ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მაია პაიჭაძე ჩოხატაურის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში არსებულ მდგომარეობის გაცნობას და საკითხის საკრებულოს სხდომაზე გამოტანას ითხოვს.
_ ჩოხატაურის რაიონისთვის სიახლე არ არის სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების სავალალო მდგომარეობა და უფრო მეტიც, მისი გაუქმების საფრთხე. ეს მეტად საპასუხისმგებლო და რაიონის მოსახლეობისთვის საჭირო პროფესიული საქმიანობა ათეული წლის განმავლობაში წარმატებით ხორციელდებოდა და დღესაც, გაუმართავი ინფრასტრუქტურის პირობებშიც, წარმატებით ხორციელდება, თუმცა, არსებული პირობები გადამწყვეტ როლს ასრულებს კონტიგენტის გადინების თვალსაზრისით.
თავის დროზე, სამშობიარო სახლის გაუქმება და სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების საავადმყოფოს ერთიან სისტემაში გაერთიანება მიზანმიმართულად გახორციელდა, ოპტიმიზაციის მექანიზმი დამანგრეველი აღმოჩნდა განყოფილებისთვის (აქ რამდენიმე სპეციფიური საკითხი იგულისხმება). დასაწყისისთვის კერძო კომპანიის და მათ მიერ დაქირავებული მენეჯერების მედპერსონალისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ შედეგად თვეების განმავლობაში მიუღებელი ხელფასები და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გვიჩვენა.
2013 წლის სექტემბერში, შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" ჩამოყალიბდა. წარმომადგენლობასთან შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.პარალელურად, უფრო მეტად გაუარესდა პერსონალის მდგომარეობა. არსებული რეალობით, მედდისა და სანიტრის ხელფასი 5-იდან 30 ლარამდე მერყეობს. აქვე აღვნიშნავ, რომ აგვისტოში სამეანო გინეკოლოგიურ განყოფილებაში 12 მშობიარე ფიქსირდება. ამ სირთულეების ფონზე, ერთმნიშვნელოვნად მივდივართ დასკვნამდე: მშობიარე ქალის სიცოცხლე და მისი კეთილდღეობა ძალზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, წინა ხელისუფლების მიერ (საუბარია ადგილობრივ ხელისუფლებაზე) დაშვებული მკვეთრი შეცდომები ამ მნიშვნელოვან სფეროსთან მიმართებაში, სასწრაფოდ უნდა იქნას აღმოფხვრილი და ოფიციალურად, პირველი ეტაპისთვის, მივმართავ თხოვნით სოციალური კომისიის თავმჯდომარეს ბატონ დავით შარაშიძეს, გაეცნოს სამეანო გინეკოლოგიურ განყოფილებაში არსებულ მდგომარეობას, პრობლემებს კომისიის წევრებთან ერთად და წარმოგვიდგინოს უახლოეს საკრებულოს სხდომაზე, რათა საკრებულომ ვიმსჯელოთ და გადავდგათ გონივრული ნაბიჯები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების შენარჩუნებისა და შემდგომი განვითარებისთვის, _ აღნიშნა პაიჭაძემ საკრებულოს სხდომაზე.
"გურია ნიუსი" სამეანო გინეკოლოგიურ განყოფილებაში არსებულ მდგომარეობის შესახებ მრავალი წელია წერს, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებისთვის არც წინა და არც ახლანდელ ხელისუფლებას დღემდე ნაბიჯი არ გადაუდგამს.