"პატრიოტთა ალიანსის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც ხვალ უნდა შედგეს, "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის", "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერები არ უერთდებიან.
"პარტიიდან არავის არ უთქვამს, რომ აქციაში უნდა მივიღო მონაწილეობა. რაც შეეხება იური ვაზაგაშვილის მკვლელობას თუ ტერაქტს ვგმობ და საქმის გამოძიება დროულად უნდა დასრულდეს. კაცი შვილის საფლავზე დააკლდეს და ჯერ საზოგადოებამ არაფერი არ იცის თუ რის გამო მოხდა ეს მკვლელობა", – გვითხრა "ლეიბორისტული პარტიის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია შარაშენიძემ.
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, თამარ ნადირიძის თქმით, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა არ მომხდარა.
"აქციაზე ვერ მივდივარ. მინდა ვთქვა, რომ "დემოკრატიული მოძრაობა" 2012 წლის არჩევნების შემდეგ იძახის, რომ საქართველოში უნდა მოხდეს სამართლიანობის აღდგენა და ეს ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც საქართველოს მოქალაქე მეც ვუერთდები იმ მოთხოვნას, დროულად იქნას გამოძიებული ვაზაგაშვილის საქმე", – გვითხრა თამარ ნადირიძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მიხეილ გოგოტიშვილი ამბობს, რომ "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ორგანიზებულ აქციას არ შეუერთდება, რადგან ისინი კრემლისგან მართული პოლიტიკური ძალაა.
"იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ" უკვე გააკეთა განცხადება და ჩვენი პოზიცია ცნობილია. აუცილებლად უნდა მოხდეს საპარლამენტო კომისიის შექმნა და დროულად უნდა იქნას გამოძიებული ვაზაგაშვილის მკვლელობა", – თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს მიხეილ გოგოტიშვილმა.