ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, პრემიების გაცემის წესი მიღებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყეს.
როგორც საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ მარინე ბერაძემ განმარტა, პროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ პრემიის გაცემა უნდა მოხდეს დასაბუთებულად და მთავრობის დადგენილი წესით. მისივე თქმით, პრემიის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება.
პროექტის თანახმად, პრემია გაიცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა მიერ შესრულებული სამუშაოებს შეფასების ან დასაბუთების საფუძველზე.
მარინე ბერაძის თქმით, პრემიის მიზანია, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისება და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
პროექტში აღნიშნულია, რომ ერთდროულად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პირის თანამდებობრივ სარგოს; პრემიის გაცემა შესაძლებელია გახორციელდეს 6 თვეში ერთხელ და უქმე დღეებთან დაკავშირებით დადგენილი პრინციპების დაცვით. პრემია, შესაძლებელია, გაიცეს, არაუმეტეს, წელიწადში სამჯერ.
ამ საკითხს შეკითხვები მხოლოდ ოპოზიცური პარტიის წარმომადგენლებიდან მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ დროს პრემიები ამ სიხშირით არ რიგდებოდა(?!), რასაც მმართველი გუნდი არ დაეთანხმა.
_ იყო საპრემიოდ საქმე და რატომ არ უნდა დარიგებულიყო?! _ "ნაციონალურ მოძრაობას" გამოესარჩლა "ბურჯანაძე-დემოკრატების" წარმომადგენელი მამია ბარამიძე, რომლის თქმით, თუკი "საპრემიოდ იქნება საქმე, აწიც უნდა დარიგდეს".