რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ მოსკოვის სასტუმრო "რედისონ სლავიანსკაიაში" პრესტიჟული ნომინაცია – "რუსული თასის" ახალი ლაუერატები დაასახელეს.
ეს ჯილდო ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წლეულს უკვე 21-ედ გაიმართა.
მის ნომინანტებად ჩოგბურთში, საბჭოთა პერიოდისა და რუსეთის დამოუკიდებლობის წლებში განსაკუთრებით თავგამოჩენილი სპორტსმენები სახელდებიან.
ამჯერად "გამარჯვებულები" ერთდროულად 13 ნომინაციაში გამოვლინდნენ. არ შევუდგები ყველა მათგანის ჩამოთვლას, ერთს კი მოგახსენებთ.
რუსებმა ნომინაციაში – "საბჭოთა და რუსული ჩოგბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის" გამოჩენილი ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი გამოარჩიეს.
ბატონი ალექსანდრე ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის ტელეკომპანია "ენ-ტე-ვეს" თანამშრომელია და ჩოგბურთის რეპორტაჟებს უძღვება.