თბილისის საქალაქო სასამართლო ჟვანიასა და იუსუპოვის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
საქალაქო სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების, მამუკა გვარამიასა და როსტომ ლაზარიას მიმართ პატიმრობის შეფარდების თაობაზე და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო თითოეულს 3000-3000 ლარის ოდენობით.
"მათ ბრალად ედებათ მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი და 369-ე მუხლის მესამე ნაწილი 2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით). სასამართლომ განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები და მიიჩნია, რომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულები წარსულში არ არიან ნასამართლევი, თავს არ არიდებენ საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში გამოცხადებას, აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავთ ოჯახები და მცირეწლოვანი შვილები. ამასთან, პროკურორის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული ყველაზე უფრო მკაცრი სახის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს გამოყენების პირობებშიც მიღწეულ იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები – კერძოდ, ბრალდებულების სათანადო ქცევა, მათი გამოცხადება სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოებში, ის, რომ ბრალდებულები არ მოახდენენ მტკიცებულებათა განადგურებას", _ ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2015 წლის 26 მარტს, 15:00 საათზე.