"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილებები შედის. ცვლილების ინიციატორი, პარლამენტის წევრი, გია ჟორჟოლიანია. დეპუტატები ამ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.
_ წარმოდგენილი პროექტით ზუსტდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებთან მიმართებით. კერძოდ, არსებული რედაქცია ხარჯების ანაზღაურებაზე ზოგად მითითებას აკეთებდა საკრებულოს წევრზე, რომელშიც ასევე მოიაზრებიან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები, რომლებიც იღებენ თანამდებობრივ სარგოს. პროექტით საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების წესი, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა, განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით. ამასთან, საკრებულოს წევრის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების ერთიანი სისტემის არსებობის აუცილებლობიდან გამომდინარე მივლინების ხარჯების ანაზღაურების საკითხზე მითითება გაკეთდა მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების ანაზღაურების ზოგად წესებზე, _ აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
პროექტით განისაზღვრება სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების პროცედურა, რომლის თანახმადაც სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულებას საბჭოს თანხმობით ამტკიცებს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. აგრეთვე, მეტი სიცხადისათვის, ზუსტდება სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის უფლებამოსილება გაუძღვეს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს. 147-ე მუხლით ამომწურავად განისაზღვრება სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა. კერძოდ, ჩამონათვალს ემატება სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი.
წარმოდგენილი პროექტით 79-ე მუხლში ტერმინი "თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი" იცვლება ტერმინით "თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი“.
_ აღნიშნული ცვლილებით თბილისის საკრებულო უფლებამოსილი იქნება გადაწყვიტოს, როგორც მის მიერ, ასევე თბილისის მთავრობის მიერ უკვე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, _ მიაჩნია პროექტის ავტორს..
ასევე, დაზუსტდა კოდექსის 156-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ზღვრული რაოდენობის მარეგულირებელი "ფორმულა“, კერძოდ: გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხებით გათვალისწინებულ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობაა არანაკლებ 30 ერთეულისა. იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა არის 45 000 კაცზე ნაკლები, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული), შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 3.2 კოეფიციენტზე ნამრავლისა და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 450 ამომრჩეველზე ერთი საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს. ხოლო, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა არის 45 000 კაცზე მეტი, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული), შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 2.3 კოეფიციენტზე ნამრავლისა და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს. აღნიშნული ფორმულით თავიდან იქნება აცილებული მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა არსებული რაოდენობის არსებითი ცვლილება, თუმცა დაწესდება შეზღუდვა შტატების გაზრდის თავიდან ასაცილებლად.