გურიის გუბერნატორის, გიორგი ჩხაიძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ სამხარეო ადმინისტრაციისთვის ცალკე შენობა აშენდება განხილვის თემა გახდა.
_ მიმდინარეობს მსჯელობა, რომ გუბერნიისთვის აშენდეს ცალკე ადმინისტრაციული შენობა და იქ გადავიდეთ. ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო დეტალები ზუსტდება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ შენობა ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება, _ აღნიშნა გუბერნატორმა.
ოზურგეთელების განაწყენება სწორედ შერჩეულმა ადგილმა გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ შენობას კულტურისა და დასვენების პარკი შეეწირება. ამ ინფორმაციას უარყოფს გიორგი ჩხაიძე:
_ პარკს საფრთხე არ ემუქრება. უფრო მეტიც, მისი რეაბილიტაცია იგეგმება, _ გვითხრა მხარის პირველმა პირმა.
მისივე თქმით უახლოეს ხანში პროექტის პრეზენტაცია მოეწყობა და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.
სჭირდება თუ არა გუბერნიას ახალი შენობა, რატომ ვერ თავსდებიან სამსართულიან შენობაში მუნიციპალიტეტის საკრებულო, გამგეობა, გუბერნია, ქალაქის მერია და საკრებულო, არსებობს თუ არა ოზურგეთში სხვა ფართი, სადაც შესაძლებელია რომელიმე უწყება განთავსდეს _ ამ დეტალებზე G_NewS TV-ის ყოველკვირეულ გადაცემა "კვირის თემა" ორშაბათს გიამბობთ.