორგანიზაცია", _ განაცხადა მამალაძემ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილი საზოგადოება საყდრისის მთასთან მივიდა, რომელსაც RMG გოლდის დაცვის სამსახური იცავს. თუმცა, მათთან შეთანხმების შემდეგ, საყდრისის მთასთან სამახსოვრო სურათი გადაიღება მოხერხდა.