"გურია ნიუსში" გამოქვეყნებულ სტატიას SOS! _ 3 წლის გოგონა გამოჯანმრთელების და კეთილი ადამიანების მოლოდინში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. პატარა ელენიკოს დახმარების სურვილი ბევრმა გამოთქვა. როგორც "ლიბერთი ბანკიდან" მოგვწერეს ელენე ჯიბლაძეს გარკვეულ თანხას ანგარიშზე ჩაურიცხავენ. რაც ყველაზე მთავარია, სტატიას გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტრო. უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, თამარ ბოდოკიას თქმით სამინისტრო ელენეს ისტორიას შეისწავლის და პატარა გოგონას დაეხმარებიან:
_ სამინისტროდან დაუკავშირდებიან ოჯახს და დეტალებში გაარკვევენ. სამინისტროში მათი განცხადება არ იყო შემოსული. როგორც ვიცი, აღნიშნული ოპერაცია საქართველოშიც კეთდება და სამინისტროს ყველაფერს გააკეთებს პატარა ელენეს დასახმარებლად, _ გვითხრა ბოდოკიამ.
შეგახსენებთ, რომ ელენეს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაც გამოეხმაურა.
გამგებლის, ირაკლი კუჭავას და საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ მამალაძის გადაწყვეტილებით, პატარა ელენიკოს მამა, რომან ჯიბლაძე მუშაობას დაიწყებს, რაც სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის, რომელსაც პატარა გოგონას მკურნალობისთვის სოლიდური თანხა სჭირდება, დიდი შეღავათია.
_ თქვენი სტატია წავიკითხე. სამწუხაროდ, გამგეობას არა აქვს იმის საშუალება, რომ ელენიკოს ოპერაცია დააფინანსოს. მე და საკრებულოს თავმჯდომარემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ელენიკოს მამა დავასაქმოთ. გარდა ამისა, ჩვენ ამ ოჯახს გარკვეულ თანხას გამოვუყოფთ ბიუჯეტიდან სახლის შესაკეთებლად. ხვალვე წავა შესაბამისი კომისია და ეს საკითხი აუცილებლად იქნება 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.
"გურია ნიუსი" მკითხველთა თხოვნით ელენეს მამის, რომან ჯიბლაძის ანგარიშის ნომერსაც აქვეყნებს.