"გურია ნიუსს" მოქალაქეები ხშირად მიმართავენ დახმარებისთვის. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჟორდანიას ქუჩის მრავალბინიანი სახლის მცხოვრები ნადეჟდა ლუციც ერთ-ერთი მათგანია. იგი თავად დაგვიკავშირდა და იმ პრობლემების გასაჯაროება გვთხოვა, რომელიც აღნიშნული სახლის ბინადართ წლებია აწუხებთ.
ქალბატონ ნადეჟდას თქმით, ჯერ კიდევ 2009 წლის ოქტომბერში მუნიციპალიტეტის გამგეობას ბინის მაცხოვრებლებმა განცხადებით მიმართეს, რითაც ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვდნენ საწვიმარი არხის, კანალიზაციის, სადარბაზოების, სახურავის და შეკეთებას, ასევე, ჩიხის გადაკეტვას, რომელიც ჟორდანიას ქუჩიდან კოსტავას ქუჩაზე გადის.
მართალია, მუნიციპალიტეტის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ყურად იღო აქაურ მცხოვრებთა თხოვნა და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს სახურავი შეუცვალა, მაგრამ როგორც ქალბატონი ნადეჟდა ამბობს, სამუშაოები უხარისხოდ გაკეთდა: "ვაი, ასეთ გაკეთებას. ყველა ინსტანციას გავაგებინეთ, მაგრამ დიდი არაფერი. ახალ გადახურულ სახლს რომ კიდევ შეკეთება დასჭირდება, რაა სათქმელი! დავრბივარ ტაშტით ოთახებში, ყველაფერი ლპება".
ჩვენი ინფორმაციით, მრავალბინიანი სახლის სახურავის სარემონტო სამუშაოები ქალაქ ბათუმში დარეგისტრირებულმა ფირმამ _ შპს "ქეთურინამ" განახორციელა, თუმცა, მაშინ აქაურ მცხოვრებლებს რაიმე სახის შენიშვნა არ ჰქონიათ, პირიქით, როგორც თავად ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მობინადრეებსა და მუშებს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.
გარდა სახურავის უხარისხობისა, ქალბატონი ნადეჟდა სხვა პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას. ის ამბობს, რომ წვიმის დროს ეზოში წყალი გუბდება და გავლა ჭირს. მისთვის, ასევე, მიუღებელია სახლის პირველ სართულზე პურის ფქვილის საწყობის არსებობა: "ბინებსა და სარდაფებში ვირთხა გაჩნდა. თან ყოველდღე ტრაილერები და სხვადასხვა სახის მანქანები შემოდიან, აზიანებენ გაზონს, კანალიზაციას და ასფალტს. ასეთი წარმოება არ უნდა გახსნილიყო მოსახლეობის ნებართვის გარეშე. გვინდა, კოსტავას ქუჩაზე გამავალი ჩიხიც გადაიკეტოს ისე, როგორც ადრე იყო. ისეთი მდგომარეობაა, ეზოში ვერ გახვალ, შეიძლება ამ გზაზე მანქანები დადიოდეს, თანაც ორმხრივად? წინა ეზო მეხანძრეების ძირითადი სამოძრაოა, არც შიდა ეზოშია მანქანების მოძრაობის ნაკლებობა. იქნებ, გაზეთის საშუალებით მაინც მივიქციოთ ყურადღება, თორემ ისე არჩევნებამდე არავის სცალია ჩვენთვის".
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის საპროექტო განყოფილების უფროსს ნუგზარ ბოლქვაძეს: "აღნიშნული სახლის სახურავის გადახურვა ფირმა "ქეთურინამ" შეასრულა და შემდგომში, როცა გამოიკვეთა რაღაც ხარვეზები, აღნიშნულმა ფირმამ, როგორც ამას პროექტი ითვალისწინებდა, მოახდინა მათი აღმოფხვრა. რამდენადაც ვიცი, ორჯერ ჰქონდა ასეთ ფაქტს ადგილი და თუ კიდევ რაიმე პრობლემაა, ამასაც აუცილებლად გამოასწორებენ. ვერ ვიტყვი, რომ უყურადღებოდ გვყავდეს მიტოვებული ამ ბინის მცხოვრებლები. შიდა ეზოს ჩაკეტვა ეს თავად მოსახლეობის გადასაწყვეტია, თუმცა, ვერ გამიგია, რა ხელს უშლით მათ კოსტავას ქუჩაზე გამავალი ჩიხი. მე არ ვიცი, ადრე როგორ იყო, მაგრამ, რაც მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ მდებარე სკვერი გადაიკეტა, მას შემდეგ ეს გზა არსებობს და არა მგონია, ვინმეს ხელს უშლიდეს. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ გარდა სახურავისა, დანარჩენი მოთხოვნები, რაც ამ ქალბატონს აქვს, კაპრიზს უფრო ჰგავს".