სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მოსახლეობამ სადაზღვევო კომპანიებთან აქტიურად ითანამშრომლა და პროგრამა ფერმერებისთვის საინტერესო და ხელსაყრელი აღმოჩნდა.
საპილოტე პროგრამისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სუბსიდიის თანხა _ 5 000 000 ლარი უკვე ათვისებულია. თუმცა, როგორც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში განმარტავენ, ეს დაზღვევის პროცესს ხელს არ შეუშლის.
როგორც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერი ლევან მაღრაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას განმარტავს, აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. აქედან გამომდინარე, პროგრამა სამომავლოდაც გაგრძელდება.
"ბოლო მონაცემებით, სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 15 ათასზე მეტი პოლისი და დაზღვეულია 135 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების რისკი. რადგან ახლა ციტრუსის სეზონია, პროგრამაში ცვლილებები შევიდა და მაქსიმალურად ამ მოსავლის დაზღვევაზე ვართ გადართულები. მომავალი წლიდან კი, უკვე საგაზაფხულო კულტურების დაზღვევას დავიწყებთ. ცვლილებები ფერმერებისთვის ხელსაყრელი იქნება. საგაზაფხულო მოსავლის დაზღვევას კი იანვრიდან, პროგრამის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში შეძლებენ", _ აცხადებს მაღრაძე და დასძენს, რომ ეს ბიუჯეტი მომავალი წლიდან ორჯერ, 10 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
რაც შეეხება პროგრამის მიზნებს, მისივე თქმით, "ეს მიზანი, ფაქტობრივად, მიღწეულია _ საშემოდგომო კულტურების დაზღვევა აქტიურად მიმდინარეობს".
"საშემოდგომო ყინვაზე მოსავლის დაზღვევის ვადა 10 დეკემბრამდეა; ამიტომ, თუ კიდევ არიან ისეთი გლეხები, რომლებსაც სურთ თავიანთი მოსავლის დაზღვევა, მათთვის სასურველ სადაზღვევო კომპანიას სასურველია 10 დეკემბრამდე მიმართონ", _ აცხადებს მაღრაძე.
შეგახსენებთ, რომ აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში სახელმწიფო სადაზღვევო თანხის 70-95%-მდე თანხას ანაზღაურებს, ხოლო გლეხს, მომხმარებელს ან დამზღვევს ექნება შესაძლებლობა 0,5%-დან, გარკვეული შკალების მიხედვით, გადაიხადოს დაზღვევის პროცენტი. ყველას შეუძლია დააზღვიოს ნაკვეთი ან მოსავალი, მათაც კი, ვისაც მიწა რეგისტრირებული არ აქვს; ამ შემთხვევაში ან აზომვით ნახაზს იყენებს, ან ჯი-პი-ეს კოორდინატს სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი აიღებს. რაც შეეხება დაზღვევის ანაზღაურებას, სახელმწიფოს მხრიდან ეს 70- დან 95%-მდე სუფსიდირდება. მაგალითად, 1 ტონა მანდარინის დასაზღვევად გლეხი წელიწადში 2 ლარს და 40 თეთრს იხდის.
რაც შეეხება რისკებს, ამ დროისთვის დაზღვევა 4 ტიპის რისკზეა _ საშემოდგომო ყინვა, სეტყვა, ქარიშხალი და ჭარბი ნალექი. თუმცა, შესაძლოა, მომავალი წლიდან ამ რისკების კორექტირებაც მოხდეს და მას საგაზაფხულო ყინვა და გვალვის რისკი დაემატოს.
ფერმერები აგროდაზღვევის პროექტს დადებითად აფასებენ, მიაჩნიათ, რომ აგროდაზღვევა აუცილებელი და გადაუდებელი სიახლე იყო, მაგრამ მისი დახვეწისა და სრულყოფილად ამუშავების მიზნით, საკუთარ მოსაზრებებსაც სთავაზობენ სახელმწიფოს. მაგალითად, მანდარინის მოსავალი რომ მაღალხარისხიანი იყოს და სრულად სიმწიფეში შევიდეს, საჭიროდ მიაჩნიათ, შეისწავლონ, როდისაა დაკრეფის ოპტიმალური ვადა.
გარდა ამისა, ფერმერები მოსავლის დაზღვევის ვადის 10 დეკემბრიდან იანვრამდე გადაწევას ითხოვენ, რადგან მათი განმარტებით, ხშირად მოსავლის დაკრეფა ამ პერიოდამდე ვერ ხერხდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის მკვიდრი ვახტანგ ბაქანიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აგროდაზღვევის პროგრამით ისარგებლა. მას კარგად ესმის ამ პროგრამის მნიშვნელობა. წინა წლებში ნაადრევმა ყინვებმა მოსავალი მთლიანად გაუფუჭა და ზარალის ანაზღაურებაზეც არავის უზრუნია; ახლა კი, საფრთხის შემთხვევაში, აგროდაზღვევის პროგრამის დიდი იმედი აქვს:
"ხანდახან,ხდება, რომ მოსავალი იანვრამდეც კი ვერ ასწრებს დამწიფებას, შესაბამისად, მოსავლის მოყინვის რისკი იზრდება. კარგი იქნება, სამომავლოდ თუ გაითვალისწინებენ და სარისკო პერიოდს თუნდაც 10 დღით გადაწევენ სადაზღვევო კომპანიები. ამ პერიოდში მოსავლის 70% უკვე დაკრეფილია", _ ამბობს ბატონი ვახტანგი.
იმის მიუხედავად, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის მკვიდრ ეთერ ლომჯარიას ციტრუსის დიდი ბაღი არ აქვს, მაინც აქტიურად ჩაერთო აგროდაზღვევის პროგრამაში. მისი თქმით, პროგრამა განსაკუთრებით დაეხმარება მის მეზობლებს და თანასოფლელებს, რომლებსაც დიდი ბაღები აქვთ და რამდენიმე ტონა ციტრუსის დაკრეფას გეგმავენ:
"ჯერჯერობით მოსავლის დაკრეფა დაწყებული არ გვაქვს, რადგან ჯერ ნაყოფი მწიფე არ არის. ჩვენთან მანდარინის კრეფის პერიოდი ხანდახან იანვარშიც გრძელდება. კარგი იქნება, თუ სადაზღვევო კომპანია ცოტათი გადაწევს სამომავლოდ ამ ვადას; ეს ძალიან დიდი თანადგომა იქნება მათთვის, ვისაც დიდი მოსავალი აქვს და დაკრეფას ვერ ასწრებს," _ ამბობს ქალბატონი ეთერი.
ფერმერები და მეურნეები წარმატებული პროგრამის გაფართოვების პერსპექტივებზეც საუბრობენ და პროგრამაში საკარმიდამო მიწების დაზღვევის ჩართვის საჭიროებასაც ხედავენ.
ამასთან, მათივე აზრით, კარგი იქნება, თუ ბანკსა და გლეხს შორის, კრედიტის აღებისას, შუამავალი დამზღვევი ორგანიზაციები იქნებიან:
"გლეხს, ამ შემთხვევაში, ბანკიდან კრედიტის აღებაც გაუადვილდება, რადგან დამზღვევი კომპანია შუამავალი იქნება. დღეს კრედიტის აღება ჭირს, შესაბამისად, ჩვენი საქმიანობის გაფართოებასაც ვერ ვახერხებთ. კრედიტების აღების შემთხვევაში კი, ეს შესაძლებელი იქნება, სოფელიც ამოისუნთქავს", _ ამბობს ვახტანგ ბაქანიძე.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლების რჩევაა, მოსავალი დროულად მოიკრიფოს, რათა არც მოსავალი გაფუჭდეს და რეალიზაციისთვისაც მეტი დრო ჰქონდეს ფერმერს თუ მეურნეს.
აგროდაზღვევის პროგრამის შედეგების შეჯამება და სამომავლო გეგმების განხილვა წლის ბოლოს პროგრამის დეტალური ანალიზის შედეგად მოხდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ დაზღვეული მოსავლის დაზიანებისას, მის კონტროლს და შემოწმებას სადაზღვევო კომპანია განახორციელებს. თუმცა, ბენეფიციარს შეუძლია დამოუკიდებელი ექსპერტი მოიწვიოს. ამ შემთხვევაში, თანხა გლეხსა და სადაზღვევო კომპანიას შორის თანაბრად იყოფა. გარდა ამისა, საკითხის გადაწყვეტა სასამართლო გზითაც არის შესაძლებელი.
(R)