ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები – შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან.
საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ ინიშნება, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ამჟამად ძებნილი ზურაბ ადეიშვილი კი, ანტიკორუფციულ საკითხებში მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს.
ამის შესახებ ინფორმაციას "Frontnews” ავრცელებს, რაც გამოცემის ცნობით, უკრაინის შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უკვე დაადასტურეს.
ეკა ზღულაძეს პოსტზე ოფიციალურად, სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისშივე წარადგენენ.
ცნობისთვის, ეკა ზღულაძე საქართველოში რამდენიმე წლის განმავლობაში იკავებდა ძალოვან უწყებაში მინისტრის მოადგილის თანამდებობას. მას შემდეგ, რაც შს ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ციხის სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ, პენიტენციურ სისტემაში განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და თანამდებობა დატოვა, ეკა ზღულაძე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა და საქმიანობას სამინისტროში ირაკლი ღრაიბაშვილის მისვლამდე განაგრძობდა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თავის დროზე განაცხადა, პირადად მან შესთავაზა ზღულაძეს უწყებაში დარჩენა, თუმცა შეთავაზება ზღულაძემ არ მიიღო.
რაც შეეხება ქართველი სამართალდამცველების მიერ ინტერპოლის "წითელი ცირკულარით“ ძებნილ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ანტიკორუფციულ საკითხებში მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს, სავარაუდოდ, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მას საზოგადოებას მომავალი კვირის დასაწყისში, ახალი სამთავრობო გუნდის წარდგენისას გააცნობს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის გუნდმა უკრაინის რადას მიმართა ინიციატივით შესაბამისი ცვლილებების გატარების თაობაზე, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს უკრაინაში მინისტრის პოსტის დაკავების უფლებას მისცემს. საუბარია საქართველოს, აშშ-ის, გერმანიის, პოლონეთისა და ლიტვის მოქალაქეობის მქონე პირებზე.
“გურია ნიუსი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად "ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, ზღულაძისა და ადეიშვილის თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ აქვთ.
ცნობისთვის, უკრაინის მთავრობაში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნის საკითხი პირველი არ არის.
2014 წლის მაისის ბოლოს უკრაინის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შეთავაზება საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, კახა ბენდუქიძემ მიიღო. ის, ლატვიის, პოლონეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენლებთან ერთად უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს მრჩეველთა ჯგუფში მიიწვიეს. უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სათათბირო საბჭოში მას, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, 2020 წლამდე უკრაინის განვითარების სტრატეგია უნდა შეემუშავებინა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მთავრობა კახა ბენდუქიძის ეკონომიკის მინისტრად ან ვიცე-პრემიერად დანიშვნასაც აპირებდა, თუმცა, ამას ხელი ბენდუქიძის მოულოდნელად გარდაცვალებამ შეუშალა.
კიდევ ერთი ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოში იუსტიციის სახლების რეფორმირების ავტორი გიორგი ვაშაძე ამავე საკითხში უკრაინის ხელისუფლებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დღემდე აქტიურად თანამშრომლობს.
როგორც ვაშაძემ "გურია ნიუსს“ უთხრა, უკრაინაში მისი ორგანიზაცია – "ინოვაციების და განვითარების ფონდი“ რეფორმების გასატარებლად, რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.
"დაწყებული იუსტიციის სახლებიდან, გაგრძელებული ანტიკორუფციული რეფორმებით, ასევე დევნილების რეგისტრაციის საკითხები, ადმინისტრაციული სერვისების გამარტივება, შესყიდვების თემა, სამართალდამცავი ორგანიების განვითარება და ა.შ. ჩვენი თანამშრომოლობა 2014 წლიდან დაიწყო და აქტიურად გრძელდება“, – ამბობს ვაშაძე.
კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი კი, ვინც მსგავსი შეთავაზება მიიღო, ყოფილი პრემიერი ნიკა გილაურია. ის უკრაინის ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე განიხილებოდა, თუმცა, როგორც გილაური ამბობს,"ეს პოზიცია იურიდიულ წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემ სხვა მოქმედ ხელშეკრულებებთან“, რის გამოც უარი თქვა.