კურორტ ბახმაროში, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, ახალგაზრდების გადასარჩენად ფართომაშტაბიან სამაშველო ღონისძიებაში ვერტმფრენიც ჩართეს.
ახალგაზრდების დასახმარებლად უკვე წასულია გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, მეგზურობას სოფელ ზოტის მაცხოვრებლები უწევენ.
ბახმაროში 4 ახალგაზრდა გუშინ დილით დაიკარგა. როგორც გვითხრეს, ახალგაზრდები ბახმაროს მთების დასალაშქრად ხულოს მუნიციპალიტეტიდან გადმოვიდნენ. წუხელ, სამი მათგანი კონტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა. როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაცვლილია.
_ დეტალები ჯერჯერობით არ ვიცით, თუმცა, როგორც ახალგაზრდებმა შეგვატყობინეს მათი თანმხლები ერთი პირი ზვავში მოყვა და გარდაიცვალა. რაც შეეხება გადარჩენილებს, შემიძლია გითხრათ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი ე.წ. ბეღელს აფარებენ თავს, სადაც ღუმელი და შეშაა, _ გვითხრა აიპ-ი ბახმაროს დირექტორმა დავით საჯაიამ.
როგორც გვითხრეს, კურორტზე თოვლის საფარი 5 მეტრს აღწევს.