იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა, შექმნის თუ არა ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს? – ამ და სხვა საკითხებზე "გურია ნიუსს“ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრება:
_ ამის სიმპტომები უკვე დიდი ხანია არსებობს.საპარლამენტო კრიზისი არის, ვინაიდან თვითონ სპიკერიც უკვე ოპოზიციონერად ითვლება თავის პარტიასთან ერთად, რაც უკვე საპარლამენტო კრიზისად ითვლება. სამთავრობო კრიზისის ნიშნები არსებობს. კრიზისია საბაზრო პოლიტიკის თვალსაზრისითაც. ფინანსური კრიზისი – ლარის გაუფასურებაც სახეზე გვაქვს. მაგრამ მთლიანად კრიზისი, ყველაფერი ერთად აღებული არ არის, რადგან კრიზისის ლოგიკური შედეგი ყოველთვის არის ვადამდელი არჩევნები. დღეს კი, ამის მწვავე აუცილებლობა არ არის, როგორც იყო, მაგალითად, საბერძნეთში. პოლიტიკური კრიზისი ცალკე მეცნიერული ცნებაა და მას აქვს მთელი რიგი შემადგენელი ნაწილები, რომლებიც ჯერჯერობით დღეს საქართველოში არ არის.
_ ბოლო დღეებში საკმაოდ ბევრი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. თუმცა, საზოგადოება მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა სხვა თანამდებობის პირებსაც უნდა აეღოთ. იყო თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა საკმარისი და კიდევ ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა?
_ რასაკვირველია, არ იყო საკმარისი და მეტიც, ჩემი აზრით, ეს არცთუ ისე სწორი გადაწყვეტილება გახლდათ, იმიტომ, რომ როცა განზრახულია ყველა მკვდარი კატა ერთ კაცს ჩამოკიდონ და მერე თქვან – აი, ხომ გადადგა მინისტრი, მეტი რაღა გინდათ? ეს არ არის საკმარისი. პირიქით, ამან შესაძლოა, უკუშედეგიც კი გამოიღოს. შესაძლოა, ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს, საზოგადოებას ეჭვი გაუჩნდეს, რომ მთავრობამ ურჩია ჭიკაიძეს გადამდგარიყო. ჭიაკიძე რომ ისეთი პიროვნება არასოდეს ჩანდა ესეთი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიეღო, ეს უკვე თეთრი ძაფით არის ნაკერი. ჭიკაიძემ, რა თქმა უნდა, უარი თქვა მინისტრობაზე, ხელფასზე და ყოფით კეთილდღეობაზე, სამაგიეროდ, სულიერად დამშვიდდა. სამაგიეროდ, ახალი მინისტრი არის დღეს ცუდ დღეში. თუ უნდათ, რომ საზოგადოებამ დაუჯეროს ხელისუფლებას, ის იძულებული იქნება ბოლომდე მიიყვანოს საქმე.
_ რამდენად არის მოსალოდნელი სხვა თანამდებობის პირებიც გათავისუფლდნენ?
_ ახალ მინისტრს მოუწევს გაათავისუფლოს ის მაღალი თანამდებობის პირები, სამინისტროში, რომელთა გვარები არაერთხელ დაუსახელებია ვაზაგაშვილს. გუშინ ვალერი გელბახიანმა პირდაპირ დაასახელა რამდენიმე სახელი და გვარი. მერე დაიწყება იმაზე საუბარი, თუ ვინ მიიღო ის ხალხი სამინისტორში? ვის დროს დაიწყო მათი თანამდებობეზე დანიშვნა? პასუხი ისედაც ყველამ ვიცით – ღარიბაშვილმა. აქედან გამომდინარე, ადრე თუ გვიან "რიკოშეტით" გავლენ ღარიბაშვილზე. შეიძლება ვთქვათ, რომ ჭიკაიძის გათავისუფლებით პანდორას ყუთს ახსნეს თავი. გამოდის, რომ ბატონმა ვახტანგ გომელაურმა საკმაოდ დელიკატური და მძიმე გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს საკადრო საკითხში. არ ველოდები, რომ სიტუაცია დამშვიდდება, პირიქით, დღეს იმდენი პოლიტიკური ძალა არის საქართველოში, იმდენი პოპულისტი პოლიტიკოსია, რომ ყველანაირად შეეცდებიან სათავისოდ გამოიყენონ ეს ტრაგედია. პოლიტიკაა და არც გამიკვირდება, თუ სხვის უბედურებაზე შეეცდებიან ქულების დაწერას.
_ რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, პრემიერიც შეიცვალოს?
_ არ მგონია, ამ მოვლენების გამო ივანიშვილმა ღარიბაშვილი შეიცვალოს, თუ, რა თქმა უნდა, სხვა მიზნები არ აქვს. პრემიერი შეიცვლება მაშინ, როდესაც ივანიშვილს სხვა გზა აღარ ექნება. მართალია, ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი, მაგრამ მან საკმაოდ ბევრი დივიდენდი გასცა ცალკეული მინისტრის და მთავრობის ქებაში. ხალხმა წაუყრუა ის, რომ ივანიშვილი თავიდან აქებდა მარგველაშილს და ახლა ამბობს, რომ პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ შეიცვალა. იგივე შეიძლება ითქვას ალასანიაზეც.
_ როგორ შეაფასებთ ირაკლი ალასანიას შანსებს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის?
_ ჩემი აზრით, ალასანიას ის რეიტინგი, რომელიც მას ჰქონდა მინისტრობის პერიოდში სრულიად დაუმსახურებული იყო. ალასანია ითვლებოდა ყველაზე კარგ მინისტრად და ლამის ივანიშვილს უტოლდებოდა რეიტინგით. ამ დროს რეალურად არაფერი მომხდარა მისი მინისტრობის პერიოდში, არც ომი მოუგია ალასანიას და არც ნატო-ში შევსულვართ. აი, ეს რეიტინგი დაეცა და თვითონ ალასანიაც გაფერმკრთალდა როგორც პოლიტიკოსი. ისე ხშირად აღაც ჩანს და არც ყურადღების ცენტრშია. თუმცა, მას პარტიაში ჰყავს კვალიფიციური, განათლებული და ნაკითხი კადრები, მაგალითად, ალექსი პეტრიაშვილი, ვიქტორ დოლიძე და ა.შ. მაგრამ, საქართველოში ინტელექტი და განათლება რომ ფასდებოდეს, ქვეყნის სათავეში "რესპუბლიკელები“ უნდა იყვნენ. ყველაზე ინტელექტუალურ "რესპუბლიკელების" პარტიას, ერთი არჩევნები არ აქვს მოგებული დამოუკიდებლად, რადგან ჩვენს ელექტორატს ურჩევნია ქარიზმატული ადამიანი აირჩიოს, რომელიც კარგად მეტყველებს, კარგად იცვამს და ა.შ. ვფიქრობ, დაცემული რეიტინგიდან გამომდინარე, ალასანიას დიდი შანსი არ უნდა ჰქონდეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
_ რამდენად მოსალოდნელია ახალი პოლიტიკური გაერთიანებების, კოალიციების ჩამოყალიბება? ვისი კავშირი შეიძლება განვიხილოთ?
_ ობიექტურად, აუცილებელი ხდება ნინო ბურჯანაძისა და ბიძინა ივანიშვილის კავშირი. თუ ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს და, როგორც ჩანს, მართლა აქვს გადაწყვტილი, ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკურად დაამარცხოს "ნაციონალური მოძრაობა“ ისე, რომ პარლამენტში და ხელისუფლებაში ვეღარ მოვიდნენ, ამას ბუჯანაძის გარეშე ვერ მოახერხებს. "ნაციონალებთან“ ბრძოლაში ივანიშვილს ძლიერი პარტნიორი არ ჰყავს. ერადერთი არის ბურჯანაძე, რომელიც არასდროს არ შეკრავს კავშირს "ნაციონალურ მოძრაობასთან“. სხვებმა თეორიულად, მაინც შესაძლოა, "ნაციონალებთან“ ალიანსი შექმნან. მაგალითად, ალასანიას პარტიამ. თავდაპირველად ალასანიამ თქვა, რომ ნებისმიერ პროდასავლურ პარტიასთან შეკრავდა კავშირს. ნებისმიერში ხომ "ნაციონალური მოძრაობაც“ იგულისხმება? პირველი განცხადება გულწრფელი იყო, თუმცა, შემდეგ ეს განცხადება გადააკეთა, რადგან ეტყობა, მოკავშირეებმა ურჩიეს, რომ ეს წამგებიანი განცხადება იყო.
ალასანია არასდროს გამოირჩეოდა მკვეთრი ანტინაციონალური მოძრაობის განწყობით. ბუჯანაძე კი მკვეთრად გამოხატავს დამოკიდებულებას "ნაციონალური მოძრაობისადმი“. ის მზად არის ქვეყნიდან გაიქცეს, ემიგრაციაში წავიდეს, ოღონდ პრინციპი შეინარჩუნოს და არ შეკრას ალიანსი მათთან. ვიმეორებ, ბურჯანაძის მსგავს მოკავშირეს ივანიშვილი ვერ იპოვის. თუმცა, ეს ყველაფერი, შესაძლოა, თეორიულად ვივარაუდოთ. პრაქტიკულად კი, ბურჯანაძე თავისი განცხადებებით ივანიშვილთან კავშირს გამორიცხავს. ივანიშვილი ჩუმად არის. თავიდანაც ხომ ბუჯანაძისა და ივანიშვილის კავშირი შეუძლებელი "რესპუბილკელებმა“ გახადეს, რომლებიც საერთოდ ბურჯანაძეს ვერ იტანენ. მაგრამ ახლა, თუ "რესპუბლიკელები“ მიდიან და დიდი ალბათობით წავლენ, რადგან ძნელი წარმოსადგენია მომავალ არჩევნებში "რესპუბლიკელები“ კვლავ კოალიციაში იყვნენ, ამის შემდეგ დამაბრკოლებელი ფაქტორი არ იარსებებს და, შესაძლოა, ვიხილოთ კიდეც ბუჯანაძე-ივანიშვილის კავშირი.
_ ზოგადად, როგორ შეაფასებდით საკადრო პოლიტიკას?
_ საკადრო პოლიტიკა ჩვენი აქილევსის ქუსლია. საქართველოში არასდროს ყოფილა სწორი, მიუკერძოებელი, ობიექტური საკადრო სელექცია. ნეპოტიზმი ყვავის ქვეყანაში. საშიშია მდგომარეობის გაუარესების ტემპები. თუ ახლობლები არ გყავს მთავრობაში, სხვა ყველანი ერთნაირ დღეში ვართ. ამ ბოლო დროს კახურ კლანზე ალაპარკდა ხალხი. სააკაშვილის დროს მეგრული კლანი იყო, სულ მეგრელები ინიშნებოდნენ თანამდებობებზე, შევარდნაძის დროს გურულები. ასევე მოდაში შემოვიდა და დამკვიდდრდა პოლიტიკური სპეკულაცია. აი მაგალითად, ვიღაცები ითხოვენ, რომ პარლამენტმა პოლიტიკური შეფასება მისცეს სააკაშვილის მმართველობას. ყველამ იცის რომ პარლამენტი ამას ვერ გააკეთებს. ძალა არ ეყოფა საამისოდ, მაგრამ ეს სპეკულაციაა, არაცივილიზებული პოპულიზმი.