გუშინ ფრანგულმა გამოცემამ „Le Monde” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
შვედეთის ეროვნული გუნდისა და კლუბი „პარი სენ ჟერმენის“ საუკეთესო თავდამსხმელმა, 33 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ფრანგ ჟურნალისტებთან საუბარში მიუნჰენის „ბაიერნში“ გადასვლის სურვილი გამოთქვა.
„მიუნჰენური გუნდი ევროპის კონტინეტზე ერთ-ერთი საუკეთესოა და მის რიგებში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი.
კარიერის დასრულებამდე დრო კიდევ მაქვს. თუ თამაშის გერმანიაში გაგრძელებას გადავწყვეტ, ჩემი უპირველესი არჩევანი “ბაიერნი” იქნება. მიმაჩნია, რომ ეს გუნდი მსოფლიოს საუკეთესო 5 კლუბს შორის შედის.
არაერთ ქვეყანაში მიცხოვრია: შვედეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში და ესპანეთში. ამჟამად საფრანგეთში ვცხოვრობ. გერმანიაში დიდი სიამოვნებით დავსახლდებოდი.”- განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.
საინტერესოა რომ შვედ ფეხბურთელს „ბაიერნის“ ამჟამინდელ თავკაცთან, კატალონიელ ფეხბურთის სპეციალისტ პეპ გვარდიოლასთან კარგი ურთიერთობა არ გააჩნია. ამ მიზეზის გამო მისმა ბოლო განცხადებამ მსოფლიო სპორტულ მასმედიაში დიდი გაკვირვება გამოიწვია.