კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქარელის მუნიციპალიტეტში, ბერი კლდეების ნასახლარზე გადარჩენით არქეოლოგიურ სამუშაოებს ახორციელებს.
არქეოლოგთა ჯგუფს, რომელმაც სამუშაოები უკვე დაიწყო, იულონ გაგოშიძე ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, რომ ბერი კლდეები – შიდა ქართლში, მდინარე ფრონეს შესართავთან მდებარე უნიკალური ტერიტორიაა, რომელიც ჩინურმა კომპანიამ "ჩაინა ნუკლიარ ინდუსტრიმ“ (China Nuclar Indusrty 23 Constractionis) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობისას დააზიანა.
ყორღანები ისე განადგურდა, რომ ტერიტორია არქეოლოგებს არ შეუსწავლიათ. 4-მეტრიანი ბორცვიდან ბრინჯაოს ხანის უნიკალური არქეოლოგიური ნივთები გადმოცვივდა. ზოგიერთი ჭურჭელი დაზიანებას გადაურჩა, კიდევ უფრო ძველი ნივთები კი დამსხვრეულია.
ამის გამო, 2014 წლის ზაფხულში ჩინურ კომპანიას ადგილზე სამუშაოების წარმოების უფლება შეუჩერდა, მის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
კულტურის სამინისტროში ადასტურებდნენ, რომ ბერი კლდეების ტერიტორიაზე ლიცენზია უკანონოდ გაიცა, რადგან ჯერ არქეოლოგიურად უნდა შეესწავლათ ტერიტორია და შემდეგ დასკვნა კულტურის სამინისტროს უნდა მიეცა.
როგორც "გურია ნიუსს“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში უთხრეს, "ეროვნული სააგენტოს მთავარი მიზანია არ დაზიანდეს ბერი კლდეების ნამოსახლარი, სწორედ ამ მიზნით სააგენტომ სამუშაოები 2014 წლის ზაფხულში შეაჩერა, არქეოლოგიური სამუშაოები კი, გაზაფხულზე განახლდება“.
"ეროვნულმა სააგენტომ გადაუდებელი გადაწყვეტილება მიიღო, ბერი კლდეების ნამოსახლარი დააფინანსა არქეოლოგიური სამუშაობისთვის და სანამ მთლიანი ტერიტორია არ იქნება შესწავლილი არანაირი მიწის სამუშაოები არ ჩატარდება“, _ გვითხრეს ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში.
რაც შეეხება ჩინური კომპანიისთვის დაკისრებულ სანქციებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
"ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია საგამოძიებო უწყებისთვის არის გადაგზავნილი“ , _ აცხადებენ პრესსამსახურში.
ცნობისთვის, ბერკლდეებზე არქეოლოგიური სამუშაოები გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. 1990 წლამდე გათხრებს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია, ალექსანდრე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით აწარმოებდა.
ამჟამად კი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქარელის მუნიციპალიტეტში, ბერი კლდეების დასახლარზე გადარჩენით არქეოლოგიურ სამუშაოებს ახორციელებს.