სოციალურ ქსელში გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, გურიის გუბერნატორმა, გიორგი ჩხაიძემ, "ნაციონალურ მოძრაობას" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ 60 000 ლარი გადაურიცხა.
"ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მიხეილ გოგოტიშვილის თქმით, ეს "სასიამოვნო ინფორმაცია" ჩვენგან გაიგო:
_ არ ვიცოდი. კარგია, თუ კეთილი საქმეები უკეთებია. ვურჩევდი, ახლაც ასე გააგრძელოს, დაანებოს მაფიოზურ მთავრობაში მუშაობას თავი და დაადგეს იმ გზას, რაც მნიშვნელოვანია, _ გვითხრა გოგოტიშვილმა.
"გაერთიანებული დემოკრატების" წევრი ლელა ნაცვალაძე ამბობს, რომ მისთვის ყველა ის ადამიანი მიუღებელია, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდა:
_ მე ბევრი ისეთი ადამიანი ვიცი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ემსახურებოდა და დღეს თანამდებობაზეა. ჩემთვის ყველა ის ადამიანია მიუღებელი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდა მაშინ, როცა პოლიტიკურ არენაზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, _ გვითხრა ნაცვალაძემ.
გიორგი ჩხაიძე ამბობს, რომ თანხა იძულებით გადაახდევინეს:
_ სამწუხარო ფაქტია ის, რომ დღეს იმ 60 000 ლარზე მიწევს საუბარი, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" იძულებით გადამახდევინა. გეტყვით იმას, რომ მათი მართველობის პერიოდში, ჩემი მაშინდელი კომპანიები, ისევე როგორც საქართველოში არსებული ასობით კომპანია, მუდმივ წნეხს განიცდიდა. ხსენებული 60 000 ლარი მხოლოდ ის თანხა არ არის, რომელიც მე მათ ( იგულისხმება "ნაციონალური მოძრაობა" ) ხაზგასმით ვამბობ, იძულებით გადამახდევინეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩნდებოდი გაკოტრებულად, ან გისოსებს მიღმა.
მაშინდელი მმართველი პარტიის _ "ნაციონალური მოძრაობის" დავალებით ფინანსური პოლიცია არაერთხელ შემოვიდა, კომპანიებში სადაც ადრე ვიყავი აქციების მფლობელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ასევე ერთ-ერთი კომპანიის გენერალური დირექტორი, რათქმაუნდა კომპანიების გაკოტრების მიზნით. ჩემი აზრით ამით ყველაფერია ნათქვამი.
ვფიქრობ, მაშინ ყველაზე დიდი გაღიზიანება იმ ფაქტს მოყვა, როცა მე უარი განვაცხადე " ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემოთავაზებულ რაიმე სახის სქემაში მონაწილეობაზე, რომელიც რათქმა უნდა "ქართუ ბანკის" წინააღმდეგ იყო მიმართული. უფრო მეტიც , 2005 წლიდან გავხდი "ქართუ ბანკის " კლიენტი და ერთ-ერთი უმსხვილესი დებიტორი. ბანკმა "ქართუმ" ყველაზე უკეთ იცის, რომ მე გამჭვირვალე ბიზნესი მქონდა. ნაციონალებმა კი, ეს არ მაპატიეს და ფინანსური პოლიციის დევნის საგანი, მე და ჩემი ოჯახი არაერთხელ გაგვხადეს, _ აღნიშნა გურია ნიუსტან საუბრისას გურიის გუბერნატორმა.
P.S. "გურია ნიუსი" გიორგი ჩხაიძის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაგროვებულ ქონებაზე, წართმეულ ბიზნესზე და გაცემულ "ატკატებზე" ერთი წლის წინ წერდა.
იხილეთ სტატიები: გუბერნატორს აფხაზეთში საქმიანობის ნებართვა გილაურმა მისცა; არღვევს თუ არა გურიის გუბერნატორი კანონს; რატომ დათანხმდა გიორგი ჩხაიძე ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონის გუბერნატორობას.