გადაუდებელი აუცილებლობისას ჩხრეკა-ამოღება სასამართლო ორდერის გარეშე იქნება შესაძლებელი. ახალი კანონპროექტით, რომლის განხილვაც პარლამენტში, დაჩქარებული წესით, ხვალ იგეგმება და შესაძლოა, იანვრის ბოლოს მიიღონ კიდეც, საკმარისი იქნება სამართალდამცავმა პირს ჩხრეკის აუცილებლობა სიტყვიერად განუმარტოს.
კანონპროექტის ინიციატორების აზრით, ცვლილებები პრაქტიკაში არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად არის აუცილებელი, თუმცა უფლებადამცველთა ნაწილი ინიცირებულ კანონპროექტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევა. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლით, პოლიციელს და გამომძიებელს არა აქვს ვალდებულება წინასწარი ჩხრეკისას ორდერი წარადგინოს. ამავე კოდექსის 120-ე მუხლი კი, პირიქით, გამომძიებელს დადგენილების წარდგენის ავალდებულებს.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის გედევან ფოფხაძის აზრით, ცვლილებები დანაშაულთან ბრძოლას გაამარტივებს და გამომძიებელი დანაშაულზე რეაგირებას ბიუროკრატიულ პროცედურებზე ფიქრის გარეშე შეძლებს.
კანონპროექტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა საპარლამენტო უმრავლესობაში. დეპუტატების ნაწილი ფიქრობს, რომ ცვლილებები კრიმინალთან ბრძოლის კუთხით დადებითად აისახება, ნაწილის აზრით კი, ნებისმიერი ჩხრეკისას სასამართლოს დადგენილება აუცილებელია და ცვლილება კანონმდებლებმა ნაჩქარევად არ უნდა მიიღონ.
კოალიცია "ქართული ოცნების" წევრის გედევან ფოფხაძის ინიციატივას არ იზიარებს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი.
როგორც ჟურნალისტებთან დეპუტატი განმარტავს ნებისმიერი ჩხრეკისას სასამართლოს დადგენილება აუცილებელია და ცვლილება კანონმდებლებმა ნაჩქარევად არ უნდა მიიღონ.
"ამ ინიციატივას ეჭვის თვალით ვუყურებ. ყველა შემთხვევაში ვფიქრობ, უმჯობესია მოტივირებული, დასაბუთებული დადგენილების არსებობა იმისთვის, რომ შემდგომში არსებობდეს ამ ქმედების გასაჩივრების ლეგიტიმური საფუძველი", _ აცხადებს აგულაშვილი.
"პოლიციას ზუსტი შეფასების უნარი უნდა ჰქონდეს, როდის არის ეს აუცილებელი და გადაუდებელი. პოლიციას ამის უფლება უნდა ჰქონდეს“, _ ამბობს უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე.
ახალ კანონპროექტს უარყოფითად აფასებენ ერთიან "ნაციონალურ მოძრაობაში“. ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ცვლილება სამართალდამცავებს მეტ თავისუფლებას მიცემს და ადამიანის უფლებებს და უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.
"ეს მანკიერი პრაქტიკა ჩხრეკის კუთხით, სამწუხაროდ იყო და გამოსწორებას საჭიროებდა. იმის მაგივრად რომ ეს გამოსწორდეს, ამ კანონპროექტით ნაბიჯს უკან ვდგამთ, რაც შელახავს ადამიანის უფლებებს. პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები კი უფრო პოლიტიზებული და ძლიერი იქნება“, _ აცხადებს ბიბილაშვილი.
საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ, შესაძლოა, პრაქტიკაში ძალიან სავალალო შედეგები მივიღოთ, როდესაც პოლიციელებმა გადაუდებელი აუცილებლობის არგუმენტი პრაქტიკულად ყველა ჩხრეკისას გამოიყენონ და სასამართლოს გვერდის ავლით ძალიან მნიშვნელოვანი საპროცესო მოქმედება განახორციელონ.
"ამან შესაძლოა მნიშვნელოვნად შელახოს ადამიანის უფლებები. კოდექსის 112-ე მუხლი ადგენს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ზოგად წესს, ხოლო 120-ე მუხლი სპეციალური ნორმაა, რომელიც კონკრეტულად ჩხრეკა-ამოღებას ეხება, ამიტომ სამართლებრივი ლოგიკით, ამ ორ მუხლს შორის შორის წინააღმდეგობა არ არსებობს, ერთი საერთო წესია, მეორე სპეციალური ნორმა“, _ ამბობს ნაცვლიშვილი.
მარიამ ჯიშკარიანისა და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია“ -ს ექსპერტთა ჯგუფი ფიქრობს, რომ ეს ცვლილება გამოიწვევს პიროვნების უფლებათა უხეშ დარღვევებს და გახდება "კანონიერი“ მიკერძოებული სამართლისა და პირადი ან/და პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ლუსტრაციის კანონის ინიცირება პარლამენტში და ასევე წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმი უნდა გამოეყოს სახალხო დამცველის აპარატს, რათა ქვეყანაში დაცული იქნას ბალანსი და ობიექტურობა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, ასევე ჩამოშორდეს მმართველობას ის ადამიანები თუ ჯგუფები, რომელნიც "საბჭოთა წარსულში“ დაბრუნებისკენ არიან მოტივირებულნი.
უარყოფითი დამოკიდებულების პარალელურად, საპარლამენტო უმრავლესობამ დამატებითი განმარტება გააკეთეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჩხრეკა-ამოღების პროცესთან დაკავშირებით "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და არსობრივად არაფერი იცვლება.
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, საკითხთან დაკავშირებით არასწორ ინტერპრეტირებას აქვს ადგილი. როგორც ბესელია განმარტავს, გადაუდებელი აუცილებლობის დროს ჩატარებული ჩხრეკა-ამოღებისას, გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანის აუცილებლობა ჯერ კიდევ 2012 წელს გაუქმდა.
"ჩხრეკისა და ამოღების პროცედურასთან დაკავშირებით არასწორი განმარტებები გაკეთდა, თითქოს სტანდარტი იცვლება. არავითარი სტანდარტი არ იცვლება. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებით, შემოთავაზებულია მხოლოდ მექანიკური კორექტირება. ახლა ზუსტად იგივე სტანდარტი რჩება – პრინციპი, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ჩხრეკა-ამოღება გადაუდებელ შემთხვევაში, არ იცვლება. შემოთავაზებულია მხოლოდ ტექნიკური ცვლილება, რაც იმას გულისხმობს, რომ 2012 წელს მიღებული ცვლილებებით, აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ჩხრეკა-ამოღებისას დადგენილების გამოტანის ვალდებულება კანონის მხოლოდ ერთ მუხლში დარჩა და ხდება მისი გასწორება. არსებითად პროცედურები არ იცვლება", _ აცხადებს ბესელია.
ანალოგიურ განმარტებას აკეთებს პროექტის ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე. კობახიძე ირწმუნება, რომ ჩხრეკა-ამოღების ჩატარების პროცედურასთან დაკავშირებით არავითარი არსებითი ცვლილება არ ხორციელდება.
"2012 წლის ცვლილებებით, გადაუდებელი აუცილებლობის დროს ჩატარებული ჩხრეკა-ამოღებისას გამომძიებელს დადგენილების გამოტანა აღარ ევალებოდა და მხოლოდ განმარტებით იფარგლებოდა. ეს ის მდგომარეობაა, როცა მყისიერი მოქმედების ჩატარებაა საჭირო, თუმცა 24-საათის განმავლობაში ეს სასამართლოს განჩინებით უნდა დაკანონდეს. კანონში იყო ტექნიკური შეუსაბამობა და ეს ხარვეზი სწორდება", _ აცხადებს მანანა კობახიძე.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებზე ხვალ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტში იმსჯელებენ.