16 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, ავლაბრის რეზიდენციაში შედგა შეხვედრა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
ოზურგეთიდან შეხვედრას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაციის "ქალები რეგიონის განვითარებისთვის" თავმჯდომარე ქეთევან ხიდაშელი.
მისი თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე და ამ მიმართულებით პოლიტიკური ნების არ არსებობაზე, რაც ქალთა დისკრიმინაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
ასევე, საუბარი იყო ქალთა ჩართულობის გაზრდაზე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.
"პირველი პრეცედენტია ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში – პრეზიდენტი ინტერესდება ქალთა უფლებებით. ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან განსაკუთრებული ხაზი გაესვა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და თავად მოძალადის ფსიქორეაბილიტაციის პროგრამების არ არსებობას. მას, რომ რეგიონებში არ არსებობს სერვისები, ვისაც შეიძლება მიმართონ ოჯახის წევრებმა. მთელს ქვეყანაში არსებობს მხოლოდ 3 სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც მოხვედრას სჭირდება მსხვერპლის სტატუსი. არ არსებობს კრიზისული ცენტრები, სადაც შეიძლება გადაიყვანო მსხვერპლი ან მოძალადე. შეჩერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი საბჭოს ფუნქციონირება, რომელიც განსაზღვრავდა მსხვერპლის სტატუსს",_ გვითხრა ქეთევან ხიდაშელმა
მისივე თქმით, შეხვედრაზე გაჟღერდა თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს თავად პოლიციელების და პროკურატურის დამოკიდებულებას ოჯახში ძალადობის თემის მიმართ.
"ორგანიზაციების ქალთა ფონდი ტასო და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენლებმა მარინა თაბუკაშვილმა და ანა აბაშიძემ, ისაუბრეს საჯარო მოხელეთა ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომ საჯარო სამსახურში მოხვედრის მსურველმა პირებმა უნდა გაიარონ ერთგვარი ტესტი, თუ რამდენად იზიარებს იმ ღირებულებებს, რაც პირდაპირ კავშირშია დემოკრატიასთან, მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან.
საუბარი იყო ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ქალთა მკვლელობების შსს ოფიციალურ სტატისტიკასთამ შეუსაბამობაზე. პრობლემა იკვეთება თავად დანაშაულის კვალიფიცირებაში, მოკლული ქალების რაოდენობა არ ემთხვევა შსს-ს ოფიციალურ სტატისტიკას.
შეხვედრა იყო იმედის მომცემი და პოზიტიური, შეხვედრაში მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაგვრჩა განცდა, რომ ამ ტიპის შეხვედრები გაგრძელდება, რომელიც გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას.
კარგი იქნება თუ პრეზიდენტის, საქართველოს პირველი პირის მსგავსად, აღმასრულებელი ხელისუფლებაც მიბაძავს მას და გენდერული სამართლიანობის მისაღწევად, თავიანთ წვლილს შეიტანენ ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საქმეში", _ გვითხრა ხიდაშელმა.