14 ნოემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა სახალხო თეატრმა, რომელიც 130 წლისაა, კიდევ ერთხელ წარმატებით აჩვენა მაყურებელს სპექტაკლის პრემიერა _ "გამოდი სულო სინათლეზე" ანუ "ჭკვიანი გიჟები" (ნ. დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით). სპექტაკლის რეჟისორი და მხატვარი გოგი ცინცაძე გახლდათ.
პრემიერა წარმატებული აღმოჩნდა და სახალხო თეატრის გუნდმა დამსახურებული აპლოდისმენტებიც მიიღო:
_ არსებობისთვის ბრძოლის ასპარეზად ქცეულ ცხოვრების ორომტრიალში, ამ სათავისო ფუსფუსში, ვნახეთ დინების საპირისპიროდ მცურავი ადამიანები, როგორ უანგაროდ, დიდი სიყვარულით, ერთმანეთის პატივისცემით, წარმატებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. ძნელია გამოარჩიო რომელიმე მათგანი, უკვე ნაცნობი, თუ ახალი მსახიობი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ გამაოცა ქეთევან კუკულავას სამსახიობო ოსტატობამ. რაღაც იდუმალი და რომანტიკული, თბილი, მსუბუქი იუმორით, სულიერ ღირებულებებზე და ფასეულობებზე ორიენტირებული მისი მარგო, ვფიქრობ, დიდი თეატრის სცენას დაამშვენებდა, _ აღნიშნა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ქეთევან სიხარულიძემ.
მისივე თქმით, თეატრის გუნდს და ჩოხატაურის კულტურის ცენტრს მადლობა ეკუთვნის შრომისთვის, რათა სახალხო თეატრსა და კულტურის სხვა დარგებში შემოქმედებითი პროცესები არ ჩაქრეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ თეატრის მსახიობებს რეპეტიციები რთულ პირობებში უწევთ. დარბაზის არქონის გამო, სპექტაკლები ერთ პატარა ოთახში იდგმება და ის, რასაც მაყურებელი ხედავს, რაც აღაფრთოვანებს, მართლაც დიდი შრომის შედეგია, რის წარდგენაც ჩოხატაურის კულტურის ცენტრს ნაქირავებ დარბაზში უწევს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved