ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასული წლის ბოლოს გამოაქვეყნა. დასკვნაში ბევრი ისეთი საკითხი მოხვდა, რომელზეც "გურია ნიუსი" არაერთხელ წერდა.
წაშლილი მონაცემები, არასრულყოფილად აღწერილი სამუშაოები, ხარვეზები ბუღალტრულ აღრიცხვებში, არასრული დოკუმენტაცია _ ეს ის თემებია, რომელზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყურადღება გაამახვილა და რომელზეც ჩვენი გაზეთი წლებია წერს.
აუდიტის ჯგუფმა არსებითობის განსაზღვრის საფუძვლად აიღო მუნიციპალიტეტის ფინანსური ანგარიშგების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი – მთლიანი დანახარჯები. აუდიტის ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებულ რისკზე საპასუხოდ ჩატარდა აუდიტორული პროცედურები: ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი „არაფინანსური აქტივების“ მუხლის სისწორის დასადასტურებლად შემოწმდა წლის მანძილზე განხორციელებული შესყიდვები, უსასყიდლოდ მიღებული არაფინანსური აქტივები და ყველა ის ოპერაცია, რომელიც თავისი ბუნებით მიეკუთვნება არაფინანსური აქტივის მიღება-გასვლას. განხორციელებული შესყიდვების შემოწმებისას აუდიტის ჯგუფი დაეყრდნო მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილ წლის მანძილზე განხორციელებული შესყიდვების მონაცემს (რეესტრს).
„ხარჯების“ მუხლში წარმოდგენილი მონაცემის წარმოშობის მტკიცებისათვის, ერთმანეთს შედარდა შესყიდვების რეესტრში არსებული ხარჯების ოპერაციები და ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი მონაცემი. შემოწმდა გაფორმებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები.
გარდა ამისა, შემოწმდა ისეთი შინაარსის ხარჯების ოპერაციები, რომლებიც არ განხორციელებულა შესყიდვის გზით, კერძოდ: სუბსიდიის სახით გაწეულ ხარჯზე – სუბსიდიის მიმღები ორგანიზაციები და მათი გაცემის საფუძვლიანობა; სოციალური დახმარების მიზნით გადარიცხულ თანხებზე – სოციალური დახმარების პროგრამები და საბანკო ამონაწერი; წლის განმავლობაში გაცემულ ხელფასებსა და პრემიებზე – ხელფასის უწყისი და გაცემულ პრემიებზე თანამშრომელთა სახელობითი სიები; მუნიციპალიტეტიდან მოწოდებული შესყიდვების რეესტრის სისრულისა და საიმედოობის დადგენის მიზნით, ერთმანეთს შედარდა შესყიდვების გეგმისა და მუნიციპალიტეტიდან მიღებული შესყიდვების (ბაზის) რეესტრის მონაცემები, რომლებიც ასევე შედარდა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას.
განხორციელებულ შესყიდვებზე საკასო ხარჯის დადასტურების მიზნით, გადამოწმდა საბანკო გადარიცხვები. ბანკის ამონაწერში გადარიცხული თანხების რეალურობის (საფუძვლიანობის) დადგენის მიზნით, შემოწმდა გადარიცხული თანხების შესაბამისობა ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ და დოკუმენტურად დასაბუთებულ ოპერაციებთან.
აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული წინასწარი აუდიტორული პროცედურებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემა შეფასდა, როგორც სუსტი. შესაბამისად, ოპერაციების ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხვის უზუსტობის რისკი განისაზღვრა, როგორც – მაღალი.
აუდიტის სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში არსებითი უზუსტობებია.
დასკვნაში წერია, რომ ორგანიზაციას არ აქვს ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა. ბუღალტერიაში აღრიცხვა-ანგარიშგება წარმოებს ხელით, მემორიალური ორდერებისა და ე.წ. „მთავარი წიგნის“ საშუალებით, რომელიც არ არის ელექტრონული. „მთავარი წიგნის“ წარმოება ხასიათდება არსებითი ხარვეზებით – მონაცემების გარკვევა უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია, ანგარიშები არ მოიცავს საწყისი და საბოლოო ნაშთების შესახებ მონაცემებს.
წიგნს აწარმოებენ ერთდროულად, როგორც ბურთულიანი ავტოკალმით, ისე ფანქრით, ამიტომ ზოგიერთი მონაცემი წაშლილია, ხოლო ზოგიერთი, საერთოდ არ იკითხება. შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგების შედგენისას არ არის გამოყენებული მონაცემები „მთავარი წიგნიდან“.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ვერ უზრუნველყოფს ცალკეული სტრუქტურული ერთეულის კოორდინირებულ მუშაობას, რის გამოც საფინანსო სამსახურს დაგვიანებით ან საერთოდ არ მიეწოდება ინფორმაცია იმ ოპერაციების შესახებ, რომლებიც ბუღალტრულ ჩანაწერებში უნდა აისახოს.
მუნიციპალიტეტი არ ამზადებდა ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშგებს.
როგორც დასკვნიდან ირკვევა, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა ფინანსური ანგარიშგების ფორმა – ორგანიზაციის ბალანსი და ბალანსის დანართი – ფორმები, 2012 წლის მდგომარეობით, მოამზადა აუდიტის მიმდინარეობის პროცესში. შესაბამისად აუდიტის ჯგუფი არ გამოთქვამს მოსაზრებას ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილ საწყისი ნაშთების სისწორეზე.
„ჩასატარებელი აუდიტორული პროცედურების განსაზღვრის დროს ბალანსში წარმოდგენილი საწყისი ნაშთები მიღებულია, როგორც სარწმუნო“ _ წერია დასკვნაში.
ფინანსურ ანგარიშგებაში „შენობა-ნაგებობების“ მუხლი წარმოდგენილია 3026.2 ათასი ლარით. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ფინანსური ანგარიშგება შედგენილია 2012 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით. წარმოდგენილი ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, „შენობა-ნაგებობების“ მუხლი შეადგენს 10850.1 ათას ლარს. აღნიშნული 7823.9 ათასი ლარით მეტია ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილ მონაცემზე.
2010 წელს მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს-საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან უსასყიდლოდ გადმოეცა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა ღირებულებით 1899.3 ათასი ლარი. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალიტეტის აქტივს და ბალანსში უნდა აისახოს „აქტივის მიღებად“ მისი გადმოცემის წელს. როგორც შესწავლილი დოკუმენტებით ირკვევა, მუნიციპალიტეტმა აღნიშნული აქტივის ბალანსზე აყვანა განახორციელა 2012 წელს, მაგრამ ფინანსურ ანგარიშგებაში „შენობა-ნაგებობების“ ზრდის მუხლში აღნიშნული აქტივი არ არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, აქტივს შესაბამის პერიოდში აღიარებისას უნდა დარიცხვოდა ცვეთა. იმ მიზეზით, რომ აქტივი დაგვიანებით აიყვანეს ბალანსზე, ღირებულების განსაზღვრისას უნდა გაეთვალისწინებინათ დასარიცხი ცვეთის თანხა.
2012 წელს მუნიციპალიტეტმა განახორციელა 55.3 ათასი ლარის საპროექტო მომსახურების შესყიდვა. როგორც ფინანსთა მინისტრის №1321 ბრძანებით არის განსაზღვრული, ოპერაციის ძირითად აქტივად აღიარების დროს ყველა დანახარჯი, რომელიც საჭიროა აქტივის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად და სამუშაო მდგომარეობაში მოსაყვანად, ემატება აქტივის ღირებულებას. როგორც დოკუმენტების შესწავლით გამოვლინდა, საპროექტო მომსახურების ღირებულება, ნაცვლად არაფინანსური აქტივისა, სრულად აღიარებულია საქონლისა და მომსახურების ხარჯში.
მუნიციპალიტეტმა წლის მანძილზე სხვადასხვა მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში შეისყიდა 25.2 ათასი ლარის წყლის სისტემის რეაბილიტაციის, სკვერის კეთილმოწყობის, შემოღობვის სამუშაოები.
შესრულებული სამუშაოები წარმოადგენს არაფინანსური აქტივის ზრდის ოპერაციებს. ბუღალტრულ ჩანაწერებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში სამუშაოები, ნაცვლად არაფინანსური აქტივის ზრდისა, აღიარებულია „ხარჯის“ მუხლში.
მუნიციპალიტეტის ბუღალტრულ ჩანაწერებში აქტივად „შენობა-ნაგებობების” მუხლში აღიარებულ იქნა 1779.4 ათასი ლარის სარეაბილიტაციო სამუშაო. ფინანსურ ანგარიშგებაში „შენობა-ნაგებობების“ ზრდის მუხლში მონაცემი 4.8 ათასი ლარით გაზრდილი თანხით არის წარმოდგენილი.
ფინანსურ ანგარიშგებაში „მანქანა-დანადგარებისა და ინვენტარის“ მუხლი წარმოდგენილია 254.2 ათასი ლარით. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ფინანსური ანგარიშგება შედგენილია 2012 წელს ჩატარებულ ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით. წარმოდგენილი ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, „მანქანა-დანადგარებისა და ინვენტარის“ მუხლი შეადგენს 557.1 ათას ლარს. აღნიშნული 302.9 ათასი ლარით მეტია ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილ მონაცემზე.
მუნიციპალიტეტმა განახორციელა 77.0 ათასი ლარის ღირებულების მანქანა-დანადგარისა და ინვენტარის შესყიდვა, რომელიც ბუღალტრულ ჩანაწერებში სრულად არის აღრიცხული შესაბამის ანგარიშზე. ფინანსურ ანგარიშგებაში „მანქანა-სახელმწიფო დანადგარებისა და ინვენტარის“ ზრდის მუხლი 43.7 ათასი ლარით ნაკლები თანხით არის წარმოდგენილი.
მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადმოეცა 4.0 ათასი ლარის ავტოსატრასპორტო საშუალება. აღნიშნული აქტივის მიღება ასახულია ბუღალტრულ გატარებაში, მაგრამ ფინანსურ ანგარიშგებაში „მანქანა-დანადგარებისა და ინვენტარის“ ზრდის მუხლში არ არის წარმოდგენილი.
მუნიციპალიტეტმა 2012 წელს შპს „ფიროსმანისგან“ შეისყიდა სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით – 140.9 ათასი ლარი. მიმწოდებელმა ხელშეკრულების ფარგლებში შეასრულა მხოლოდ 96.7 ათასი ლარის სამუშაო. დანარჩენი სამუშაოები დასრულდა 2013 წელს, შპს „ბათუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. ბუღალტრულ გატარებებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში 2012 წელს დაუსრულებელი 96.7 ათასი ლარის სამუშაო, ხელშეკრულება N 247 ნაცვლად „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების“ მუხლისა, წარმოდგენილია „შენობა-ნაგებობების“ მუხლში.
ფინანსურ ანგარიშგებაში „სხვა ძირითადი აქტივის“ მუხლი წარმოდგენილია 6833.0 ათასი ლარით. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ფინანსური ანგარიშგება შედგენილია 2012 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით. აღნიშნული შედეგების მიხედვით, „სხვა ძირითადი აქტივის“ მუხლი შეადგენს 274.6 ათას ლარს, რაც 6558.4 ათასი ლარით ნაკლებია ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილ მონაცემზე.
2012 წელს მუნიციპალიტეტმა განახორციელა 12.8 ათასი ლარის ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზაცია. აღნიშნული ოპერაცია ბუღალტრულ ჩანაწერებში არ არის გატარებული და არც ფინანსური ანგარიშგების „არაწარმოებული აქტივების“ მუხლშია წარმოდგენილი.
„ორგანიზაციის ანგარიში წმინდა ღირებულების შესახებ“ ხარჯების ჯამი სადებეტო ბრუნვაში წარმოდგენილია 7570.5 ათასი ლარით. აღნიშნულ ანგარიშში წარმოდგენილი ხარჯების ჯამი რეალურად შეადგენს 5566.3 ათას ლარს. წლის მანძილზე გაწეული ხარჯების არასწორი დაანგარიშება გავლენას ახდენს „წმინდა ღირებულების“ ნაშთის სისწორეზე.
2012 წელს ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით, ექსპლუატაციაში მყოფი გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივის ღირებულება შეადგენს 267.9 ათას ლარს. ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნული მონაცემი არ არის წარმოდგენილი.
2012 წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ხელფასის სახით გასცა 1056.3 ათასი ლარი, რომელიც მთლიანად მიკუთვნებულია „თანამდებობრივი სარგოს“ მუხლს. წარმოდგენილი ხელფასის უწყისების მიხედვით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებზე გაცემული თანამდებობრივი სარგო შეადგენს 946.8 ათას ლარს, ხოლო დარნარჩენი 109.5 ათასი ლარი წარმოადგენს თანამშრომლებისთვის პრემიის სახით გაცემულ თანხას.
2012 წელს მუნიციპალიტეტმა საკრებულოს დეპუტატების ხარჯების ანაზღაურებისათვის გასცა 101.0 ათასი ლარი. თანხის გაცემის საფუძველს
წარმოადგენს საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული წესი. დადგენილების თანახმად, საკრებულოს წევრებს უფლებამოსილების განხორციელებისათვის გაწეული ხარჯი აუნაზღაურდებათ ყოველთვიურად დადგენილი ლიმიტის ფარგლებში. ამ მიზნით, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ”.
ანაზღაურებულია 101.0 ათასი ლარი და წარმოდგენილია „ოფისის ხარჯის“ მუხლში. აღნიშნული თავისი შინაარსით, არ მიეკუთნება „ოფისის ხარჯს“. რადგან ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი, ვერ დგინდება, რომელი მუხლით უნდა განისაზღვროს გაწეული დანახარჯი.
მუნიციპალიტეტმა 2012 წლის განმავლობაში სულ მიიღო 5840.0 ათასი ლარის შემოსავალი. ფინანსურ ანგარიშგებაში ბალანსის დანართ – ფორმა №3-ში „ორგანიზაციის ანგარიში წმინდა ღირებულების შესახებ“ შემოსავალი წარმოდგენილია 5919.8 ათასი ლარით, რაც 79.8 ათასი ლარით მეტია რეალურად მიღებულ შემოსავალზე. აღნიშნული თანხა არის წლის დასაწყისში მუნიციპალიტეტის ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთი, რომელიც მიეკუთვნება წინა წლის შემოსავალს და არასწორია მისი აღრიცხვა 2012 წლის შემოსავალში.
მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან ბუღალტრულ ჩანაწერებში „გზის“ მიღების მუხლში აღიარებულია 420.2 ათასი ლარის სამუშაო. აღნიშნული მუხლი მოიცავს გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს, რომელიც წარმოადგენს არაფინანსური აქტივის ზრდას. ასევე, „მიმდინარე ხარჯს“ მისაკუთვნებელი მოხრეშვის სამუშაოები, ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგების დანართ ფორმა №5-ში, „გზის“ ზრდის მუხლი წარმოდგენილია 201.5 ათასი ლარით.
მუნიციპალიტეტში ბუღალტრულ ჩანაწერებში „ხიდის” მუხლში აღრიცხულია 285.2 ათასი ლარის სამუშაო, რომელშიც არასწორად არის კლასიფიცირებული სოფელ ვაზიანში 10.5 ათასი ლარის ღირებულების წყალგამტარი მილის აღდგენითი სამუშაო. ფინანსურ ანგარიშგებაში „ხიდის“ მიღების მუხლი წარმოდგენილია 287.1 ათასი ლარით.
ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსის დანართი – ფორმა №2-1, №5) „ხიდის” მუხლი გაზრდილია 12.4 ათასი ლარით. ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსის დანართი – ფორმა №2-1, №5) „საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის სისტემების” მუხლი შემცირებულია 10.5 ათასი ლარით. შესრულებული სამუშაოები აღრიცხულია არასწორად, შესაბამისად, მასზე დარიცხული ცვეთა არასწორია. ეს გარემოება გავლენას ახდენს ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსის დანართი – ფორმები №2, №2-1, №3 და №5) „ძირითადი კაპიტალის მოხმარების” მუხლის სისწორეზე. დასარიცხი ცვეთა გავლენას ახდენს ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსი ფორმა №1) წარმოდგენილ „წმინდა ღირებულების მუხლის” სისწორეზე.
ბუღალტრულ გატარებებში „ელექტროგადამცემი ხაზების” მიღების მუხლში აღიარდა 236.6 ათასი ლარის სამუშაო. შესწავლით გამოვლინდა, რომ ბუღალტრულად აღნიშნულ მუხლში არასწორად არის კლასიფიცირებული 59.6 ათასი ლარის ღირებულების წყალგაყვანილობის სამუშაოები.
ფინანსურ ანგარიშგებაში „ელექტროგადაცემის ხაზების“ მიღების მუხლი წარმოდგენილია 130.7 ათასი ლარით. სულ წლის მანძილზე ამ მუხლით შესრულებული სამუშაოები შეადგენს 177.0 ათას ლარს, რაც 46.3 ათასი ლარით მეტია ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილ მონაცემზე.
მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ხელშეკრულების ფარგლებში განხორცილებულია 135.7 ათასი ლარის გზების, ელექტროგადამცემი ხაზებისა და ხიდების სარებილიტაციო სამუშაოები, რომლებიც ხელშეკრულებით სხვადასხვა სახის სამუშაოებთან ერთად იყო გათვალისწინებული. სამუშაოები, ნაცვლად შესაბამისი ღირებულებით იდენტიფიცირებისა და სწორ ანგარიშზე კლასიფიცირებისა, ერთიანად აღრიცხულია „სხვა შენობა-ნაგებობების” მუხლში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური გამოთქვამს უარყოფით მოსაზრებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე. უარყოფითი მოსაზრების საფუძველია ფინანსური ანგარიშგების ყველა არსებითი ასპექტის შეუსაბამობა შემდეგ საკანონმდებლო მოთხოვნებთან: „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანება; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული „ინსტრუქცია ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“; „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება. „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება. „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის #439 ბრძანება.
უკეთესი მდგომარეობა არც 2013 წელსაა. აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, ანგარიშები არ მოიცავს საწყისი და საბოლოო ნაშთების შესახებ მონაცემებს.
შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგების შედგენისას არ არის გამოყენებული მონაცემები მთავარი წიგნიდან. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ვერ უზრუნველყოფს ცალკეული სტრუქტურული ერთეულის კოორდინირებულ მუშაობას, რის გამოც საფინანსო სამსახურს დაგვიანებით ან საერთოდ არ მიეწოდება ინფორმაცია იმ ოპერაციების შესახებ, რომლებიც ბუღალტრულ ჩანაწერებში უნდა აისახოს.
მუნიციპალიტეტმა წლის განმავლობაში მიმწოდებლებს 11 საბანკო უზრუნველყოფის საფუძველზე ავანსად გადაურიცხა 110.0 ათასი ლარი. 2013 წლის ბოლოსათვის მიმწოდებლებს მიღებული ავანსის ღირებულების სამუშაოები არ ჰქონდათ შესრულებული. აქედან გამომდინარე, წლის ბოლოს მუნიციპალიტეტის მოთხოვნა შეადგენს 110.0 ათას ლარს. აღნიშნული ინფორმაცია ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის წარმოდგენილი.
ფინანსურ ანგარიშგებაში „შენობა-ნაგებობების” მუხლი წარმოდგენილია 1763.9 ათასი ლარით. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ფინანსური ანგარიშგება შედგენილია 2013 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით. წარმოდგენილი ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, შენობა-ნაგებობათა ღირებულება შეადგენს 12880.1 ათას ლარს. აღნიშნული 11116.2 ათასი ლარით მეტია ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილ მონაცემზე.
როგორც ფინანსთა მინისტრის №1321 ბრძანებით არის განსაზღვრული, ოპერაციის ძირითად აქტივად აღიარების დროს ყველა დანახარჯი, რომელიც საჭიროა აქტივის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად და სამუშაო მდგომარეობაში მოსაყვანად, ემატება აქტივის ღირებულებას. როგორც დოკუმენტების შესწავლით გამოვლინდა, საპროექტო მომსახურების ღირებულება, ნაცვლად არაფინანსური აქტივისა, სრულად აღიარებულია საქონლისა და მომსახურების ხარჯში.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა წლის განმავლობაში შეიძინა ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ღირებულებით 37.4 ათასი ლარი.ფინანსურ ანგარიშგებაში „მანაქანა-დანადგარები და ინვენტარის” ზრდის მუხლი წარმოდგენილია 45.6 ათასი ლარით.
ფინანსურ ანგარიშგებაში „სხვა ძირითადი აქტივის” მუხლი წარმოდგენილია 10006.4 ათასი ლარით. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ფინანსური ანგარიშგება შედგენილია 2013 წელს ჩატარებულ ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით. წარმოდგენილი ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით „სხვა ძირითადი აქტივის” მუხლი შეადგენს 213.1 ათას ლარს. აღნიშნული 9793.3 ათასი ლარით ნაკლებია ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილ მონაცემზე.
2013 წელს მუნიციპალიტეტმა განახორციელა 14.5 ათასი ლარის ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზაცია. აღნიშნული ოპერაცია ბუღალტრულ ჩანაწერებში არ არის გატარებული და არც ფინანსური ანგარიშგების „არაწარმოებული აქტივების” მუხლშია წარმოდგენილი.
2013 წელს მიმწოდებლებმა მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში შეასრულეს 56.8 ათასი ლარის სამუშაოები, რაც დასტურდება გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით. სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება 2013 წელს არ განხორციელებულა. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის კრედიტორული დავალიანება წლის ბოლოსათვის შეადგენს 56.8 ათას ლარს. აღნიშნული ინფორმაცია ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის წარმოდგენილი.
2013 წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ხელფასის სახით გასცა 1123.5 ათასი ლარი, ხოლო პრემიის სახით – 5.0 ათასი ლარი. ხელფასის უწყისების თანახმად, ხელფასის სახით გაცემულია 1075.7 ათასი ლარი, ხოლო პრემიის სახით – 52.7 ათასი ლარი. პრემიის სახით გაცემული თანხების ნაწილი – 47.7 ათასი ლარი, მიკუთვნებულია „თანამდებობრივი სარგოს“ მუხლს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე, 2012 წლის მსგავსად უარყოფით მოსაზრებას გამოთქვამს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე