FactCheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. პირველიდან რვა დეკემბრამდე ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა.
ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის მიხედვით, მთავრობის წარმომადგენლების მიერ, ლარის კურსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.
ბოლო დღეებში სახეზეა ლარის კურსის ვარდნა. საქართველოს მთავრობის პოზიციის თანახმად, ლარის კურსის ვარდნა ძირითადად დოლარის სხვა ვალუტებთან გამყარებითაა გამოწვეული და მას ბიუჯეტთან არავითარი კავშირი არ აქვს.
ფაქტ–მეტრის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ აშშ დოლარი სხვა ვალუტებთან მიმართებაში მართლაც გამყარდა, მაგრამ ამ ფაქტორის ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად მოყვანა არასწორია. ქართული ვალუტა, რუსული რუბლისა და უკრაინული გრივნის გარდა, საქართველოს ყველა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა. ამასთან, ლარმა გაუფასურება ნოემბრის ბოლოდან დაიწყო, დოლარი კი გლობალურად ივლისიდან მყარდება.
ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი ქვეყანაში დოლარის მოცულობის შემცირებაა. გასულ წელთან შედარებით სავაჭრო ბალანსი 593 მლნ დოლარით გაუარესდა, რამაც ლარის კურსის ვარდნა განაპირობა. ასევე, 2014 წლის პირველ ნახევარში, წინა წელთან შედარებით, უცხოური ინვესტიციების და კრედიტების შემოსვლა 135 მლნ დოლარით შემცირდა. სავარაუდოდ, ასეთივე ტენდენცია გაგრძელდა ნოემბრამდე.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც ლარის კურსის ვარდნის ტენდენციას გარე ფაქტორებით ხსნის და ცდილობს მთლიანად გამიჯნოს ის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან, მეტწილად მცდარია.
გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებაც გადაამოწმა. ხადურის თქმით, ბიუჯეტში "სხვა შემოსავლების" მუხლის შემცირება ჯარიმების მოცულობის შემცირებამ განაპირობა.
2014 წლის 10 თვის მონაცემებით, სანქციებიდან (ჯარიმებიდან) მიღებული შემოსულობების მოცულობა 2013 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, შემცირებულია 33 641 300 ლარით, ხოლო საკუთრებიდან მიღებულ შემოსავლების – 21 525 500 ლარით. ამასთან, სხვა შემოსავლების ქვეპუნქტი ჯამში 15 424 000 ლარითაა შემცირებული, რადგან ჯარიმებიდან და საკუთრებიდან შემცირებული შემოსავლები ნაწილობრივ ტრანსფერების და შერეული შემოსავლების მუხლებმა დააბალანსა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ შეიძლება "სხვა შემოსავლების" შემცირება მხოლოდ სანქციების (ჯარიმები და საურავები) მოცულობის შემცირებას მივაწეროთ.
ასევე, აღსანიშნავია, რომ 2014 წლის სხვა შემოსავლების 9 თვის გეგმა 71.6 %-ით შესრულდა და დანაკლისმა 78 მილიონი ლარი შეადგინა.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ნოდარ ხადურის განცხადება ნახევრად სიმართლედ შეფასდა.
ფაქტ–მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხებოდა. სააკაშვილის თქმით, "ნიკა გილაურს ნიშნავდნენ უკრაინის ბიზნესომბუდსმენად… საქართველოს მთავრობამ გააგზავნა ნოტა და უთხრა, რომ თუ ნიკა გილაურს დანიშნავთ, საქართველოს მთავრობა შეწყვეტს ურთიერთობას ევროპულ ბანკთან".
ნიკა გილაურს, უკრაინაში ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე შეთავაზება მართლაც ჰქონდა. აღნიშნული ინფორმაცია თავად გილაურმა მიმდინარე წლის 4 ნოემებრს Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაადასტურა. თუმცა, იქვე განმარტა, რომ ეს პოზიცია იურიდიულ წინააღმდეგობაში მოდიოდა მის სხვა მოქმედ ხელშეკრულებებთან, რის გამოც თანამდებობაზე უარი თავადვე თქვა.
როგორც ვნახეთ, ყოფილი პრეზიდენტი მართალია, როდესაც ის უკრაინაში ნიკა გილაურისათვის ბიზნესომბუდსმენის თანამდებობის შეთავაზებაზე საუბრობს. თუმცა, არასწორია, როდესაც ის მის აღნიშნულ თანამდებობაზე არდანიშვნას მოქმედი ხელისუფლების ჩარევით ხსნის. ნიკა გილაურის განმარტებით, აღნიშნულ პოსტზე უარი თავად თქვა და ფაქტ-მეტრს მის ამ განცხადებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.
შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის განცხადება მცდარია.
გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებაც გადაამოწმა. ნათელაშვილის თქმით, "სოფლის მეურნეობის განვითარების გრანტი, 7 მილიონი დოლარი, უპროცენტო შეღავათიანი კრედიტი მისცეს არა მანდარინის მომყვან ფერმერს გურიაში, ან ვაშლის მომყვანს ქართლში, ანდა ყურძნის მომყვანს კახეთში, არამედ, არც მეტი არც ნაკლები, გოგი თოფაძეს, რაც მან ხოხბების მეურნეობაში ჩააბანდა".
ფაქტ–მეტრის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ გოგი თოფაძეს მართლაც აქვს სახოხბე მეურნეობა, რომელიც მის სამონადირეო კომპლექს "იორის ჭალებში" შედის, მაგრამ ეს მეურნეობა 2004 წლის 2 აპრილს არის რეგისტრირებული, ხოლო "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტი 2013 წლის მარტში ამოქმედდა. ამ პროექტის მესამე კომპონენტის ფარგლებში, რაც ახალი საწარმოს დაფინანსებას და არსებულის გადაიარაღებას გულისხმობს, გასაცემი კრედიტის მაქსიმალური ოდენობა 600 000 დოლარია (შესაბამისად, თოფაძის საწარმო 7 მლნ. ლარს ვერანაირად ვერ მიიღებდა). აქედან გამომდინარე, ასევე ფაქტ–მეტრის მიერ გადამოწმებული მონაცემებით, ეს მეურნეობა ამ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დაფინანსებული არ არის. შალვა ნათელაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას არც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოშიც ადასტურებენ.
თუმცა, გოგი თოფაძე, სამომავლოდ, სახელმწიფო პროექტების ფარგლებში გაცემული კრედიტით, საწარმოების შექმნას მართლაც გეგმავს. სავარაუდოდ, სწორედ ამას გულისხმობდა შალვა ნათელაშვილი თავის განცხადებაში, თუმცა მან მოვლენებს გაუსწრო.
ფაქტ–მეტრმა დაასკვნა, რომ შალვა ნათელაშვილის განცხადება მცდარია.
გადამოწმებული ფაქტებიდან ერთ–ერთი, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებას ეხებოდა. პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას, მან აღნიშნა: "მინდა მოგაწოდოთ ერთი ინფორმაცია, რომელიც წეროვანში მცხოვრებ 2 400 ოჯახს შეეხება. ბოლო ერთი კვირაა ამ დასახლებაში გაზის ჩაჭრა მიმდინარეობს და ახლაც, ამ წუთებშიც, ეს პროცესი გრძელდება. მთელი დასახლება ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება. ეს განპირობებულია იმ დავალიანებით, რომელიც ადგილობრივებს აქვთ. თქვენი დაპირება ("ქართული ოცნება") იყო არჩევნებამდე, რომ იძულებით გადაადგილებული პირები კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლებულები იქნებოდნენ. იქნებ ამ 2 400 ოჯახს ამ ზამთარს მაინც მიხედოთ".
ხათუნა გოგორიშვილის განცხადების გადამოწმებისას გაირკვა, რომ კოალიცია – "ქართული ოცნების" 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამაში საუბარი იყო ზოგადად კომუნალური ტარიფების შემცირებაზე, თუმცა არაფერი იყო ნათქვამი იმაზე, რომ მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირებს კომუნალური გადასახადებისგან გაათავისუფლებდა.
ასევე, ფაქტ-მეტრმა ვერ მოიძია ვერანაირი ზეპირსიტყვიერი დაპირება დევნილების კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ. გარდა ამისა, ამ ინფორმაციის კონკრეტულ წყაროზე ვერც თავად დეპუტატმა მიგვითითა.
თავისი განცხადების მეორე ნაწილში, ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ წეროვანში ჩასახლებული დევნილებისთვის გაზის ჩაჭრა ამჟამადაც მიმდინარეობს. ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, წეროვანში ჩასახლებულებს გაზი მიეწოდებათ და თუ ვინმეს მიწოდება შეუწყდება, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი საანგარიშო პერიოდის შემდეგ, ვაუჩერის ლიმიტს (50 ან 250 ლარი) გადააჭარბებს და დავალიანებას არ დაფარავს.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, ხათუნა გოგორიშვილის განცხადება მცდარად შეფასდა.
გასულ კვირას, ფაქტ–მეტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზვიად ძიძიგურის განცხადებაც გადაამოწმა. მისი თქმით, ბევრ სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს არა მხოლოდ ფინანსური ვალდებულების გამო, არამედ ხელოვნურად. "მაგალითად, გიული ალასანიას სასწავლებელში ["საქართველოს უნივერსიტეტი"] 600 სტუდენტს შეუჩერეს სტატუსი, იმის გამო, რომ ქალბატონმა გიულიმ მათ მაისის თვეში მოსთხოვა მთელი წლის გადასახადის გადახდა" – აღნიშნა ძიძიგურმა.
მიმდინარე წელს, "საქართველოს უნივერსიტეტში," წინა წელთან შედარებით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა გაორმაგებულია და მათი რიცხვი 579-ით გაიზარდა. "საქართველოს უნივერსიტეტის” საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა, გვანცა გორგაძემ ჩვენთან საუბარში, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტმა სწავლის საფასურის გადახდის ვადა შეცვალა და სტუდენტებისაგან საფასურის გადახდა იმაზე ადრე მოითხოვა, ვიდრე ეს წესდებით არის გათვალისწინებული, არ დაადასტურა. მანვე განმარტა, რომ წერილობითი განაცხადის საფუძველზე შესაძლებელია სწავლის საფასურის გადანაწილებაც. აღნიშნული, "საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტებმაც დაადასტურეს.
შესაბამისად, ფაქტ–მეტრმა დაასკვნა, რომ ზვიად ძიძიგურის განცხადება მცდარია.
ფაქტ–მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი განცხადება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას ეხებოდა. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, "90%-ით არის "კრაკადილის," "ვინტისს" და "ჯეფის" გამოყენება".
მიმდინარე წელს ნარკოტიკული საშუალებების "ვინტის’’ და "ჯეფის" მოხმარება 54%-ით შემცირდა. რაც შეეხება დეზომორფინის ("კრაკადილის") მოხმარების სტატისტიკას, ის 2014 წლის 9 თვეში 99 %-ით არის შემცირებული და მხოლოდ 14 შემთხვევაა დაფიქსირებული.
დავით სერგეენკოს მიერ დასახელებული ნარკოტიკული საშულებების მოხმარების კლება მიმდინარე წელს ნამდვილად ფიქსირდება, მაგრამ "ვინტის" და "ჯეფის" შემთხვევაში გაცილებით დაბალი კლება გვაქვს, ვიდრე ეს მინისტრმა განაცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი ვექტორის" განცხადებით, აღნიშნული ნარკოტიული საშულებების მოხმარება შესაძლოა შემცირდა, მაგრამ რეალურად ისინი სხვა ნარკოტიკულმა საშუალებებმა ჩაანაცვლა, რომელთა იდენტიფიცირება სახელმწიფოს მიერ ჯერ არ მომხდარა.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, დავით სერგეენკოს განცხადება ნახევრად სიმართლედ შეფასდა.