ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფიციალური დასკვნის თანახმად, ჩოხატაურის #1 ბაგა-ბაღში განხორციელებულ სამუშაოებში ბევრი ხარვეზია.
ეს დასკვნა მას შემდეგ გაკეთდა, რაც "გურია ნიუსმა" ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და საზოგადოებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გარემონტებული 5 საბავშვო ბაღის შესახებ უამბო.
რემონტი პირობითად, რადგან ერთ შემთხვევაში, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობაა გადახურული, მეორე შემთხვევაში კი კერძო შენობა გარემონტდა. თანაც ისე, რომ ლამის მთელი საქართველოს დასაცინი გახდა _ რეაბილიტაცია ჩვენებურად კედლების გარეშე მდგარ კარსაც ნიშნავს. რაც შეეხება დანარჩენ სამ ბაღს, იქ დაგებული ლამინატი და ჩასმული კარები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, დავიწყებულია "პლინტუსები" და .აშ.
ამ ფაქტების გასაჯაროების შემდეგ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ექსპერტიზა მხოლოდ ერთ ბაღის სამუშაოებზე ჩაატარა იმ მიზეზით, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად სახსრები აღარ ქონდა.
#1 ბაგა-ბაღის ექსპერტიზის თანახმად, რიგი სამუშაოებისა არ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებით დადგენილ მოთხოვნებს.
თუმცა, #1 და სხვა დანარჩენი ბაღებიც მიღება-ჩაბარების კომისიამ, რომელსაც გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ლომთათიძე ხელმძღვანელობს, ისე ჩაიბარა, რომ ხარვეზზე არაფერი უთქვამს. უფრო მეტიც, ჩვენთან საუბრისას ლომთათიძემ აღნიშნა, რომ "ჩოხატაურში საქმის სხვანაირად კეთება არ იციან", თავად "ჩაქუჩს ხელში ვერ დაიჭერს" და "ესაა რაცაა". მანვე დაადასტურა, რომ რიგი სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული, ბევრი არ ვარგოდა, თუმცა, კომისიამ მაინც ჩაიბარა მოტივით, რომ "ასე იყო საჭირო და რა გვექნა, სულ არ ჩაგვებარებინა?!"
ამ კომენტარიდან მალევე, ლომთათიძე უფრო შორს წავიდა და "ნაციონალური მეთოდი" _ კამერაზე ხელის დაფარება, "კომენტარს აღარ ვაკეთებ" წარმატებით გამოიყენა.
თუმცა, ეს ყველაფერი ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროებამდე ხდებოდა. დასკვნის დადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩოხატაურის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ ისიც განაცხადა, რომ კომისია აუცილებლად შეიცვლებოდა:
_ პირველ რიგში, შეიცვლება ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი და გადახალისდება შემადგენლობა. ეს ამ პუბლიკაციამდეც მქონდა გადაწყვეტილი, არა იმიტომ, რომ რაიმე ფაქტი გამაჩნია ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერების შესახებ (დაუსაბუთებლად ბრალს არავის დავდებ, მათ შორის არც შემსრულებლებს, რომლებმაც პროექტში გაუთვალისწინებელი სამუშაოებიც შეასრულეს ბაღების დირექტორების თხოვნით). მიმაჩნია, რომ მაკონტროლებელი კომისიების შემადგენლობა ხშირად უნდა განახლდეს ადამიანური სისუსტეების გამოსარიცხად, _ ამბობდა "გურია ნიუსთან "საუბრისას ხალხის რჩეული გამგებელი.
ამ კომენტარის გაკეთებიდან თითქმის ერთი თვე გავიდა, დასკვნაც დაიდო, რომელშიც კონკრეტულად არის აღნიშნული ის ხარვეზები რაც მიღება-ჩაბარების კომისიას "გამორჩა", საქმეზე ძიება ფინანსურმა პოლიციამაც დაიწყო, თუმცა რეალობა იგივეა _ "ჩვენს პუბლიკაციამდე მიღებული გადაწყვეტილება" ირაკლი კუჭავას ამ დრომდე არ განუხორციელებია _ ვლადიმერ ლომთათიძე ისევ მიღება-ჩაბარების კომისიას ხელმძღვანელობს, სხვა წევრებიც უცვლელები არიან.
ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ ცვლილება აუცილებლად განხორციელდება:
_ ბატონო ირაკლი, თითქმის ერთი თვის წინ ამბობდით, რომ "გურია ნიუსის" ჟურნალისტურ გამოძიებამდე გქონდათ გადაწყვეტილი მიღება-ჩაბარების კომისიის გადახალისება… ამის შემდეგ დაიდო დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გარემონტებულ საბავშვო ბაღში იყო რიგი პრობლემები, რაც თქვენს კომისიას "გამორჩა" და რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს… მიუხედავად ამისა, თქვენი ნათქვამი, რომ ცვლილება იქნება, ამ დრომდე ძალაში არ შესულა…
_ მე ვადასტურებ იმ განწყობას, რაც მაშინ გამოვხატე თქვენთან ინტერვიუში. რადგანაც ამ საკითხით დაინტერესდა ფინანსური პოლიცია, დაიდება მათი საბოლოო დასკვნა და ეს ცვლილება აუცილებლად განხორციელდება მიუხედავად იმისა, რა დასკვნას დადებს ფინანსური პოლიცია.
_ სანამ ჩვენი სტატიით ფინანსური პოლიცია დაინტერესდებოდა, თქვენ მანამდე ამბობდით რომ ცვლილება გან
ხორციელდებოდა და აკონკრეტებდით, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენი სტატიის საფუძველზე არ მიგიღიათ _ მანამდეც გსურდათ… ამის შემდეგ ერთი თვე გავიდა და არაფერი შეგიცვლიათ…
_ მაშინ ჩემი პასუხი ბოლომდე უნდა ჩაიკითხოთ. ეს უნდა გაკეთდეს არა კონკრეტული ფაქტის გამო, არამედ იმიტომ, რომ მაკონტროლებელი კომისიები, ინსპექტირების ჯგუფები, არა ყველა თვე, მაგრამ ხშირად გადახალისებას უნდა ექვემდებარებოდეს. ამ ცვლილებას აუცილებლად განვახორციელებთ. შეიძლება, ყველა არ შეიცვალოს, მაგრამ კომისიის წვერების გადახალისება უნდა ხდებოდეს. ასეთია ჩემი ხედვა და ასე ვაპირებ მომავალში, _ ამბობს კუჭავა, თუმცა, არ აკონკრეტებს, "ხშირად გადახალისებაში" რა პერიოდს გულისხმობს _ ერთ თვეს, სამ თვეს თუ განუსაზღვრელ ვადას.
_ ამ ხედვას რატომ არ ახორციელებთ, ხელს რა გიშლით?
_ ველოდები ფინანსური პოლიციის შედეგებს და მათ შორის, იმ სამუშაოების დასრულებას, რომლებიც ამ ინსპექტირების ჯგუფს დაწყებული აქვს და ნაწილი მიღებული აქვს შუალედური აქტების მიხედვით. დამთავრდება ეს ყველაფერი და შესაბამისად, შეიქმნება ახალი კომისია, რომელიც მომავალი წლიდან შეუდგება მუშაობას.
_ ეს კომისია ამ დრომდე იბარებს იმ კომპანიების სამუშაოებს, რომელთა მიმართაც კითხვის ნიშნები გაჩნდა. თუნდაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავიღოთ "ჯორჯიან კომპანი"…
_ კითხვის ნიშნებს პასუხს ფინასური პოლიცია გასცემს.
_ გასაგებია, მაგრამ თქვენ, როგორც გამგებელი, იძლევით თუ არა იმის გარანტიას, რომ კომისიის გადახალისებამდე, დასკვნის დადებამდე იგივე არ განმეორდება, რაც ე. წ. "რეაბილიტირებული ბაღების" შემთხვევაში იყო, რადგან არსებობდა მოსაზრება, რომ ვიღაცას პირადი ინტერესი აქვს, ვიღაც წილში ზის.. ეს კითხვა დავსვით უშუალოდ კომისიის ხელმძღვანელთან და პასუხის ნაცვლად კამერაზე ხელი აგვიფარა, შესაბამისად, კითხვა უპასუხოდ დარჩა…
_ თქვენ სერიოზული მედია გამოცემა ხართ და სეროზულად მივუდგეთ ამ თემას. ითქვა და ჭორია _ ამას მე ვერ დავეყრდნობი. მე ვიძლევი იმის გარანტიას, რომ ყველა ნაკლოვანებაზე რეაგირებას მოვახდენთ.
_ ნაკლოვანების შესახებ უკვე არსებობს დასკვნა და რატომ არ მოხდა რეაგირება?
_ როგორ არა. რეაგირება იყო ის, რომ სამხარაულის ბიუროს მოვიწვიეთ.
_ მოიწვიეთ და შედეგიც დაიდო, თუმცა, რა გააკეთეთ მას შემდეგ?
_ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გაქვთ თქვენ. მე არ გავაკეთებ ამაზე შეგნებულად კომენტარს, რომ არ ვიყო სუბიექტური და არ ჩამითვალონ, რომ ერთ ან მეორე მხარეს ვუდგები, სამხარაულის დასკვნას, ასევე დაყრდნობა ფინასური პოლიციის სხვა დასკვნებიც, არა მხოლოდ ერთი ბაღის შესახებ. ჩვენ უფულობის გამო მეტი ვერ გავაკონტროლეთ. ამიტომ, კომენტარების და დასკვნების გაკეთება ამის შემდეგ აჯობებს.
_ ჩვენ დასკვნებს არ ვაკეთებთ, ჩვენ ფაქტებს ვასაჯაროებთ…
_ მეც ფაქტებზე გესაუბრეთ.
_ ბატონო ირაკლი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა გადაწყვეტილება მიუღებელია, კონკრეტული რეაგირება არ მომხდარა, უხერხულობას ხომ არ გიქმნით "ჯორჯიან კომპანი", რომლის დამფუძნებელი თქვენი მეჯვარეა?
_მე უხერხულობას არ მიქმნის არაფერი ის, რაც არის კანონის ფარგლებში. მეჯვარე მაშინაც იყო ეს ადამიანი ჩემი, როდესაც პოლიტიკურ ბატალიებში სხვადასხვა მხარეს ვიდექით. ეს არაა მთავარი. ადამიანს უნდა შეეძლოს კონკურენციის პირობებში მუშაობა და ეს არ უნდა გადადიოდეს პიროვნულ ურთიერთობებში. ამიტომ უხერხულობას მხოლოდ ის შემიქმნის, ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები თუ იქნებიან რამეში გარეულები. ამ მხრივ კი უხერხულობას არ ვგრძნობ.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ ჟურნალისტურ გამოძიებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოც გამოეხმაურა. მაშინ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაალ მამალაძემ არ გამორიცხა, რომ ამ საკითხზე საგანგებო სხდომაც მოეწვიათ. საგანგებო არა, თუმცა, ერთ-ერთ სხდომაზე ეს საკითხი მართლაც დაისვა. ჯერჯერობით, კონკრეტული ინფორმაცია არც საკრებულოს აქვს. როგორც გვითხრეს, უახლოეს სხდომაზე, ინფრასტრუქტურის კომისიამ სპეციალური დასკვნა უნდა წარმოადგინოს, რომლის მომზადების გადაწყვეტილებაც ჩვენი გამოძიების შემდეგ მიიღეს.
უნდა ითქვას იცის, რომ ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე ფრაქცია "ქართული ოცნება _ ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარემ ქეთევან სიხარულიძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე პუბლიკას ტრიბუნიდან ამცნო, რომ ყველა ბაღი მოიარა, ყველა მშენებლობა პირადად დაათვალიერა, პრობლემები შეისწავლა და დასკვნაც გააკეთა. 10-წუთიანი გამოსვლის დროს, სიხარულიძეს ერთხელაც არ აღუნიშნავს, რომ 5 გარემონტებული ე. წ. საბავშვო ბაღიდან თუნდაც ერთში პრობლემები იყო. მით უმეტეს, არ უთქვამს, რომ 5-დან ორი რეალურად სულაც არ იყო საბავშვო ბაღი. თქვა მხოლოდ ის, რომ ყველა ბაღი ვერ დააკმაყოფილებდა იმ სტანდარტებს, რომელიც სურსათის უვნებლობის სამსახურმა დაადგინა და ჯერ კიდევ გაზაფხულზე გასცა რიგი პრობლემების აღმოფხვრის რეკომენდაცია. ეს კომენტარი სიხარულიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც "გურია ნიუსი" დაინტერესდა, გაითვალისწინეს თუ არა საბავშვო ბაღებში სურსათი უვნებლობის სამსახურის დასკვნა.
"სამზარეულოს და სასაწყობე ფართს ესაჭიროება სარემონტო სამუშაოები; საწარმო არ არის აღჭურვილი საკმარისი რაოდენობის ხელსაბანი ნიჟარებით; სამზარეულო არ იძლევა სრულყოფილი რეცხვა/დეზინფიცირების საშუალებას; ტუალეტი არ იძლევა რეცხვა/დეზინფიცირების საშუალებას; ხელსაბანი არ არის აღჭურვილი შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით (თხევადი საპონი, ერთჯერადი ქაღალდი, ხელის დეზინფექტატი); სამზარეულო არ არის აღჭურვილი მექანიკური ვენტილაციის საშუალებით; გასანათებელი საშუალებები არ არის დაფარული დამცავი ფარებით (პლაფონებით); საწარმოში არ არის უზრუნველყოფილი სათანადო სისუფთავე ყველა უბანზე; დასუფთავების და დეზინფიცირების ყოველი პროცედურა არ არის აღრიცხული თარიღის მითითებით; სამზარეულოს შესასვლელთან არ არის მოწყობილი დეზობარიერი; სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოების ჩატარებისას არ ხდება სამუშაოების აღრიცხვა; სამზარეულოს იატაკი არაერთგვაროვანია და არ იძლევა სრულყოფილად რეცხვა/დეზინფიცირების საშუალებას და არ არის დრენაჟის სისტემა; სამზარეულოს კედელი არ იძლევა რეცხვა/დეზინფიცირების საშუალებას და შეწოვის უნარის მქონეა; სამზარეულოს ჭერი არ იძლევა ადვილად წმენდის საშუალებას; სამზარეულოში გარეთ გამავალი ფანჯრები არ არის დაფარული მწერებისგან დამცავი ადვილად გასაწმენდი ბადით; ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სასმელი წყლის ხარისხის ვარგისიანობის დამადასტურებელი საბუთი; სამზარეულოში არსებული მაგიდების ნაწილის ზედაპირი არ არის ადვილად რეცხვა/დეზინფიცირებადი; სადილის მოსამზადებელი ქვაბების ნაწილი დამზადებულია ისეთი მასალისგან (ალუმინისგან), რომელიც მინიმუმამდე არ ამცირებს დაბინძურების რისკს; დასალაგებელი ინვენტარისთვის სარეცხი სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინსექციო საშუალებებისთვის არ არის იზოლირებული კარადა; ბიზნესოპერატორი არ აღრიცხავს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიურ კონტროლს; მოსამსახურე პერსონალს არ აქვს გავლილი შესაბამისი სწავლება სურსათის ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირები," _ ეს არის ის დასკვნა, რომელიც სურსათის უვნებლობის სამსახურმა ჩოხატაურის ბაღების მონიტორინგის შედეგად დადო.
გადამოწმებული ინფორმაციით, ამ პრობლემების დიდი ნაწილი შეუსრულებელია. განსაკუთრებით კი სოფლის ბაღებში, რომელთა უმრავლესობა რეაბილიტაციას საჭიროებს.