უცხოეთში სწავლაზე ბევრი სტუდენტი ოცნებობს. როგორც ცნობილია, საზღვარგარეთ მათ ყველაზე მეტად, სწავლების ხარისხი იზიდავთ.
მნიშვნელოვანია, ასევე ახალ გარემოში ცხოვრებისა და განსხვავებული კულტურების გაცნობის სურვილი. საზღვარგარეთ სწავლას სხვა უპირატესობაც აქვს. ითვლება, რომ ნათესავ-ახლობლებისგან მოშორებული სტუდენტი, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარს იქ უფრო მეტად გამოიმუშავებს.
ალბათ, ბევრი ახალგაზრდისგან გაიგონებთ სიტყვებს, რომ აქაურ განათლებაში ფულის გადახდას, საზღვარგარეთ წასვლა ურჩევნიათ, მით უმეტეს, რომ სწავლის გადასახადში დიდი განსხვავება არაა, სანაცვლოდ, ხარისხი უფრო მაღალია. ამიტომ, ქართველი სტუდენტები, რომლებსაც ხარისხიანი განათლების მიღება სურთ, საზღვარგარეთ მიდიან. მართალია, მათ ეს დიდი შრომის ფასად უჯდებათ, სწავლის გადასახადს, ბინის ქირას, დაზღვევას, კვების ფულს თავად გამოიმუშავებენ, მაგრამ თავის დამკვიდრებას მაინც ახერხებენ და მონდომებულები მიზანსაც აღწევენ. თუმცა ეს ერთეულებს თუ შეუძლიათ.
რასაკვირველია, მდიდარი ქართველები შვილების საზღვარგარეთ სწავლისთვის თანხას არ იშურებენ, მაგრამ ვისაც ფული არ აქვს, მათთვისაც არსებობს შესაძლებლობა – გაცვლითი პროგრამების სახით. მთავარია, იყო მიზანდასახული და გაგაჩნდეს სწავლის მიღების უსაზღვრო სურვილი.
"ერასმუს მუნდუსის" გაცვლითი პროგრამა
საზღვარგარეთ სწავლის ყველაზე კარგ შანსს ქართველ სტუდენტებს, ევროპის უნივერსიტეტებს შორის არსებული გაცვლითი პროგრამა "ერასმუს მუნდუსი" აძლევს.
ერასმუს მუნდუსი (Erasmus Mundus) არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.
"ერასმუს მუნდუსი" სულ 18 პროგრამას მოიცავს. პროგრამა სრულად ფარავს სწავლის, მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებს და უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებულს ყოველთვიური სტიპენდიით: ბაკალავრი – 1 000 ევრო, დოქტორანტი – 1 500 ევრო, პოსტდოქტორანტი – 1 800 ევრო.
თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ამ დროისთვის გამოცხადებული აქვს კონკურსი "ერასმუს მუნდუსის" გაცვლითი სტიპენდიების მოსაპოვებლად HERMES პროექტის ფარგლებში. ინფორმაციის ნახვა მსურველებს უნივერსიტეტის ვებ გვერდზე ამ მისამართზე შეუძლიათ: http://tsu.edu.ge/ .
"ერასმუს მუნდუსის" გაცვლითი პროგრამა EUROEAST -ის შესახებ ინფორმაცია დევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებზე. http://www.iliauni.edu.ge/ EUROEAST -ის ფარგლებში გამოცხადებულია კონკურსი სტუდენტებისთვის (ბაკალავრები, დოქტორანტები) და მკვლევრებისთვის (პოსტდოქტორანტები) ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და კვლევის განხორციელების მიზნით სტიპენდიის მოსაპოვებლად.
მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში: ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, იტალია – კოორდინატორი, აალტოს უნივერსიტეტი, ფინეთი, ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი, პოლონეთი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, გერმანია, უმაღლესი ტექნიკური სკოლა, პორტუგალია, გენტის უნივერსიტეტი, ბელგია, ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ესპანეთი, მონპელიეს უნივერსიტეტი 2, საფრანგეთი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: საქართველოს მოქალაქეებს, ბაკალავრიატის სტუდენტებს, დოქტორანტურის სტუდენტებს, მკვლევრებს (პოსტდოქტორანტებს).
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ: მათ, ვისაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე 12 თვეზე მეტი დრო აქვთ გატარებული ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, პირველი და ბოლო კურსის ბაკალავრებს. განაცხადების მიღება დასრულდება 2015 წლის 12 იანვარს. დეტალურ ინფორმაციას ნახავთ პროექტის ვებ-გვერდზე: www.euroeast.polito.it .
"ერასმუს მუნდუსის" პროგრამაში მონაწილეობისთვის, სხვა მოთხოვნებთან ერთად, აუცილებელია, აპლიკანტი ერთ-ერთ ევროპულ ენას ფლობდეს B2 დონეზე (გასათვალისწინებელია, რომ საბუთები, ყველა შემთხვევაში, ინგლისურად ივსება). ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის აღება შესაძლებელია უნივერსიტეტებშიც, რომლებიც გამოცდებს უცხო ენაში, სპეციალურად ამ პროგრამისთვის ატარებენ.
სწავლა ტარტუს უნივერსიტეტში
საზღვარგარეთ სწავლების ყველაზე მეტი შანსი საქართველოში მაინც ინგლისურის მცოდნეებს აქვთ, იმიტომაც უფრო, რომ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს ინგლისურენოვანი სწავლების პროგრამები და შესაბამისად, ამ ენაზე უფრო ხშირად ცხადდება კონკურსები.
ამ დროისთვის თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს გამოცხადებული აქვს ერთსემესტრიანი კონკურსი სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად, ტარტუს უნივერსიტეტის ევროპულ კოლეჯში (ესტონეთი) თსუ-ს მაგისტრატურის პირველი სემესტრის სტუდენტებისათვის.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ტარტუს უნივერსიტეტის ევროპულ კოლეჯთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის გამოყო ხუთი სტიპენდია 2015 წლის გაზაფხულის სემესტრში.
სტიპენდიები გაიცემა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის განვითარების პროექტის "ტარტუს უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და მმართველობის" ფარგლებში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფარავს: ყოველთვიურ სტიპენდიას 368 ევროს ოდენობით; სწავლის გადასახადს 1600 ევროს ოდენობით თსუ-ს ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს: თბილისის-ტარტუ-თბილისის მგზავრობის საფასურის ანაზღაურებას მაქსიმუმ 350
ევროს ოდენობით განაცხადის მიღების პროცედურა: სტიპენდიები გაიცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი სემესტრის იურიდიული, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომელთა ძირითადი სპეციალობაა: პოლიტიკური მეცნიერებები; საერთაშორისო ურთიერთობები; ევროპათმცოდნეობა; რუსეთმცოდნეობა; ეკონომიკა; სამართალი.
განაცხადის გასაკეთებლად დარეგისტრირება და სააპლიკაციო ფორმის შევსებაა საჭირო. ონლაინ რეჟიმში უნდა ატვირთოს (pdf. ფაილში) ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: (http://dfronline.tsu.edu.ge/?lang=en&uni=tartu) CV ინგლისურ ენაზე (Euro pass-ის ფორმატით); სამოტივაციო წერილი ხელმოწერილი (ინგლისურ ენაზე); ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე); ბაკალავრიატის დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლი; საზღვარგარეთის პასპორტის ფოტოსურათიანი გვერდის ასლი. ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქონის შემთხვევაში, შეგიძლიათ ატვირთოთ ძალაში მყოფი TOEFL (minimum score of 76 IBT) ან IELTS (minimum score of 6)-ის სერთიფიკატები, ან მიხვიდეთ თსუ-ს ენათა ცენტრისა და საგამოცდო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ინგლისური ენის ტესტის შიდა გამოცდაზე).
კანდიდატებმა, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშიროსი სერთიფიკატი, უნდა ჩააბარონ ინგლისური ენის B2 დონის წერითი ტესტი. წერითი ტესტის შედეგად შერჩეულმა სტუდენტებმა, უნდა გაიარონ გასაუბრება კომისიასთან. განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 2014 წლის 31 ოქტომბერი, 18 საათი.
DAAD-ის გერმანულენოვანი სასტიპენდიო პროგრამები
ინგლისურენოვანი პროგრამების გარდა, ქართველ სტუდენტებს საზღვარგარეთ სხვა ენებზეც შეუძლიათ სწავლა. გერმანულენოვან პროგრამებს შორის, საქართველოში ყველაზე პოპულარურია DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები.
DAAD – "გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური" ქართველ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, დოქტორანტებს და პროფესორ-მასწავლებლებს 2015-2016 სასწავლო წლისთვის შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებს სთავაზობს: საზაფხულო ენის კურსი გერმანიაში; სამაგისტრო სტიპენდია ყველა სპეციალობის კურსდამთავრებულისთვის; სტიპენდია არქიტექტორებისთვის; სტიპენდია სახვითი ხელოვნების, დიზაინის, ვიზუალური კომუნიკაციისა და ფილმის სფეროს წარმომადგენლებისთვის; სტიპენდია ვიზუალური ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის; სტიპენდია მუსიკოსებისთვის; ერთწლიანი კვლევითი სტიპენდია დოქტორანტებისთვის; ხანმოკლე კვლევითი სტიპენდია დოქტორანტებისთვის (1-6 თვე); კვლევითი სტიპენდია სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად; სადოქტორო სტიპენდია სენდვიჩის მოდელის ფარგლებში; კვლევითი სტაჟირება უნივერსიტეტის პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის; განმეორებითი მოწვევა ყოფილი სტიპენდიატებისთვის; მეცნიერთა ორმხრივი გაცვლა; სტაჟირება უნივერსიტეტის პედაგოგებისთვის ხელოვნებისა და არქიტექტურის სფეროში. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია: DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრში. მიღების საათები: ორშაბათი, ოთხშაბათი,ხუთშაბათი 14.00 – 18.00 სთ. DAAD-ს ფეისბუქ-გვერდზე: DAAD Georgia, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, ქ.-ნ დიანა შლუხთმანთან.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ახლახან გაუქმდა სწავლის გადასახადი (მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე) და გერმანულ უნივერსიტეტებში ჩარიცხულ უცხოელ სტუდენტებსაც უფასოდ შეუძლიათ სწავლა.
ფრანგულენოვანი სასტიპენდიო პროგრამები
რაც შეეხება ფრანგულენოვან პროგრამებს, მისი მოძიება "საქართველოს ფრანგული ინსტიტუტუის" გვერდზეა ( http://www.institutfrancais.ge/ )შესაძლებელი.
"საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი", ყოველ წელს, საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველ ქართველ სტუდენტებს, მაგისტრატურაში, დოქტორანტურაში ან სტაჟისთვის სთავაზობს სტიპენდიებს. საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიები (სმს) მაგისტრატურისთვის, საფრანგეთის მთავრობის სტიპენდია (სმს) – დოქტორანტურა, სტაჟის სტიპენდია (მაქსიმუმ ერთი თვე) მეცნიერთა და გამოცდილი პროფესიონალებისთვის.
რაც შეეხება ინფორმაციას სხვა სტიპენდიების შესახებ, არსებობს ეიფელის სტიპენდიები : ეს პროგრამა განკუთვნილია საუკეთესო უცხოელი სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ საფრანგეთში გააგრძელონ სწავლა მაგისტრატურაში, საინჟინრო სპეციალობით ან დოქტორანტურაში. ისინი მოიცავენ სწავლის ოთხ მიმართულებას: საინჟინრო მეცნიერებები (მაგისტრატურა და დოქტორანტურა), ზუსტი მეცნიერებები (დოქტორანტურა), ეკონომიკა და მართვა, სამართალი და პოლიტიკური მეცნიერებები. ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (ფსს) სტიპენდიები. ფსს სთავაზობს სტიპენდიებს მის წევრ უნივერსიტეტებში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი) ჩაწერილ ფრანკოფონ უცხოელ სტუდენტებს.
ერასმუსმუნდუს-ის სტიპენდიები : ამ პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საუკეთესო სტუდენტებისა და საუნივერსიტეტო გაცვლას ბაკალავრიატისა და პოსტდოქტორანტურის დონეზე. Ecole Normale Supérieure : სტიპენდიები ლისანს 3-ისა და მაგისტრატურისათვის ფილოლოგიურ და ზუსტ მეცნიერებებში. ევროპის კოლეჯის სასწავლო სტიპენდიები : ევროგაერთიანება სტიპენდიებს სთავაზობს, ევროპის კოლეჯში სწავლის მსურველ, დიპლომირებულ კანდიდატებს. ფრანგული ინსტიტუტის ვებ გვერდზე, სიახლეების რუბრიკაში, http://www.institutfrancais.ge/ რეგულარულად ქვეყნდება სტიპენდიების შეთავაზებები.
ამჟამად, "ფრანკოფონული საუნივერსიტეტო სააგენტო" აცხადებს სტიპენდიებს ფრანგულენოვანი დოქტორანტებისა და პოსტ-დოქტორანტებისათვის. მობილობის ხანგრძლივობაა: 3 თვე. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 2014 წლის 14 დეკემბერი. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი: http://www.auf.org/appels-offre/bourses-eugen-ionescu-14-15-appel/ .
საქართველოს მთავრობის ინიციატივა – "განათლების საერთაშორისო ცენტრი"
თუ ზემოთ აღნიშნულ პროგრამებში ვერ გაიმარჯვა სტუდენტმა, საზღვარგარეთ სწავლის კიდევ სხვა შანსი არსებობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინოვაციური პროექტების ფარგლებში დაარსებული "განათლების საერთაშორისო ცენტრი" უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო, სადოქტორო, სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების მრავალპროფილიანი პროგრამების დაფინანსებას. პროგრამის ბენეფიციარები ფინანსდებიან სრულად, ან ნაწილობრივ საქართველოს მთავრობის მიერ. "განათლების საერთაშორისო ცენტრის" ინტერნეტ მისამართზე, https://iec.gov.ge , ნახავთ საქართველოს სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით.
"განათლების საერთაშორისო ცენტრის" პროგრამის ფარგლებში 2014 წლის 7 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით გამოცხადებულ კონკურსში დაფინანსდა 78 აპლიკანტი. 2014-2015 სასწავლო წლის პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ცენტრის ვებ გვერდზე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტი ჯერ უცხოურენოვან უნივერსიტეტში აბარებს, რომელიც პრიორიტეტულად აქვს გამოცხადებული საქართველოს მთავრობას, შემდეგ აკეთებს განაცხადს "განათლების საერთაშორისო ცენტრში" და ელოდება კონკურსის შედეგებს.