"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ბოხვაურის საჯარო სკოლას, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაღუპული გმირის, ამ სკოლის კურსდამთავრებულის, გია გოგუაძის სახელი მიენიჭა.
ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბრის დროს ადასტურებს, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ლელა იმედაშვილი.
"2014 წლის 2 დეკემბერს, დილით 11.00 საათზე, ბოხვაურის საჯარო სკოლაში, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური სტუმრების ვიზიტი იგეგმება", _ გვითხრა ლელა იმედაშვილმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება #132/ნ შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლას მიენიჭა გია გოგუაძის სახელი.
გია გოგუაძემ 2009 წელს დაასრულა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლა. 2010 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის საინჯინრო-ქიმიურ ასეულში. გმირულად დაიღუპა 2011 წლის 18 ივნისს ავღანეთის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს.