23 ნოემბერს, 17:00 საათზე, ბორჯღალოსნები წლევანდელი ტესტ-სერიის ბოლო მატჩში, იაპონიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ.
შეხვედრა, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნება. ამ მატჩით საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მხარდაჭერას გამოუცხადებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობას გენდერული თანასწორობისთვის HeForShe და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაწესებულია საუკეთესო მოთამაშის ჯილდო, რომელიც მატჩის დასასრულს სპეციალური ჟიურის მიერ არჩეულ მორაგბეს გადაეცემა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში 2011 წლიდან მონაწილეობს. ამ კამპანიის ფარგლებში, მორაგბეებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას არაერთი საერთაშორისო მატჩი მიუძღვნეს.
"მე, როგორც ორი გოგონას მამას გათავისებული მაქვს ამ პრობლემის სიმძიმე, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოძრაობის მხარდაჭერა.
ქართული რაგბი უკვე რამდენიმე წელია მხარს უჭერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და ეს ჩვენთვის, როგორც ერთი დიდი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ მამაკაცებმა ავიმაღლოთ ხმა და დავგმოთ ძალადობა, ამიტომ სიამოვნებით ვუერთდებით გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობას HeforShe", – აცხადებს ქართველ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი.
ფოტო: მაკა გოგოლაძე