საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა საყდრისის უძველესი მაღაროს განადგურების წინააღმდეგ აქცია ჩაატრეს.
აქციის მიზანია, საყდრისი-ყაჩაღიანის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისაკენ მოწოდება. ალბომში თანმიმდევრულად არის მოცემული ინფორმაცია უძველესი ძეგლის შესახებ.
მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველი სტუდენტები არიან და თავიანთ პოზიციას გამოხატავენ საყრდისთან დაკავშირებით.
სტუდენტებმა ფოტოები ფორმატებზე დაწერილ პატარ-პატარა ისტორიებთან ერთად გადაიღეს. ფოტოები საფრანგეთში მცხოვრებმა სტუდენტმა შუქია არაბულმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდით გაავრცელა.
გთავაზობთ, სტუდენტების მიერ ფოტოებით მოთხრობილი საყდრისის ისტორიას.
"საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლი 1983 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს, როდესაც მადნეულის მოპოვების მიზნით გათხარეს გვირაბი" – ალექსანდრე ანდღულაძე; ნუცა გაბისონია; მილანი – იტალია.
"1987 წელს, ოთხწლიანი სამუშაოების შემდეგ, გეოლოგმა თეიმურაზ მუჯირმა გამოუშვა ნაშრომი, რომლის მიხედევითაც ძეგლი უძველეს ოქროს მომპოვებელ მაღაროდ სახელდება" – ნინო წიკლაური; პარიზი – საფრანგეთი.
"საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლი ადრებრინჯაოს ხანის არის და მტკვარ-არაქსის კულტურას მიეკუთვნება" – ლიზი მამრაძე; ციურიხი – შვეიცარია.
"ქართულ-გერმანულმა ექსპედიციამ 2002 წლიდან დაიწყო ძეგლის არქეოლოგიური კვლევა" – ნათია დუნდუა; ფრანკფურტი – გერმანია.
"2004-2005 წლებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საყდრისი წარმოადგენდა ოქროს უძველეს მაღაროს მსოფლიო მასშტაბით" – სოფო მაისურაძე; პარიზი – საფრანგეთი.
"საყდრისი-ყაჩაღიანი საერთაშორისოდ აღიარებული კულტურული მემკვიდრეობა და ჩვ.წ.აღ-ით მეოთხე ათასწლეულით თარიღდება" – ნიკოლოზ ლეკვეიშვილი. მილანი – იტალია.
"ოქროს მაღაროს არსებობის ყველაზე ძველი თარიღი არის ძვ. წ. 3330 წ." – სალომე ხარებავა. სანქტ-პეტერბურგი – რუსეთი.
"საყდრისის მაღაროში აღმოჩენილი 1000-მდე ქვის იარაღი ადარსტურებს, რომ საყდრისში ოქროს მოპოვება ხელით, სამთო წესით ხდებოდა" – ლიკა ყუბანეიშვილი, მილანი – იტალია.
"დღემდე, პირველი ოქროს საბადო აღმოჩენილია ეგვიპტეში, თუმცა საყდრისის საბადო მასზე გაცილებით ძველია" – მაია ქობალია. სტამბული – თურქეთი.
"საყდრისის მაღაროს სიახლოვეს აღმოჩენილია მაღაროელთა დასახლება, რომლის კვლევაც მიმდინარეობს" – გიორგი უხურგანაშვილი. ბანსკა-ბისტრიცა – სლოვაკეთი.
"საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ბოხუმის გერმანიის სამთო მუზეუმის და სხვა უცხოელი პარტნიორების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ძეგლი აღიარებულ იქნა ოქროს სამთამადნო წარმოების უძველეს კერად მსოფლიოში" – მარიტა მამუჩაშვილი. ვანქუვერი – კანადა.
"საყდრისის ოქროს საწარმოს მსოფლიოს უძველეს ცივილიზაციებთან კულტურულ-ეკონომიკურ კონტაქტებს ასახავს" – თამარ ავალიანი. კონსტანზი – გერმანია.
"საყდრისის ოქროს საბადოს მნიშვნელობა სცილდება საქართველოს ფარგლებს! საყდრისი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია!" – ნინო ფრუიძე. პარიზი – საფრანგეთი.
"საყდრისი საქართველოს ეროვნული საგანძური და მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია" – თამარ კუხალეიშვილი. კატოვიცა – პოლონეთი.
"საყდრისი საზოგადოების არასათანადო აქტიურობამ დაანგრია!" – ალექსანდრე ჯავახიშვილი ნესტან მამაცაშვილი. მილანი – იტალია.
"კომპანია RMG პრივილეგიებით სარგებლობს, ეს ელიტური კორუფციაა!" – ნინო ქუფარაშვილი. ტალინი – ესტონეთი.
"ტერიტორიაზე მადნის მოპოვება უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ხდება. მოსახლეობა უმძიმეს სოციალურ და ეკოლოგიურ პირობებში ცხოვრობს" – ელენე ხუნდაძე. ლონდონი – ინგლისი.
"საზღვარგარეთ მყოფი სტუდენტები მოვითხოვთ, შეჩერდეს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის ნგრევის პროცესი" – მიუნსტერი – გერმანია. რევაზ ტატიშვილი; მირანდა დოლი; ელენე ლიჩელი; თათია გასვიანი.
"ამ ეტაპზე, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს ბორცვი თითქმის მონგრეულია" – ხათუნა კაპანაძე. ლონდონი – ინგლისი.
"საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ: კულტურული მემკვიდრეობა ქვეყნის სულიერი და მატერიალური განვითარების მატიანეა, ერის თვითშეგნების ჩამოყალიბებისა და თვითმყოფადი ეროვნული კულტურის უწყვეტობის წინაპირობაა და კაცობრიობის საერთო საგანძურის განუყოფელი ნაწილია" – შუქია არაბული. პარიზი – საფრანგეთი.
"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო არ იცავს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას!" – სალომე საძაგლიშვილი. პარიზი – საფრანგეთი.
"საქართველოს სიყვარული "განსხვავებულით" არ იზომება" – გიორგი ყოლბაია. მილანი – იტალია.