თუ ხალხმა შიმშილი დაიწყო, „ოცნებას“ „ნაციონალებზე“ გადაღებული 200 სერიანი ფილმები ვეღარ უშველის
მესამე უკეთესი წლის ნაცვლად, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი რთულ წელს გვპირდება; ლარის კურსი კატასტროფულად ეცემა; ეკონომიკის განვითარების პროგნოზები პესიმისტურია; სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით "პატრიოტთა ალიანსი" მარტის თვიდან პერმანენტულ აქციებს აანონსებს; იური ვაზაგაშვილის მკვლელობა გაუხსნელია; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კონკურსი გამოაცხადა – როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში და უნდა ველოდოთ თუ არა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, „გურია ნიუსი“ პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარეს, ამირან გიგუაშვილს ესაუბრა.
_ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას, რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი კარგად არის და საგანგაშო არაფერი ხდება. რამდენად ადეკვატურად მიგაჩნიათ ეს მოსაზრება?
_ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არ არის. ვფიქრობ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეფასებები ამ შემთხვევაში რეალობას ცდება და ეს ძალიან ცუდია. უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ეს ადამიანი პირდაპირ თუ ირიბად, გადამწყვეტ გავლენას ახდენს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე და მისი წარმოდგენები ქვეყნის მართვაზე, ერთგვარ სახელმძღვანელო თეზისებს წარმოადგენს მოქმედი ხელისუფლებისათვის. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად საგანგაშოა ის მოცემულობა რაც გვაქვს, ამაში შეიძლება დაეთანხმო ბატონ ივანიშვილს. ხელისუფლებას თავისი რესურსი ჯერ კიდევ არ აქვს ამოწურული და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე თუ ხელებდაკაპიწებულები იმუშავებენ, ვფიქრობ, მდგომარეობის სასიკეთოდ შემობრუნება შესაძლებელია. სხვა საკითხია არსებობს თუ არა ამის პოლიტიკური ნება, ანუ უნდა თუ არა დღევანდელ მმართველ გუნდს მიაღწიოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, თუ მოკლეზე გადასვლას მოინდომებენ.
_ „მოკლეზე გადასვლაში“ რას გულისხმობთ. რატომ არ უნდა უნდოდეს იგივე საპარლამენტო უმრავლესობას გარანტირებული მანდატების შენარჩუნება და მორიგი საპარლამეტო არჩევნებისთვის კონსტიტუციით დადგენილ ვადებში მომზადება?
_ არა მგონია, ეს საკითხი საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტი იყოს. თუ კოალიციის ვერტიკალში ასე ჩათვლიან, დანარჩენი ტექნიკის საქმეა. ამის საჭიროება კი, მთებს იქით სულაც არ არის. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების და შეუსრულებელი დაპირებების ფონზე მოსახლეობის ნდობა მოქმედი მმართველი გუნდისადმი ყოველდღიურად იკლებს. რა თქმა უნდა, ბატონი ივანიშვილის მიმართ პიროვნული ნდობა ჯერ კიდევ მაღალია საზოგადოებაში, მაგრამ ესეც ხარჯვადი კრედიტია, რომელიც არავინ იცის რა მოცულობის იქნება 2016 წლის შემოდგომისთვის. თუ ხალხმა შიმშილი დაიწყო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ამას „ნაციონალებზე“ გადაღებული 200 სერიანი ფილმები ვეღარ უშველის. ამასთან, თუ დავაკვირდებით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება ქვეყანაში უკვე დაწყებულია. „პატრიოტთა ალიანსი“ მარტიდან პერმანენტულ აქციებს იწყებს. ალასიანია და „თავისუფალი დემოკრატები” სოფელ-სოფელ დადიან. ბურჯანაძე აქტიურობს. „ნაციონალები“ და „რუსთავი 2“, მიხეილ სააკაშვილის გუნდის დამარცხების მეორე დღიდან მუდმივად საარჩევნო რეჟიმში იმყოფებიან. ასე, რომ “რა იცი რა ხდებას” პრინციპით ყველა სამუშაო პროცესშია.
_ ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია?
_ ვამბობ, რომ მზადება დაწყებულია. დაინიშნება თუ არა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის საგარეო ფაქტორებზე და რუსეთის ინტერესებზეც. სამწუხაროდ, დღეს ისეთი რეალობაა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ და მმართველი კოალიციისგან გამოთავისუფლებულ ადგილებს პრორუსული ძალები დაიკავებენ, ეს კი საგარეო ვექტორების გადახედვას გამოიწვევს და საბოლოოდ დაასამარებს ჩვენი ქვეყნის ოცნებებს დასავლურ დემოკრატიაზე. ამ მხრივ მართლაც რთული წელი გველოდება.
_ თქვენ პრორუსული ძალების მოძლიერება ახსენეთ. რა შანსები აქვთ პროდასავლურ ძალებს? მოსალოდნელია თუ არა „თავისუფალი დემოკრატების“ გაერთიანება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სად იქნებიან ამ სიტუაციაში „რესპუბლიკელები“?
_ „რესპუბლიკელები“ სადაც არიან იქ დარჩებიან. ამაზე კომფორტულად ისინი დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ჯერ არ ყოფილან და ვფიქრობ ,ასეთ პოზიციებს იოლად არ დათმობენ. მით უფრო, დასავლური იმიჯის შესანარჩუნებლად „ოცნებისათვის“ ისინი სისხლხორცეულად არიან საჭირონი. რაც შეეხება ალასანიას გუნდს, დამოუკიდებელ თამაშში მათი შანსები პრაქტიკულად მიზერულია. ვფიქრობ, ისინი კოალიციურ ერთობაში შევლენ, თუმცა მათ გაერთიანებას „ნაციონალებთან” უფრო სკეპტიკურად შევხედავდი, ვიდრე ისევ „ოცნებასთან დაკავშირებას“. „ნაციონალებზე“ აღარაფერს ვამბობ, ამ კონფიგურაციაში ისინი საპარლამენტო ოპოზიციის ფლაგმანობას დაკარგავენ. ვნახოთ წინ მოვლენათა საინტერესო განვითარება გველის, თუმცა რამდენად წაადგება ქვეყანას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ამას დიდი ანალიტიკოსობა არ სჭირდება. ცალსახაა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაც უთუოდ მეტ პოლარიზაციას და დაპირისპირებას გამოიწვევს საზოგადოებაში, პირველ რიგში რუსეთს და მის სატელიტ პოლიტიკურ ძალებს აწყობთ. ვადამდელი არჩევნები იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი, როგორც კონსტიტუციურ ჭრილში, ისე ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით.