სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, მინდია ჯანელიძე მიიჩნევს, რომ ე.წ. გასაღები მობილური ოპერატორების ხელში არ უნდა გადავიდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
"ჩემთვის მთავარია, ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული და მე, როგორც უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი უწყების ხელმძღვანელი, მივიჩნევ, რომ ე.წ. გასაღების მობილური ოპერატორების ხელში ყოფნა რისკის შემცველია.
ჩვენ არ ვიცით ამ კომპანიების შიდა რეგულაციები, ისინი შემოსულები არიან უცხოეთიდან. ასევე, თვითონაც ეწინააღმდეგებიან გასაღების ქონას. მათ სახელმწიფოს მიერ დასმულ ბევრ ბევრ კითხვაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, პასუხები არ აქვთ. სახელმწიფოც ვერ უზრუნველყოფს მათთან არსებული ინფორმაციის დაცვას.
მივიჩნევ, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ანუ, ყველა უწყების პოზიცია იყოს შეჯერებული.
უნდა მოინახოს შუალედური რგოლები, ვის ხელშიც იქნება ეს გასაღები.
შეიძლება ეს იყოს შსს ან სხვა უწყება. მთავარია, რომ მხოლოდ პროვაიდერებს, რომლებიც უცხო ქვეყნების წარმომადგენლები არიან, გასაღები არ ჰქონდეს", _ განაცხადა ჯანელიძემ.