C ჰეპატიტის პრევენციის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 300-მდე სტომატოლოგიური კლინიკა შეამოწმა, უახლოეს მომავალში კი სილამაზის სალონების შემოწმებას იწყებს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ C ჰეპატიტის პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით დღეს შუალედური შედეგები წარმოადგინა.
როგორც კვარაცხელიამ განაცხადა, თბილისში 300-მდე სტომატოლოგიური კლინიკა შემოწმდა, მათგან 29 კლინიკა ყოველგვარი შეტყობინების გარეშე მუშაობს. შემოწმება მოხდა კითხვარების მეშვეობით, რომელიც ეხება არა სალიცენზიო პირობებს, არამედ ინფექციურ კონტროლთან დაკავშირებული საკითხების გამორკვევას. კერძოდ, რა ღონისძიებები აქვთ გასატარებელი სტომატოლოგიურ კლინიკებსა და კაბინეტებს, რათა C ჰეპატიტის პრევენცია მოხდეს.
ვალერი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ შემოწმებულ კლინიკებს შენიშვნების გამოსასწორებლად ორთვიანი ვადა მიეცათ. შემდგომ კი შესაძლოა, მათ მიმართ გარკვეული რეგულაციები ამოქმედდეს.
როგორც კვარაცხელია ამბობს, ხვალ გამოიცემა მინისტრის ბრძანება, რომელიც სტომატოლგიური კლინიკებისა და კაბინეტების მონიტორინგს ითვალისწინებს. ასევე მან აღნიშნა, რომ დღეისთვის რეგულაციები არ მოქმედებს. საჯარიმო სანქციების დასაწესებლად კანონმდებლობაში ცვლილებებია გასატარებელი, რისთვისაც შესაბამისი კანონპროექტით პარლამენტს მიმართავენ.
აღნიშნული პროცედურები შეეხებე როგორც სტომატოლოგიურ კლინიკებს, ისე ტატუსა და სილამაზის სალონებს. ვალერი კვარაცხელიას თქმით, სამინისტროს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება რათა სალონების ზუსტი აღრიცხვა და კონტროლი მოხდეს.