ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლემ პატიმრის მიერ მისთვის გამოგზავნილი წერილი წაიკითხა, რომელშიც ერთ-ერთი მსჯავრდებული ამტკიცებს, რომ ზურაბ ჟვანია თელავში მოკლეს.
წერილში აღნიშნულია, რომ შეხვედრას, რომელზეც ჟვანიას მკვლელობა მოხდა 11 პირი ესწრებოდა და 3 მათგანი ამჟამად მინისტრია.
პატიმრის განცხადებით, ის პირადად იყო ჟვანიასა და უსუპოვის მკვლელობის მომსწრე.
მისივე განცხადებით, აღნიშნულის შესახებ ვიდეოჩანაწერი ყოფილ მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს გადაეგზავნა.
როგორც მოსამართლე დავით მგელიაშვილი განმარტავს, პატიმარი ირწმუნება, რომ ის სააკაშვილის დროს მისი დაცვის წევრი იყო.
პატიმრის განცხადებით, ის მზად არის ჩვენების მისაცემად და თავის დროზე ეს ინფორმაცია კბილაშვილსაც მიაწოდა, თუმცა, ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.
ცნობისთვის, პატიმარმა აღნიშნული წერილი ციხიდან, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წელს გამოაგზავნა.
პროკურორი რევაზ ნადოი აცხადებს, რომ მსგავსი სახის წერილები პროკურატურაში ხშირად შედის და სასამართლო გადაუგზავნის პროკურატურას აღნიშნულ წერილს, რის შემდეგაც ის გადამოწმდება.