თვითმმართველობის არჩევნების დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, საარჩევნო ბიულეტენების იარაღის მუქარით, ჯგუფურ გატაცებაში ბრალდებულ პირებს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. აქედან 1 წელი პირობითად ჩაეთვლებათ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის, 15 ივნისს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეში, მე-16 საარჩევნო უბანზე, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და საარჩევნო ბიულეტენები გაიტაცეს.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აღნიშნულში ბრალდებული 2 პირი დააკავა.
კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები, დეპუტატობის კანდიდატი ბაკურ ქობალია და მისი მეგობარი ედიკა ჯოჯუა.
პოლიციამ გატაცებული ბიულეტენები, დალუქულ მდგომარეობაში, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა. ნაპოვნი ბიულეტენები დალუქული და ხელუხლებელი იყო, შესაბამისად იგი საარჩევნო უბანს დაუბრუნდა.
ფაქტიდან რამდენიმე საათში, შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა.
თუმცა, მოგვიანებით საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე წარიმართა საქართველოს სსკ-ს 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა – სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით, გ- ძალადობით ან ძალადობის მუქარით, და დ – ჯგუფურად, ქვეპუნქტებით.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს, არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა და ისჯება ჯარიმით, ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
როგორც "გურია ნიუსს" საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადებს, ბრალდებულებმა ბაკურ ქობალიამ და ედიკა ჯოჯუამ 2014 წლის 4 აგვისტოს, სენაკის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, თავი მთლიანად სცნეს დამნაშავედ.
"ბაკურ ქობალიასა და ედიკა ჯოჯუას ბრალი დაედოთ მასში, რომ ჩაიდინეს არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, იარაღის გამოყენებით, ძალადობით, ძალადობის მუქარით და ჯგუფურად.
26 სექტემბრის განჩინებით სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა, გ, და დ ქვეპუნქტებით, რისთვისაც თითოეულს სასჯელად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. აქედან 1 წელი დაუდგინდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი 1 წელი ჩაეთვალათ პირობითად", _ განმარტავენ პროკურატურაში.