პასუხი ოზურგეთის მოსახლეობისთვის, "გურია ნიუსში" ჟურნალისტ ჟანა მეგრელიშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე: "ოპოზიცია "საპატიო ოზურგეთელს" "ნაციონალების" დაფინანსებას უხსენებს, ხალხის რჩეული მერი კი ჟურნალისტს ლანძღავს".
უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო სტატის დასასრულს ჟურნალისტის მიერ მოყვანილი იმ ციტატისთვის, რომელიც ნამდვილად მე მეკუთვნის. კიდევ ერთხელ და ხაზგასმით განვმარტავ, ბოდიშს ვუხდი ოზურგეთის საზოგადოებას.
ახლა კი ორიოდე სიტყვით შევეცდები ჩემი სათქმელი მოგახსენოთ.
6 დეკემბერს ტრაგიკულად დაიღუპა, ჩემი ბავშვობის მეგობარი ავთო ფიფია. ადამიანი, რომელთან ერთადაც გატარებული მაქვს ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი და რომელიც თავად შეადგენდა ჩემი ცხოვრების ნაწილს. ყველასთვის მოულოდნელად, ტრაგიკულად დაიღუპა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის უძვირფასესი ადამიანი.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი საჯარო მოხელე, მათ შორის ქალაქის მერიც, უპირველეს ყოვლისა ადამიანია, რომელსაც ისევე ტკივა და უხარია, როგორც ნებიმიერ თქვენგანს. რომლისთვისაც ისევე გაუსაძლისია ბავშვობის მეგობრით გამოწვეული ტკივილი, როგორც ნებისმიერი თქვენგანისთვის.
მესმის, რომ ჩემი როგორც საჯარო მოხელის მოვალეობაა თმენის ვალდებულების ქონა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ვალდებულებაა ნებისმიერი ჟურნალისტისთვის ადამიანური მორალის ქონა.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტ ჟანა მეგრელიშვილს არაერთგზის ავუხსნი პირად საუბარში, რომ ჩემთვის ძალიან მძიმე წუთები იყო და ვიდექი მეგობრის განსასვენებელთან, მისთვის გაუგებარი აღმოჩნდა ეს.
უკვე ზედმეტად მიმაჩნია დავკონკრეტდე სტატიის ავტორის ეთიკასა და მორალზე, მის დაუსაბუთებელ და ე. წ გამოგონილ წყაროებზე დაყრდნობით დაწერილ ინფორმაციებზე, რომლითაც გამუდმებით ცდილობს მერის დისკრედიტაციას და ამისთვის ყველა სიტუაციით სარგებლობს.
ბევრს აღარ გავაგრძელებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ დაწერილი კანონების შემოღებამდე ადამიანი სინდისით ხელმძღვანელობდა. დღეს, კანონთან ერთად, ადამიანის სინდისსა და მორალზე დგას ჩვენი ყოველდღიურობა და ჩვენი ქვეყნის მომავალი.
კიდევე ერთხელ ვუხდი ბოდიშს ჩემს ამომრჩევლებს, ჩემს ოზურგეთელებს. მომიტევეთ.
პ. ს "გურია ნიუსის" რედაქციას კი ვთხოვ, ჩემი პასუხი გამოაქვეყნოს უცვლელად, სათაურის შეცვლისა და რაიმე ინტერპრეტაციების გარეშე.
პატივისცემით ბეგი სიორიძე"