ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე, სოფელ ბოხვაურის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრა სოფლის ტერიტორიაზე მუნიციპალური ტექნიკის, ავტოფარეხის განთავსებასთან დაკავშირებით მოეწყო. ადგილობრივები ამ ფაქტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ სოფლის ცენტრში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანების სადგომის მოწყობის კატეგორიული წინააღმდეგი არიან.
"მე არ მინდა მყავდეს უკმაყოფილო მოსახლეობა, ამიტომ საკითხი მხოლოდ თქვენთან შეთანხმებით გადაწყდება, თქვენ არჩევთ პრიორიტეტებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა, მოხდება ისე, როგორც სოფელი გადაწყვეტს", – აღნიშნა გამგებელმა.
შეხვედრაზე, რომელიც სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ჩავლეიშვილისა და ბოხვაურში გამგებლის წარმომადგენლის გოჩა ჭეფხოძის ინიციატივით მოეწყო, სხვა ლოკალური პრობლემებიც გამოიკვეთა. ადგილობრივები სოფლის ცენტრში გამავალი მცირე მდინარის არხის გაწმენდას და დამბის მოწყობას ითხოვენ. როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბადრი გობრონიძემ განმარტა ადგილობრივი მოსახლეობის ეს პრობლემა უახლოეს მომავალში გადაწყდება.
(R)