რამდენიმე საათის წინ აზერბაიჯანულმა საინფორმაციო საშუალებებმა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელეს.
დღეს დილით ამ ქვეყნის სააფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, 67 წლის ბერტი ფოგთსი საკუთარი სურვილით თანამდებობიდან გადადგა.
გერმანელი სპეციალისტის ეს ნაბიჯი მისი შეგირდების ბოლო გამანადგურებელმა მარცხმა გამოიწვია. რამდენიმე დღის წინ, აზერების ეროვნული გუნდი ევროპის მომავალი პირველობის შესარჩევ შეხვედრაში სტუმრად, ხორვატეთთან დამარცხდა – 0:6.
ამ მარცხის შემდეგ გერმანელის თავმოყვარეობა შეილახა და ჰერ ბერტმაც აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდთან მუშაობის გაგრძელება აღარ მოისურვა.
ბერტი ფოგთსი ჩვენი მეზობელი ქვეყნის უპირველეს გუნდს 2008 წლიდან წვრთნიდა. მართალია რაიმე განსაკუთრებული შედეგებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ აზერბაიჯანის ნაკრების თანდათან ფეხზე დაყენებასა და ევროპის კონტინენტზე ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბებას იმედოვნებდა.
სამწუხაროდ, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონის მოლოდინი არ გამართლდა და ამ უკანასკნელმა აზერბაიჯანულ ფეხბურთთან გაცლა ამჯობინა.