რამდენიმე საათის წინ, გამოცემამ „El Mundo Deportivo” გაავრცელა ცნობა, რომ კატალონიური „ბარსელონასა“ და ესპანეთის ეროვნული გუნდის 27 წლის ნახევარმცველი ხერარდ პიკე კარიერის გაგრძელებას ინგლისში აპირებს.
ესპანეთის პირველობის ბოლო სამ შეხვედრაში პიკე მოედანზე არ გამოჩენილა. აღმოჩნდა რომ ნახევარმცველს კლუბის ამჟამინდელ თავკაცთან, ლუის ენრიკესთან რთული პირადი ურთიერთობა გააჩნია.
დაახლოებით ერთი კვირის წინ, ბატონმა ენრიკემ მომღერალი შაკირას ახლო მეგობარი „ბარსას“ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა. იმ დღეს ლეო მესი და მისი თანაგუნდელები კატალონიის სუპერთასის გადამწყვეტ შეხვედრაში, ბარსელონას „ესპანიოლს“ დაუპირისპირდნენ.
პიკემ წყენა გულში ჩაიდო და ერთ-ერთ საწვრთნელო ვარჯიშზე მთავარ მწვრთნელს საკუთარი მოსაზრებები დაუფარავად გაანდო. ენრიკეს „შურისძიებამ“ არ დააყოვნა. ამ უკანასკნელმა 27 წლის მოთამაშე „ბარსელონას“ სათადარიგოთა შემადგენლობაში გადაისროლა და ძირითად გუნდს დღემდე ახლოსაც არ აკარებს.
ესპანური სპორტული მას-მედიის მტკიცებით, 2015 წლის იანვრის სატრანსფერო ცვლილებების პერიოდში პიკე კატალონიის დედაქალაქს აუცილებლად დატოვებს.
კულუარული ცნობებით, „ურჩი ნახევარმცველი“ კარიერას ქალაქ მანჩესტერის რომელიმე გუნდში ან ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს.