შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტებს შემდეგ სიახლეებს სთავაზობს:
2015 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევით საგნად სამოქალაქო განათლებაც ჩააბარონ. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგნის სწავლება IX-X კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება.
სიახლე იგეგმება გეოგრაფიის გამოცდაშიც: ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო 3 საათიდან 2.5 საათამდე შემცირდება. ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 (ნაცვლად 70 ქულისა). ქულების შემცირება არჩევითი პასუხების მქონე კითხვებისა და ფიზიკური რუკის ანალიზის კითხვების ხარჯზე მოხდება.
ისტორიის ტესტი 70 ქულიანი იქნება ნაცვლად 80-ისა და არ შეიცვლება გამოცდის ხანგრძლივობა (2 საათი და 30 წუთი).
უცხოური ენის გამოცდაზე მოსმენის ნაწილში მოცემული იქნება 10 დავალება (ნაცვლად 8 დავალებისა). გამოცდაზე 15-16 წუთი იქნება გამოყოფილი იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მოისმინოს ტექსტი შესაბამის ენაზე და შემდეგ შეასრულოს მოცემული დავალება. მე-8 დავალება (გრამატიკა) შემცირდა და 14-ის ნაცვლად იქნება 12 საკითხი.
გარკვეული ცვლილებები შეტანილია ბიოლოგიის ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამაშიც. 2015 წელს აბიტურიენტებს საგამოცდო ტესტში მიეწოდებათ ღია შეკითხვა, რომელზედაც პასუხი მოკლედ და ამომწურავად უნდა გასცენ.