ოქროს მომპოვებელმა კომპანია RMG Gold-მა, საყდრისის ბორცვზე, რომელზე უკვე 7 თვეა დავა მიმდინარეობს და ამბობენ, რომ იქ უძველესი ოქროს მაღარო იყო, ჟურნალისტებისთვის მედია-ტური მოაწყო.
RMG-ის მთავარი გეოლოგის, თორნიკე ლიპარტიას, თქმით, საყდრისის იმ გაშიშვლებულ ფერდზე არსებული ნაპრალები, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, გამოწვეულია ტექტონიკური აშლილობით და არის მადნიანი. არსებული გამაგრება დაკავშირებულია ოქროსთან.
"ძირითადი ქანები არის მეორადი კვარციტები, რომელშიც არათანაბრად არის განაწილებული ოქრო. ამ საბადოს არ ახასიათებს ოქროს თანაბარი განაწილება. ნაპრალებთან არის დაკავშირებული ოქროს ერთ-ერთი ფლანგის შემცველობა, გადაკვეთილია ქვემოთ, გეოლოგიური შტონით. ოქროსთან კანონზომიერების დადგენა შეუძლებელია, ის არათანაბრად არის განაწილებული როგორც სიმძლავრეზე, ანუ ძარღვის სისქეზე, ისე მის შემცველობაზე."
მისივე თქმით, RMG-ის 1 ტონა ქანში დაფიქსირებული აქვს დაახლოებით 0,5 გრამიდან 1 გრამამდე ოქროს შემცველობა.
"როდესაც ოქრო მოიპოვება, რაღაც მასა უნდა იქნას მონგრეული გამოყოფილი ტერიტორიიდან. ჩვენს შემთხვევაში, 1 ტონა ქანში რაც დაფიქსირებული გვაქვს 0,5 გრამიდან 1 გრამამდე თამაშობს ოქროს შემცველობა. ზოგიერთ შემთხვევაში ქანში შემცველობა ნულია. თუ თქვენ გაინტერესებთ, როგორ მიმდინარეობს ჩვენთან კარიერის დამუშავება, ეს ხდება ღია კარიერული წესით. მინდა გითხრათ, რომ ამ უბანზე მსგავსი ტიპის სამუშაოები საერთოდ არ წარმოებულა, მხოლოდ ზედაპირულად გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა. ანუ, ამ ქანებიდან აღებულია შემცველობები იმის დასადგენად, არის თუ არა ეს გამადნება ოქროსთან დაკავშირებული. არის გამოყოფილი ზონები, სადაც არის ოქროს შემცველობა, და არის გამოყოფილი ზონები სადაც არ არის ოქროს შემცველობა. თუკი ოდესმე მოხდება ამ ბორცვის დამუშავება, გვექნება ფუჭი ქანის ზონები და გვექნება გამადნებული ზონები.
გამადნებული ზონების შემთხვევაში წავა ქარხანაში და გადამუშავდება. ასევე შეიქმნება სანაყაროები, სადაც ეს ნარჩენი მასა, რომელიც ჩვენთვის გამოუსადეგარია, ოქროს შემცველობა მასში არ არის, დასაწყობებული იქნება ფუჭი ქანის სანაყაროებზე", _ განაცხადა ლიპარტიამ ჟურნალისტებთან.