ჩოხატაურის მუნიციპალიტეტსა და შპს "შემოქმედმშენს" შორის #160 ხელშეკრულება 2014 წლის 11 ივნისს გაფორმდა.
ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც ხელს გამგებლის მოვალეობის აწ უკვე ყოფილი შემსრულებელი და დღეს გამგებლის მოადგილე თამაზ ჯინჭარაძე აწერს, #1 ბაგა-ბაღის, #2 ბაგა-ბაღის, სოფელ ამაღლების საბავშვო ბაღის, სოფელ იანეულის საბავშვო ბაღის და სოფელ სამების საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა გახორციელებულიყო. ამ სამუშაოებისთვის "შემოქმედმშენს" 181 111 ლარი ჰქონდა გამოყოფილი.
აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი 2014 წლის 25 აგვისტოს შედგა.
ინსპექტირების ჯგუფმა, რომელშიც ხუთი წევრია (ვლ. ლომთათიძე, ნ. სიხარულიძე, გ. ბერძენიშვილი, გ, სიმონია. ი. მეგრელიშვილი) დაადგინა, რომ #160 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო ჩაბარებულია.
კომისიას არანაირი შენიშვნა შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით არ ჰქონია.
ჩაბარებული სამუშაოებიდან ერთი-ერთის შესახებ "გურია ნიუსი" უკვე წერდა, ამჯერად კი დანარჩენი ბაღები მოვინახულეთ.
#2 საბავშვო ბაგა-ბაღის ლოკალური ხარჯთაღრიცხვის თანახმად, სამუშაოებზე 91 000 ლარი დაიხარჯა. დაიგო ლამინატი, კაფელი, მეთლახი, ჩაისვა მეტალოპლასტმასის კარფანჯრები.
როგორც #1 ბაგა-ბაღში, ლამინატი აქაც უსწორმასწოროდაა დაგებული, ბევრ ადგილზე "პლინტუსებიც" გამორჩენიათ. ახალდაგებული მეთლახი უკვე გაბზარულია. როგორც ბაღის დირექტორი მარინა მეგრელიშვილი ამბობს, მეთლახი დაგების დროს გატყდა.
მეგრელიშვილის თქმით, მსგავსი სამუშაოების შესრულებაში საკუთარ სახლში მუშას გასამრჯელოს არ გადაუხდიდა, თუმცა ამ შემთხვევაში მას არც ფინანსებთან და არც მიღება-ჩაბარებასთან ჰქონია საქმე.
ის, რომ სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული, ჩვენთან საუბრისას ადასტურებს სოფელ იანეულის საბავშვო ბაღის გამგე. როგორც გვითხრეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები საკრებულოს წევრებმა _ დავით შარაშიძემ, ქეთევან სიხარულიძემ და გამგებელმაც მოინახულეს და უკმაყოფილებაც გამოთქვეს, თუმცა, ჩატარებული სამუშაოები ხარისხიანი დღესაც არ არის.
ინსპექტირების ჯგუფის მიერ ჩაბარებული იანეულის საბავშვო ბაღის ერთ-ერთი "ხარისხიანი" დეტალი კედელში სახელდახელოდ ჩაჭედილი ქვაცაა, რომლის დანიშნულებაც, ბაღის აღმზრდელების განმარტებით, თაგვისგან დაცვაა.
როგორც აღვნიშნეთ, ხელშეკრულების ფარგლებში, სოფელ სამებისა და სოფელ ამაღლების ბაღებიც გაკეთდა, თუმცა, იქ მისულებს გვითხრეს, რომ არც ერთ სოფელში საბავშვო ბაღი არ არსებობს.
ამაღლების რწმუნებულის ვიტალი დოლიძის განმარტებით, შენობა, რომელიც მხოლოდ გადაიხურა, სამომავლოდ ბაღისთვის არის განკუთვნილი. იგივე მდგომარეობაა სამებაშიც, სადაც იატაკზე ხის პანელის მასალაა დაგებული: _ ეს ობიექტი ჩაბარებული როგორ იქნება, აქტზე ვინ მოაწერდა ხელს?! მითხრეს, რომ არ ჩაიბარებდნენ. როცა ობიექტზე მუშაობდნენ, ვუთხარი კიდეც, ასეთი იატაკი ვის გაუგია, გადაკერებულია მასალა. ამ ბაღში 7 000 ევროს სამუშაოები ნორვეგიელებმა უნდა ჩაატარონ და ამას რომ ნახავენ, მაინც აგაღებინებენ,-მეთქი. ამაზე კი მიპასუხეს, რომ ხარჯთაღრიცხვაში არ ეწერათ, გადაკერებულ იატაკს დააგებდნენ თუ სწორს, _ ამბობს დოლიძე.
სამებისა და ამაღლების ე. წ. ბაღების რეაბილიტაციის შესახებ საქმის კურში არ აღმოჩნდნენ ბაღების გაერთიანებაში. გაერთიანების ხელმძღვანელის ნინო ბარამიძის თქმით, არც სამებაში და არც ამაღლებაში ბაღი არ არსებობს, შენობა არც მათ ბალანსზეა და შესაბამისად, არც მიმდინარე სამუშაოებისა იციან რამე.
გამგებლის მოადგილე თამაზ ჯინჭარაძე კი ამბობს, რომ როცა საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის საკითხს განიხილავდნენ, მას ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელიც ესწრებოდა:
_ თბილისში დაიგეგმა, რომელი ბაღი უნდა გაკეთებულიყო. მე მომხრე ვიყავი, რომ გაკეთებულიყო ორი ბაღი და კაპიტალურად, ასევე მინდოდა რომ ვანზომლეთის ბაღის გაკეთება, თუმცა, ასე გადაწყვიტეს თბილისში.
_ ბატონო თამაზ, ხელშეკრულებაში წერია, რომ უნდა მოხდეს სამებისა და ამაღლების ბაღების რეაბილიტაცია. იგივე წერია მიღება-ჩაბარების აქტში. არადა, აღნიშნულ სოფლებში არც ბაღებია და არც ე. წ. გარემონტებული შენობებია მუნიციპალიტეტის ბალანსზე.
_ არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება, რომ გადმოგვეცემოდა. წერილიც მივწერეთ ეკონომიკის სამინისტროს. იმათ მიწერეს გუბერნიას, ამის შემდეგ კვალი იკარგება _ არაფერი არ ვიცით, _ ამბობს ჯინჭარაძე.
წერილი, რომელზეც გამგებლის მოადგილე საუბრობს, 2014 წლის 26 მაისით არის დათარიღებული: "გაცნობებთ რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში შემოსულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წერილი, რომელიც ეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ამაღლებაში მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებასა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის საკითხს, შემდგომში საბავშვო ბაღის განთავსების მიზნით. გიგზავნით აღნიშნულ წერილს. გთხოვთ, განიხილოთ და მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრება ზემოხსენებული უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით," _ აღნიშნულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის დიმიტრი ქუმსიაშვილის მიერ გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის გაგზავნილ წერილში.
როგორც ჯინჭარაძე განმარტავს, ამ წერილზე გუბერნიას პასუხი არ გამოუგზავნია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ივნისში გააფორმა ხელშეკრულება, სადაც წერია "ამაღლების საბავშვო ბაღი". იგივე წერია ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილ საბოლოო მიღება-ჩაბარების ოქმში, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოფელში არც ბაღია და არც შენობაა მუნიციპალიტეტის ბალანსზე.
_ კონკრეტულ წერილზე ამ ეტაპზე საუბარი არ შემიძლია, რადგან ოფისში არ ვიმყოფები და ვერ გეტყვით, მოხდა თუ არა რეაგირება. გავერკვევი, წერილს მოვიძიებ და კომენტარსაც შემდგომ გავაკეთებ, _ გვითხრა გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ, რომელიც ამ თემაზე ვრცელ განმარტებებს დღეს, გადაცემა "კვირის თემაში" გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის გამგეობიდან არავის გაუგზავნია წერილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომელშიც მითითებული იქნებოდა, რომ აღნიშნულ სოფელში ბაღები არ არსებობდა და არც შენობები იყო მათ ბალანსზე. როგორც დოკუმენტები ცხადყოფენ და გამგებლის მოადგილეც ადასტურებს, ხელშეკრულება ვიღაცის მიერ სიტყვიერი მითითების შედეგად შედგა და ჩაიწერა სიტყვა _ "ბაღები", თუმცა, ვინაა ეს "ვიღაცა", არ კონკრეტდება.
რაც შეეხება სამების ე. წ. "საბავშვო ბაღს", როგორც თამაზ ჯინჭარაძე ამბობს, ის არც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და არც მუნიციპალიტეტის(?!): _ სოფლისაა. ადრე იყო მანდ ბაღი. რამდენიმე ადამიანს ეკუთვნის სოფელში, _ დასძენს ჯინჭარაძე, თუმცა იმ "ვიღაცის" მსგავსად, ეს "რამდენიმე ადამიანიც" არავინ იცის, ვინაა. არადა, ამ "რამდენიმე ადამიანს" შენობა ბიუჯეტის ფულით ისე გაურემონტეს, რომ არც არაფერი ჰკითხეს და არც დოკუმენტი შეადგინეს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის თქმით, გამგებლის, ირაკლი კუჭავას გადაწყვეტილებით, უკვე მოწვეულია სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო და კომენტარები მათი დასკვნის შემდეგ გაკეთდება:
_ საკრებულო აპირებს ამ თემაზე მსჯელობას. მანამდე ვერანაირ შეფასებას და კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ გამოვრიცხავ, რომ საგანგებო სხდომაც მოვიწვიო, _ გვითხრა მამალაძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ დაუსაბუთებლად არც არავის დაადანაშაულებენ და არც არავის დააფარებენ ხელს: _ შესყიდული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით მართლაც სერიოზული პრობლემები არსებობდა და ჯერ კიდევ არსებობს. ამას ნაწილობრივ ობიექტური, ანუ კანონმდებლობასთან დაკავშირებული მიზეზებიც განაპირობებს. ამის თაობაზე გურიის გუბერნატორი ბატონი გიორგი ჩხაიძეც აღნიშნავდა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში. მხედველობაში მაქვს კომპანიების მიერ ფასების დაწევის მექანიზმი. კომპანიები ელექტრონული ტენდერების მიმდინარეობის დროს, სამუშაოების შესრულებაზე უფლების მოპოვების მიზნით, არ ერიდებიან ფასების დაკლებას. შემდეგ ვეღარ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს (მაგალითად, როგორც კულტურის სახლის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელსაც ხელშეკრულება შევუწყვიტეთ) ან ასრულებენ უხარისხოდ.
რაც შეეხება თქვენს პუბლიკაციაში წამოწეულ თემას, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის ტენდერი ჩვენ ჩატარებული დაგვხვდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჯერ კიდევ უფლებამოსილებაში შესვლამდე, შევხვდი შპს "შემოქმედმშენის" ხელმძღვანელს გია შილაკაძეს, ასევე მის ქვეკონტრაქტორს და ვთხოვე, რომ სამუშაოები ზედმიწევნით ხარისხიანად შეესრულებინათ. კითხვაც დავუსვი, თუ როგორ აპირებდნენ იმ სამუშაოების შესრულებას 181 000 ლარად, რომლის თავდაპირველი სატენდერო, სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 255 000 ლარს შეადგენდა. განაცხადეს, რომ აქვთ კარგი გამოცდილება, სამშენებლო მასალებზე წვდომა და შესრულება არ გაუჭირდებოდათ. სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას არა ერთხელ, პირადად და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად ვიყავით ამ ობიექტებზე, კონკრეტული შენიშვნებიც მივეცით; ინსპექტირების ჯგუფიც გაფრთხილებული იყო, მათ შორის, სამშენებლო მასალების შესაბამისი სერთიფიკატის წარმოდგენაზე (მშენებელ კომპანიას ასეთი სერთიფიკატი წარმოდგენილი აქვს). უფრო მეტიც, როცა დავრწმუნდი, რომ პროექტი (ავტორი ი. მ. დოლბაია) მორგებული იყო თანხებზე და არა სრულ რეაბილიტაციაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 27 000 ლარი გამოვუყავით რეაბილიტაციის, მეტ-ნაკლებად მაინც, კონდიციამდე მისაყვანად. ასევე, დამატებით გამოვყავით საბავშვო ბაღებისათვის ახალი ავეჯის შესაძენად 32 300 ლარი. ჩვენი ბიუჯეტისთვის ეს ცოტა თანხა არ არის. პრევენციის კიდევ ერთი მექანიზმი შემოვიღე _ კერძოდ, ბაღების დირექტორების ჩართვა მიღება-ჩაბარების პროცესში. ამიტომაც მოვთხოვე სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელს, ქალბატონ ნინო ბარამიძეს, წერილობით დაედასტურებინა სარემონტო სამუშაოების ხარისხიანობა. პირველი სექტემბრით დათარიღებული ასეთი წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნიათ, მივიღე კიდეც.
ახლა იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებები გატარდება ამ ეტაპზე. პირველ რიგში, შეიცვლება ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი და გადახალისდება შემადგენლობა. ეს ამ პუბლიკაციამდეც გადაწყვეტილი მქონდა, არა იმიტომ, რომ რაიმე ფაქტი გამაჩნია ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერების შესახებ (დაუსაბუთებლად ბრალს არავის დავდებ, მათ შორის არც შემსრულებლებს, რომლებმაც პროექტში გაუთვალისწინებელი სამუშაოებიც შეასრულეს ბაღების დირექტორების თხოვნით). მიმაჩნია, რომ მაკონტროლებელი კომისიების შემადგენლობა ხშირად უნდა განახლდეს ადამიანური სისუსტეების გამოსარიცხად.
ხელშეკრულებაში არის ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომლის თანახმადაც, მიმწოდებელი ვალდებულია, ხუთი წლის განმავლობაში, მისი მიზეზით გამოწვეული ხარვეზები აღმოფხვრას საკუთარი ხარჯით. იმის დასადგენად, თუ რა მასშტაბის ხარვეზებია და რა თანხებთან არის ეს დაკავშირებული, უკვე მოვიწვიეთ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, რომლებიც დაადგენენ შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და მოცულობას.
კიდევ ვიმეორებ, დაუსაბუთებლად არც არავის დავადანაშაულებთ და არც არავის დავაფარებთ ხელს. ყველას ვთხოვთ გაითვალისწინოს _ კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება. დროა ვისწავლოთ პატიოსნად ცხოვრება ჩინოვნიკებმაც და ბიზნესმენებმაც, _ აღნიშნა კუჭავამ ჩვენთან საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ჩოხატაურში #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები იაპონიის მთავრობის ფინანსებით სრულდება და თანადაფინანსებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ახორციელებს.
როგორც გავარკვიეთ, იაპონელები, ამ ეტაპზე, ობიექტს იმ მიზეზით არ იბარებენ, რომ რიგი სამუშაოები დაუსრულებელია და ზოგიერთი რამ უხარისხოდაა გაკეთებული.
ამ ფონზე კი ჩნდება შეკითხვა _ რა დაინტერესება შეიძლება ჰქონდეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ინსპექტირების ჯგუფს, როცა უხარისხო ობიექტებს "ხარისხიანად" მიიჩნევს და შესაბამის აქტსაც აფორმებს? ამ კითხვით ჩვენ ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელს, გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსს ვლადიმერ ლომთათიძეს მივმართეთ, თუმცა, ლომთათიძემ კომენტარი არ გააკეთა, გადაღებაში ხელი შეგვიშალა და გამგეობის დერეფანში "საქმის რჩევა" დაგვიწყო, "რა უფლებით მიღებთო" და დასძინა: _ სკანდალი გინდათ თქვენ! არ გავაკეთებ კომენტარს, რადგან რაც დაწერეთ, ის არ მომწონს! _ საკუთარი საუბარი აღარ მოეწონა ლომთათიძეს, როცა ამბობდა, რომ "ჩოხატაურში სხვანაირად არ იციან საქმის კეთება და ყველა ობიექტი ასე კეთდება".
ჩვენი ინფორმაციით, ამ საკითხით ფინანსური პოლიციაც დაინტერესდა.
ფილმი _ "როგორ გაარემონტეს არსებული და არარსებული საბავშვო ბაღები", ნახეთ აქ.
"გარემონტებული" ტუალეტი სოფელ იანეულის საბავშვო ბაღში
ჩოხატაურის #2 საბავშვო ბაღში "პლინტუსების" დაგება "დაავიწყდათ"