3 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში, დოლიძეების ოჯახს ხანძარი გაუჩნდა და რვასულიანი ოჯახი, სადაც სამი მცირეწლოვანია, ზამთარში ღია ცის ქვეშ დარჩა.
ვაჟა დოლიძეს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი სულ გაუნადგურდა, დაზარალებულმა ოჯახმა ერთი ნივთის გადარჩენაც კი ვერ შეძლო. ოჯახის წევრის, რუსუდან ზაქარაძის თქმით, ადგილზე დაგვიანებით მივიდა ქალაქ ოზურგეთის სახანძრო – სამაშველო სამსახურიც.
რუსუდან ზაქარაძე: "3 დეკემბერი იყო, ბათუმში მივდიოდით, ბავშვები და ჩემი მამამთილი, გზაში დაგვირეკეს, ხანძარი გაჩნდაო, როცა დავბრუნდით ყველაფერი დამწვარი იყო, ვერაფრის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ, მაცივრის გარდა არაფერი არ გვქონდა ჩართული, სახლში ბებია იყო შესული, ღუმელიც კი არ ენთო, არ ვიცი რატომ ამბობენ საკვამურიდან გაჩნდა ცეცხლიო, ვის აწყობდა ასეთი ჭორის გავრცელება, გაკვირვებულები ვართ, რადგან ცეცხლი არ ენთო, არავისთვის არ მიგვიმართავს, არც გამოძიება არ დაწყებულა, როგორც მე ვიცი არავინ არ იძიებს, ალბათ მაგიტომაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, რომ არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარიყო, იქნება შუქის ბრალი იყო? დენი მოვარდა? არაფერი არ ვიცით, იმ დღეს იყო პოლიცია მოსული, მერე არ გამოჩენილან.
ოზურგეთის გამგებელიც ამოვიდა იმ დღეს, ამაღამ სადმე თუ გაათევთო, ხვალიდან მოგხედავთო, გვითხრა. მეზობლებმა უთხრეს, რომ მათთან დავრჩებოდით. ორი დღე მეზობლებთან ვიყავით, მერე სხვა მეზობელმა შეგვიფარა, ახლა კიდევ სხვაგან ვცხოვრობთ, 8 სულიანი ოჯახით, 3 მცირეწლოვანი შვილით, უფროსი პირველ კლასშია, უმცროსი წლის და ოთხი თვის", _ ამბობს რუსუდან ზაქარაძე და აღნიშნავს, რომ დახმარებაში ხელისუფლების იმედი აქვს.
"დაგვიბარა გამგებელმა ისევ ოზურგეთში, ახლა ერთჯერადად დაგეხმარებითო, ამ ეტაპზე სხვა დახმარება არ შეგვიძლიაო, როცა ახალი ბიუჯეტი დამტკიცდება, ცოტ-ცოტას ყველაფრით დაგეხმარებითო, მოგცემთ საშენ მასალასო, რავიცი რა გითხრათ, წინასწარ ხომ არ დავიწყებთ იმის საუბარს, რომ არ გვეხმარებიანო, დაგვპირდნენ და იმედი გვაქვს, რომ ამ ზამთარში ჩემი პატარა ბავშვები ქუჩაში არ დარჩებიან.
ოჯახში მხოლოდ მე ვმუშაობ, ვარ მასწავლებელი მაქვს 140 ლარი ხელფასი და დავდივარ სხვა სოფელში და ოჯახში გვყავს პენსიონერი ბებია, – 85 წლის, ესაა ჩვენი შემოსავალი.
თხილს ვინახავდით ზამთრის სარჩოდ, 700 კილო თხილი გვქონდა შენახული, ის სულ დაგვეწვა, ცოტა მანდარინი გადაგვირჩა, რაც ფარეხში გვქონდა, ტანსაცმელი რაც გვეცვა ის დაგვრჩა, ახლა ტანსაცმელს ბავშვებისთვის ახლობლები გვაძლევენ"
რუსუდან ზაქარაძემ სახანძრო სამსახურის დაგვიანებაზეც ისაუბრა:
"მე არ ვიყავი ხანძრის დროს, მაგრამ მეზობლების თქმით ერთი საათი დააგვიანდა ქალაქ ოზურგეთის სახანძრო სამსახურმა მოსვლა. ჯერ სანამ 112 – ს დაუკავშირდნენ, მერე სანამ 112 შეატყობინა მათ, მერე სანამ სახანძრომ გზა მოაგნო სად იყო ნაღობილევი, წყალიც არ ჰქონდათ, თურმე, იღვრებოდა გზაში, მწყობრში არ ჰყავთ მანქანები, მერე მეზობელი წავიდა გზაზე შესახვედრად" _ აღნიშნა დაზარალებულმა " გურია ნიუსთან".
ქალაქ ოზურგეთის მერიის მუნიციპალიტეტის სახანძრო – სამაშველო სამსახურის ზედამხედელობის სპეციალისტი ანზორი მალაზონია " გურია ნიუსთან" სახანძრო სამსახურის დაგვიანებას უარყოფს.
"ეს არის ტყუილი, ახლავე შეგიძლიათ ნახოთ, რომ წყალი ახლაც არის მანქანაში, შეტყობინებაც დროულად მოვიდა."
"შეტყობინება შემოსულია 14 საათსა და 23 წუთზე, ზუსტად 24 წუთზე მანქანა გასული იყო, მეორე მანქანაც გავიდა 14 საათსა და 37 წუთზე, მანქანები მწყობრშია, მიუხედავად იმისა, რომ ძველი მანქანებია.
რა იყო ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამის მოკვლევას პოლიცია აწარმოებს, ოჯახი მთლიანად განადგურდა, ჩვენ ვერაფრის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ", _ გვითხრა ქალაქ ოზურგეთის მერიის მუნიციპალიტეტის სახანძრო – სამაშველო სამსახურის ზედამხედელობის სპეციალისტმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე " გურია ნიუსთან" აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ოჯახს გამგეობა ყველანაირ საჭირო დახმარებას გაუწევს.
"დაზარალებული ოჯახი პირადად მოვინახულე, ჩვენ შევთანხმდით, იმაზე თუ რა სახის დახმარებას გავუწვდით მათ. პირადად გამგებლის სარეზერვო ფონდიდან მოხდება აღნიშნული ოჯახისთვის ერთჯერადად 500 ლარით დაფინანსება, ახალი წლიდან კი ყველა საშენი მასალით დავეხმარებით" _ ამბობს " გურია ნიუსთან" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.