საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაცია ბრაზილიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ოთარ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით სურინამის რესპუბლიკას, ქ. პარამარიბოს ეწვია.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარება საჯარო სერვისების განვითარებისა და ელექტრონული მმართველობის სფეროში სურინამის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის.
საქართველოს დელეგაცია სურინამის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ჯენიფერ გირლინგს-სიმონსმა მიიღო.
შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპქეტივები, როგორც ორმხრივ ისე რეგიონალურ დონეზე. დელეგაციამ შეხვედრა გამართა სურინამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივ მდივანთან ელენ ნაარენდორპთან.
სურინამის მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, მთავრობის პრიორიტეტებსა და გაწეულ საქმინობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებას.
სურინამის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მხარეებმა განიხილეს პოლიტიკურ, ინსტიტუციონალურ, ჰუმანიტარულ საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები სურინამის რესპუბლიკის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან და პრეზენტაციების წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და ელექტრონული მმართველობის საკითხებზე. ასევე საქართველოს დელეგაცია ესტუმრება ქ. პარამარიბოს პორტს საბაჟო პროცედურების გაცნობის მიზნით და ეწვევა ეროვნული სერვისების სააგენტოს.
30 იანვარს გაიმართება საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შემაჯამებელი პრეს-კონფერენცია ადგილობრივი წამყვანი მედია-საშუალებებისათვის.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ირაკლი ლომიძე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაკა ხვედელიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის სამმართველოს უფროსი გვარამ ხანდამიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ლათინურ ამერიკაში საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის სამუშაო ვიზიტი პირველად განხორციელდა.